Facebook Twitter

საქმე №ა-1133-შ-29-2020 6 ივლისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „უ.ი.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ი.ს–ი" (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილება

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - შპს "ი.ს–ის" საბანკო საკორესპონდენციო ანგარიშზე ყადაღის დადება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „უ.ი–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) და შპს "ი.ს–ს" (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2017 წლის 7 სექტემბერს დაიდო №3-E/2017 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გამყიდველს მყიდველისთვის უნდა გადაეცა ინდაურის ხორცი (პროდუქცია), იმ ასორტიმენტით, რაოდენობითა და ფასით, რაც მითითებული იყო სერთიფიკაციაში (ინვოისში), ხოლო მყიდველს უნდა გადაეხადა საფასური.

2. ხელშეკრულების საერთო თანხა განისაზღვრებოდა, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულებით, ინვოისებში და ხელშეკრულებაზე დამატებითი შეთანხმებით დადგენილი ფასების შესაბამისად პროდუქციის ყოველი ცალკეული პარტიისათვის, რაც შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს.

3. პროდუქციის ღირებულების გადახდა ხდებოდა შემდეგი სახით:

3.1. მყიდველს, აშშ დოლარში, გამყიდველის ანგარიშზე უნდა გადაერიცხა პროდუქციის საფასური, დათქმულ ნაწილებად, კვირაში ერთხელ, პროდუქციის მიღებიდან 7 დღის შემდეგ;

3.2. გადახდის თარიღად ჩაითვლებოდა ინვოისის თანხიდან 100% ფულადი სახსრების გადარიცხვის თარიღი;

3.3. მხარეთა შორის, 2017 წლის 26 სექტემბრის №1 დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, ინვოისის მიხედვით, მყიდველს, პროდუქციის მიღების შემდეგ, გამყიდველის ანგარიშზე ყოველ პარასკევს უნდა გადაერიცხა 7 000 აშშ დოლარი 7 (შვიდი) კვირის განმავლობაში, ინვოისის საბოლოო გადახდა უნდა მომხდარიყო მე-8 (მერვე) კვირაში;

4. გამყიდველი გარანტიას იძლეოდა, რომ პროდუქცია შეესაბამებოდა მწარმოებელი ქვეყნის სტანდარტებს, რაც დასტურდებოდა წარმოშობის სერტიფიკატით.

5. ხელშეკრულების თანახმად პროდუქცაზე საკუთრების უფლება და მისი შემთხვევით დაღუპვის რისკი მყიდველზე გადადიოდა პროდუქციის მყიდველზე ან მის მინდობილი პირის განკარგულებაში გადაცემის მომენტიდან.

6. გამყიდველი მყიდველს აწვდიდა პროდუქციას, ინვოისში აღნიშნული FCA პირობებით - ჩერნოვეცი, ტერმინების განმარტების თაობაზე საერთაშორისო წესების „ინკოტერმს“ 2010 შესაბამისად.

7. გამყიდველმა, 2017 წლის 26 ოქტომბრის №001 ინვოისის თანახმად მყიდველს გაუგზავნა 65 389.87 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.

8. მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ, მყიდველმა მოსარჩელეს 2017 წელს გადაურიცხა - 3 000 აშშ დოლარი, 2017 წლის 22 დეკემბერს - 2 000 აშშ დოლარი, ჯამში - 5 000 აშშ დოლარი.

9. მიუხედავად ანგარიშსწორების ვადების ამოწურვისა და მყიდველის საგარანტიო წერილისა, რომ 2018 წლის 15 აპრილამდე დაფარავდა დარჩენილ დავალიანებას - 60 389.87 აშშ დოლარს, მოპასუხეს დავალიანება არ გადაუხდია.

10. მხარეთა შორის გაფორმებული №2 შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით პროდუქციის საფასურის გადახდა განხორციელდებოდა მყიდველის მიერ თანხის გადარიცხვის გზით, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ 2018 წლის 26 ივნისამდე, ხოლო №3 შეთანხმების საფუძველზე შეწყდა №1 და №2 დამატებითი შეთანხმებების მოქმედება.

11. უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება), სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 60 389.87 აშშ დოლარი, გაღებული ხარჯები და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 3 692.40 აშშ დოლარი, ჯამში 64 082.27 აშშ დოლარი.

12. გამყიდველის წარმომადგენელმა, 2020 წლის 9 მარტს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით, მოითოხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

13. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში, და უკრაინაში ვერ აღსრულდება, ვინაიდან მოპასუხეს ქონება საქართველოში აქვს.

14. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა, მოწინააღმდეგე მხარის საბანკო აგარიშზე (CARTU BANK JSC GE12CR0000009431953612) ყადაღის დადება.

15. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით მოპასუხე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგაც არ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს. არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება შეუძლებელი იქნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო შუამდგომლობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციის (შემდეგში: კონვენცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კონვენცია გამოიყენება ინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, და გამოტანილია ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. იგი გამოიყენება აგრეთვე იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა მიმართ, რომლებიც არ ითვლება იმ სახელმწიფოს ადგილობრივ გადაწყვეტილებებად, სადაც მოითხოვება მათი ცნობა და აღსრულება. კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია ცნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონედ და აღასრულოს ისინი იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმების შესაბამისად, სადაც მოითხოვება ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემულ მუხლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით. დაუშვებელია იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, დაწესებულ იქნას არსებითად უფრო რთული პირობები ან უფრო მაღალი გადასახადი ან სახელმწიფო ბაჟი, ვიდრე დაწესებულია ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულებისათვის.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს(იხ. სუსგ №ა-3338-შ-89-2013, 5 მაისი, 2014 წელი).

18. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

20. სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

21. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, ან, საჭიროებისამებრ, მხარეებმა მოითხოვონ ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

22. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

23. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

24. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა, აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (შდრ. სუსგ ას-178-178-2018, 05.02.18 წ.).

25. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა (შდრ. სუსგ ას-239-239-2016, 13.05.16 წ.).

26. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.

28. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (სუსგ №ას-449-431-2016, 2016 წლის 7 ივლისი).

30. შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ქონების გასხვისების საშიშროებით, რაც ხელს შეუშლის აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას (შდრ. სუსგ ა-3226-შ-82-2017, 14.11.17 წ.).

31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

32. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

33. თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

34. სსსკ-ის 198.1-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხს სასამართლო წყვეტს იმის მიხედვით, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. საქმის გარემოებების და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც ამგვარი შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის პირველი და მესამე მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 191-ე, 193-ე, 198-ე, 271-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „უ.ი–ის“ შუამდგომლობა, უკრაინის სამრეწველო-სავაჭრო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის #158/2018 გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ყადაღა დაედოს შპს "ი.ს–ის" (ს/კ ......) საბანკო საკორესპონდენციო ანგარიშს - CARTU BANK JSC GE12CR0000009431953612, დავის საგნის ღირებულების 64 082,27 აშშ დოლარის ფარგლებში;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე