საქმე №ას-1833-2019 17 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საჩივრის ავტორი - შპს „ზ. ს–ო“ (მოსარჩელე)
II საჩივრის ავტორი - შპს „ჩ.რ.....ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება
საჩივრების ავტორების მოთხოვნა - მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ზ“-ს (შემდგომში „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „პირველი საჩივრის ავტორი“) სარჩელი შპს „ჩ.რ....ბ.ჯ–ის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მეორე საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 265 346.14 ლარის გადახდა.
2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
3. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ წარადგინა განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხულ ორ უძრავ ქონებაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და ს–ოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული ორი უძრავი ნივთისა (მდებარე: ხაშურის რაიონი, სოფელი ....... (ს/კ ......) და ხარაგაულის რაიონი, სოფელი ....... (ს/კ ......)) და 237 ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისება და იპოთეკით (გირავნობით) დატვირთვა; მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღების მოთხოვნის ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 271-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისათვის უძრავ-მოძრავი ნივთების გასხვისების, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა გამორიცხავს იმ საფრთხის არსებობას, რომელზეც განმცხადებელი მიუთითებს, ანუ არ არის აუცილებელი ნივთებზე ყადაღის დადება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ს–ოს კანონის 40.1 და 63.11 მუხლებზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ ყადაღის დადების შემთხვევაში, მესაკუთრის უფლება მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც ბუნებრივია ვერ განიხილება პროპორციული და თანაზომიერი აკრძალვის დაწესებად, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, დაზღვეული უნდა იყოს ის რისკები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს გადაწყვეტილების აღსრულებას ან გაართულოს მისი აღსრულება. ამგვარი რისკის დაზღვევა კი, შესაძლებელია ნივთების გასხვისების, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვით. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადებამ, შესაძლოა დააზარალოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი.
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მართალია, უზრუნველყოფის საგნად შერჩეულია 2 უძრავი ნივთი და 237 სატრანსპორტო საშუალება, თუმცა მათი რაოდენობა ამ ეტაპზე ვერ შეაფერხებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის საგნად შერჩეული ნივთების ნაწილზე რეგისტრირებულია ყადაღა/აკრძალვა (უფლებრივი შეზღუდვა), ხოლო 86 სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ უძრავ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2012 წელს და ხელშეკრულების დადების დროისთვის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნასყიდობის ფასი არ ასახავს უძრავი ნივთების რეალურ საბაზრო ღირებულებას (მით უფრო, იმ პირობებში, როცა უცნობია ნივთების ამჟამდინდელი მდგომარეობა). ამიტომ, ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე ჩინეთში დაფუძნებულია კომპანიაა, არ ცვლის საქმის არსს, რადგან ს–ოში მოპასუხის კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონების არარსებობით არ გამოირიცხება სხვა ქვეყანაში ქონების ფლობა მოწინააღმდეგე მხარის მიერ, რომელსაც არ ძალუძს კრედიტორის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ღონისძიების (უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით/გირავნობით დატვირთვის აკრძალვა) გამოყენებით დაცული იქნება მხარეთა ინტერესი და მიიღწევა გადაწყვეტილების აღსრულების მიზანი.
8. რაც შეეხება მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი დაკმაყოფილებით არათუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შესაძლოა ხელი შეეშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის, გადახდისუნარიანობას და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. ანგარიშებზე ყადაღის დადებით შესაძლოა ისე შეფერხდეს მეწარმის საქმიანობა, რომ მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვერც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ს–ოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით ვეღარ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ანგარიშზე ყადაღის დადება დაუშვებელია.
9. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გამოყენების საფუძვლები და შედეგები განსხვავებულია. კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას და ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში დადებული აქვთ ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან. შესაბამისად, გააჩნიათ ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი, ანგარიშსწორებას ახორციელებენ უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვებით). ასევე, მეწარმე სუბიექტს გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, საწარმოებში დასაქმებულნი არიან მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც იღებენ შესაბამის ანაზღაურებას. ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით კი, ორგანიზაციებს აეკრძალებათ ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სამეწარმეო საქმიანობას და, ფაქტობრივად, გამოიწვიოს საწარმოს პარალიზება. ანგარიშების დაყადაღებით იქმნება რეალური საფრთხე, რომ საწარმო ვერ გადაიხდის გადასახადებს, ვერ შეასრულებს სხვა საწარმოებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ასევე, შეიზღუდება საწარმოში დასაქმებულ პირთა შრომითი და სოციალური უფლებები და შესაძლოა იურიდიული პირი დადგეს გაკოტრების საფრთხის წინაშე.
10. ამგვარი მსჯელობის პირობებში, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ მოპასუხე ს–ოში ახორციელებს თბილისის რკინიგზის შემოვლითი პროექტის სამუშაოებს, რაც ცალსახად ადასტურებს ზემოხსენებული სახის ვალდებულებების არსებობას.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა განცხადების დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე მიუთითა, რომ თუ სააპელაციო სასამართლო მაინც მიიჩნევდა მოპასუხის ქონებაზე აკრძალვის არსებობის აუცილებლობას, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა დაეტოვებინა მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ხაშურის რაიონი, სოფ. ....... (ს/კ: .....), რომლის ღირებულებაც სავსებით საკმარისი იქნებოდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
12. პირველი საჩივრის ავტორის განცხადებით, მართალია, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება ზოგადად უნდა ემსახურებოდეს არა მოპასუხის დასჯას, არამედ მისთვის გადამეტებული ზიანის მიყენებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ისეთი ვითარება, როდესაც მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება არათანაზომიერი/არაპროპორციულია. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე ს–ოში ფლობს ორ უძრავ ქონებას, ხოლო მათზე რეგისტრირებული სხვა შეზღუდვების გათვალისწინებით ქონების საბაზრო ღირებულება მოპასუხის დავალიანების 3%-საც კი ვერ უზრუნველყოფს, ამასთან, განცხადებაში ჩამოთვლილი 237 სატრანსპორტო საშუალების უმეტესობა ამორტიზებულია და მათი ღირებულება უკიდურესად დაბალია, ნაწილი კი დაყადაღებულია, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით არსებობდა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
13. მეორე საჩივრის ავტორმა მიუთითა შემდეგი:
13.1. სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განცხადებაში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ღირებულება რამდენიმეჯერ აღემატება სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობას. კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა 2 265 346.14 ლარის გადახდა, ხოლო მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება დაახლოებით 22 მილიონი ლარია;
13.2. სასამართლომ დააყადაღა მოპასუხის მთლიანი უძრავ-მოძრავი ქონება, რითაც წაართვა მას სახელმწიფო ტენდერებში სისტემატურად მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს კი შეაფერხებს კომპანიის სამეწარმეო საქმიანობას და მატერიალურ ზიანს მიაყენებს მას. მოპასუხე მითითებულ ქონებას ვეღარ განკარგავს სრულყოფილად, ვეღარ მიიღებს საბანკო გარანტიებს და ხელი შეეშლება საშენი მასალებისა და სხვა მოწყობილობების შეძენაში, რაც, საბოლოოდ გამოიწვევს უკვე არსებული კონტრაქტების დარღვევას და სერიოზულ ზარალს მოუტანს კომპანიას;
13.3. განმცხადებელს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეუძლია აანაზღაუროს სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა, შესაბამისად არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების საშიშროება;
13.4. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილია არასათანადო მოპასუხის მიმართ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს მოპასუხედ უნდა მიეთითებინა არა შპს „ჩ.რ....ბ–ოს მუდმივმოქმედი ფილიალი“, არამედ შპს „ჩ.რ....ბ.ჯ–ი“, რომელსაც მოპასუხეზე გაცილებით მეტი ქონება გააჩნია.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ს–ოს უზენაეს სასამართლოში.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და გასხვისებისა და გირავნობით დატვირთვის აკრძალვა მოეხსნა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ 237 ავტოსატრანსპორტო საშუალებას; მოპასუხის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზარალის (ზიანის) უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში მოპასუხის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და გადმოიგზავნა ს–ოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრების საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. განსახილველ დავაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 265 346.14 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცველი დარჩა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისისა და სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებებით.
19. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების კანონიერება. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებას მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და მიიჩნევს, რომ გარდა მოპასუხის უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით/გირავნობით დატვირთვის აკრძალვისა, სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა უზრუნველყოფის ის ღონისძიება, რომელიც მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას ითვალისწინებდა. მოპასუხის საჩივრის ფარგლებში კი შესაფასებელია განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების - მოპასუხის კუთვნილი ორი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის კანონიერება.
20. საკასაციო პალატა საჩივრების ავტორთა პრეტენზიებს განიხილავს ცალ-ცალკე.
21. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (იხ. ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „ს–ოს მოქალაქე გიორგი უგულავა ს–ოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
22. იმისათვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს (იხ. ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „ს–ოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე ს–ოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო − დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. ს–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) ს–ოს პარლამენტის წინააღმდეგ"., II-4).
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
24. ამასთან, კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს, მართალია, მოსარჩელეს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. ამასთან, მიუხედავად შუამდგომლობის ავტორის მითითებისა, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭიროა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, იგი არაა შეზღუდული, თავად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნება უფრო ეფექტური. აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა კი სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1185-1114-2012, 13.11.2012წ., საქმე №ას-1227-1156-2012, 08.11.2012წ).
25. უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით განმარტებულია, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რადგან იმთავითვე პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას, იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის, (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.
26. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები მოპასუხის ორი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვით აკრძალვის შესახებ სავსებით უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიებების მიზანს და საჭირო აღარ არის დამატებითი ღონისძიების - მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გამოყენება. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 2 265 346.14 ლარის გადახდა, ხოლო იმ ორი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომელთა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვაც დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, აღემატება აღნიშნულ თანხას (იხ. უძრავი ქონების შეფასების შესახებ 2019 წლის 15 სექტემბრის #05/129 საექსპერტო დასკვნა, ტ. 3. ს.ფ 41-42; 2012 წლის 28 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება; ტ. 3. ს.ფ 176-198).
27. რაც შეეხება მეორე საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომელიც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების - მოპასუხის კუთვნილი ორი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის კანონიერებას ეხება, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხაშურის რ-ნის სოფელ .......ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ......) საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 907 914 აშშ დოლარს შეადგენს. ხარაგაულის რაიონის, სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ .....) ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ ქონება მოპასუხემ შეიძინა 5000 ლარად. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მხოლოდ ერთი უძრავი ნივთის (სოფ. .......ში მდებარე ქონების) საბაზრო ღირებულება აღემატება დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას (ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშებით მითითებული ქონების ღირებულება 2 687 425 ლარს შეადგენს (2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 907 914 აშშ დოლარი = 2 687 425 ლარს), სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მოპასუხეს დაკისრებული აქვს 2 265 346.14 ლარს გადახდა), თუმცა ვინაიდან საქმის მასალებში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია სხვადასხვა კრედიტორთა ვალდებულებები (იხ. ტ. 3. ს.ფ 39), საკასაციო სასამართლო საფუძლიანად მიიჩნევს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთი ქონების ღირებულება შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
28. მომჩივნის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ არ არსებობს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების საშიშროება და იგი ყოველთვის მზადაა გადაიხადოს დაკისრებული თანხა, საფუძვლად ვერ დაედება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. მოვალის ამგვარი პოზიცია, მართალია, პატივსაცემია, თუმცა, განმცხადებლის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს უფლებაა და, იმავდროულად, ვალდებულებაც ლეგიტიმურ საფუძველზე და გონივრულ ფარგლებში გამოიყენოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება [სსსკ-ის 271-ე, 191-ე 198-ე მუხლები] (იხ. სუსგ საქმე №ას-450-422-2017, 11 აპრილი, 2017 წელი).
29. დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო საჩივრის ავტორის ის პრეტენზიაც, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნა წარდგენილია არასათანადო მხარის (არასათანადო მოპასუხის) მიმართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საწარმოს ფილიალი არ წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს, იგი ძირითადი საწარმოს წარმომადგენლობაა და არ გააჩნია განცალკევებული ქონება, ეს კი გამორიცხავს მომჩივნის იმ მოსაზრების საფუძვლიანობას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია სხვა პირის ქონებაზე.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიებები მოთხოვნის პროპორციულია, გამოყენებულია კანონით განსაზღვრული თანაზომიერების პრინციპის დაცვით და სრულად შეესაბამება იმ მიზანს, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ზ. ს–ოსა“ და შპს „ჩ.რ.....ბ.ჯ–ის“ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ზამბახიძე
ვ. კაკაბაძე