№ას-1464-2019 31 მარტი, 2020 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „მ.რ.ე–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.ბათუმში, შ.ი–ძის პირველი შესახვევის #6ბ-ში მდებარე ფართი (შემდეგში უძრავი ქონება) შპს მ.„რ.ე–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, ორგანიზაცია) საკუთრებაა და ფლობს შ.მ–ძე (შემდეგში: მოპასუხე, მფლობელი, კასატორი).
2. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მფლობელის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების თაობაზე. მან განმარტა, რომ უძრავი ქონება აუქციონზე შეიძინა და მოპასუხეს მისი ფლობის რაიმე საფუძველი არ გააჩნდა, ამიტომ უძრავ ქონებაზე მოპასუხის მფლობელობა უნდა შეწყვეტილიყო.
3. მფლობელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მას მოსარჩელის მიმართ დავალიანება ჰქონდა, რის გამოც უძრავი ქონება ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა. მიუხედავად იმისა, რომ მან დავალიანებაზე მეტი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა, მესაკუთრემ მის მიღებაზე უარი თქვა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და იგი მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა. გადაწყვეტილება დაემყარა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის #1 დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170.1, 172.1, 311.1, 312.1 მუხლებს.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად დაკმაყოფილდა. ის გარემოება, რომ მოპასუხე უძრავი ქონების ადრინდელი მესაკუთრე იყო, ვერ აქცევდა მას სსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მართლზომიერ მფლობელად, რადგან ამ ქონებაზე უფლება სამართლებრივად დაკარგული ჰქონდა.
5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის პოზიცია არასწორია, იგი ცდილობს, 15 000 აშშ დოლარის ვალის სანაცვლოდ მიიღოს 70 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავი ქონება, მაშინ, როცა მოპასუხე თანახმაა, ამ ვალზე უფრო მეტი - 30 000 აშშ დოლარი გადაუხადოს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
12. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
14. საკასაციო საჩივრის ის არგუმენტი, რომ მოსარჩელე ცდილობს, 15 000 აშშ დოლარის ვალის სანაცვლოდ, 70 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავი ქონება მიიღოს, მაშინ, როცა მოპასუხე თანახმაა, ამ ვალზე უფრო მეტი გადაუხადოს, მოცემული დავისათვის გამოუსადეგარია. ამ გარემოებაზე მითითებით არ იცვლება ის ფაქტი, რომ დღეისათვის უძრავი ქონების მესაკუთრე სწორედ მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხე ამ ქონებას არამართლზომიერად ფლობს. თუკი უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობამდე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ კანონი დაარღვია და საკუთრების უფლება არასწორად მოიპოვა, ეს საკითხი მოცემული დავის ფარგლებში ვერ განიხილება. როგორც აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა. სანივთო უფლება - საკუთრება ვლინდება საჯარო რეესტრიდან, შესაბამისად, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი. ამასთან, რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მისი უზუსტობა. რეესტრში რეგისტრირებული უფლება შეესაბამება თუ არა ამ უფლების ნამდვილ შინაარს, ამაზე მოპასუხეს შეუძლია, სადავო ქონებაზე მესაკუთრის უფლების წარმოშობის მართლზომიერებაზე დამოუკიდებელი სარჩელით იდავოს.
15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლის გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-363-2019, 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს რ.ჩ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შ.მ–ძეს დაუბრუნდეს რ.ჩ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი - 18/10/2019) 70% – 105.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი