№ას-771-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ–ა“
მეორე კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.მ–ის“ პარტნიორი გ.ბ–ი
მესამე კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფ–ი“, შპს „ო.პ.ჯ–ა“
მეოთხე კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.მ–ის“ პარტნიორი ა.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმისწარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით შპს ,,ფ–ისა“ და შპს ,,ო.პ.ჯ–ას“ (შემდეგში - კრედიტორები) განცხადება მოვალე შპს ,,ჯ.მ–ის“ (შემდეგში - მოვალე, მეიჯარე) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებული იქნა წარმოებაში და მოვალის მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
2. შპს ,,რ–ამ“ (შემდეგში - მოიჯარე), მოვალე საზოგადოების პარტნიორებმა - გ.ბ–მა და ა.კ–მა (შემდეგში - საზოგადოების პარტნიორები) და კრედიტორებმა (შემდეგში ასევე ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც განმცხადებლები, კერძო საჩივრის ავტორები) მოითხოვეს სასამართლოს თანხმობა მეიჯარესა და მოიჯარეს შორის საიჯარო ურთიერთობის გაგრძელებაზე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის ვადით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ოქტომბრის N5006840318 დასკვნით დადგენილი ქირის გათვალისწინებით, რომელიც წლიურად შეადგენდა 158 415 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით განმცხადებლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით მეიჯარის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით მეიჯარის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებები და მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რომლითაც განცხადება მოიჯარესა და მეიჯარეს შორის დადებული 2018 წლის 11 იანვრის იჯარის ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. 2019 წლის 4 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს საზოგადოების პარტნიორებმა, საზოგადოების კრედიტორებმა, მოიჯარემ და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. აღნიშნული განჩინება განმცხადებლებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
7.1. მოიჯარის კერძო საჩივრის პრეტენზიის მიხედვით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სასამართლომ არ მიიჩნია ახალ მტკიცებულებებად, რამდენადაც ისინი დათრიღებულია 2019 წლის 6 და 20 მარტით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ განჩინება ამავე წლის 20 თებერვალს მიიღო. სასამართლოს ეს მსჯელობა არ შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც პალატამ განჩინება 20 თებერვლით დაათარიღა, რეალურად კი, მხარეს 3 აპრილს ჩაბარდა, შესაბამისად მხარისათვის შედეგი ამ დროს გხდა ცნობილი. ამდენად, 2019 წლის 6 და 20 მარტით დათარიღებული მტკიცებულებები სასმართლოს უნდა შეეფასებინა როგორც ახალი მტკიცებულებები.
7.2. კრედიტორთა კერძო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ უფრო გვიან მიღებული განჩინება 20 თებერვლით დაათარიღა და ამ თარიღიდან 44 დღის დაგვიანებით გადასცა მხარეებს.
სასამართლომ უნდა განმარტოს თუ საიჯარო ურთიერთობა ემსახურება სამეურვეო ქონების დაცვას და ყველა მიმდინარე გასავლის დაფარვის შესაძლებლობას, რატომ უნდა შეწყდეს ის სხვა ალტერნატიული ან უკეთესი შემოთავაზების არარსებობის პირობებში. ფაქტია, რომ განჩინების გამოტანის დროისათვის მოვალეს სასამართლოსათვის საწარმოს ამუშავებასთან დაკავშირებული მტკიცებულება არ წარუდგენია.
სასამართლომ ფაქტები, რომელიც წარდგენილ მტკიცებულებებს უნდა დაედასტურებინა, არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად. აღნიშნული კი, მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლო არ იცნობს გადახდისუუნარობის საქმეში არსებულ აუდიტორულ დასკვნებს მოვალის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს განვლილი პერიოდის მოვალის მოგება-ზარალის შესახებ ინფორმაციას და არც ახალ მტკიცებულებებს იღებს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოვალეს არ შესწევს უნარი აამუშაოს წარმოება.
სასამართლომ არც მემორანდუმებზე იმსჯელა, რომლებიც ვერ აღსრულედება. ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმებულია მემორანდუმი, საერთოდ არ ოპერირებს ბაზარზე, მეორის ქონებაზე კი, საგადასახადო გირავნობა იპოთეკა მოქმედებს, მოძრავი ქონება დაყადაღებულია. მემორანდუმებით შეუძლებელია მათი ფინანსური ნაწილის შესწავლა და ა.შ.
7.3. პარტნიორების კერძო საჩივრის მიხედვით, კომპანიის დირექტორის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროში წარდგენილი დოკუმენტები არაა საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ კომპანია შეძლებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას. მას აღარ ჰყავს არცერთი თანამშრომელი. დირექტორმა მიუთითა, რომ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა გააფორმოს გარიგებები, რომლებიც კომპანიას მოუტანს 600 000 ლარიდან 650 000 ლარამდე მოგებას, აღნიშნულზე ყურადღება სააპელაციო სასამართლომაც გაამახვილა, მაშინ როდესაც, დირექტორს ამ ფაქტის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტით კომპანია წელიწადში 429 020 ლარით დაზარალდება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
9. განმცხადებლებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის- წარმოების განახლება მოითხოვეს. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ( №2/8/765) 2019 წლის 30 აპრილიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას. შესაბამისად, ასეთი საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით დაუშვებელია.
11. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმება შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, მაინც არ იარსებებდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც: ა. არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას; ბ. ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; დ. ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ე. და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძველი კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და, მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს საქმისწარმოების დასრულებამდე ჰქონდა (შდრ. სუსგ.#ას-609-576-2015, 28.12.2015წ). ამასთან წარდგენილი მტკიცებულებები განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას უნდა იწვევდეს. თუკი ახალი გარემოება თუ მტკიცებულება, მისი წარდგენის შემთხვევაშიც არაფერს შეცვლიდა, საქმისწარმოება არ უნდა განახლდეს.
13. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნის ფარგლებში, განმცხადებლების მიზანს წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მეიჯარესათვის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება ზიანის მომტანი არ იქნებოდა, შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება არ უნდა შეწყვეტილიყო. მათ აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინეს მეიჯარის დირექტორის წერილი, სხვა კომპანიებთან გაფორმებული მემორანდუმები, ასევე, 2016-2017 წლებში მოვალე საწარმოს ბრუნვის მონაცემები.
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ეს დოკუმენტები არ წარმოადგენს ახალ მტკიცებულებებს, რამდენადაც ამ მტკიცებულებათა ნაწილი შექმნილია გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ, ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომელიც მოვალე საწარმოს 2016-2017 წლების ბრუნვის მონაცემებს ასახავს, მათი ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებებად შეფასება ასევე დაუშვებელია, რამდენადაც, ისინი არ არის დოკუმენტები, რომელთა შესახებაც განმცხადებლებისათვის (მით უმეტეს, რომ ორი მათგანი მოვალე საწარმოს პარტნიორია), უცნობი იყო და მხოლოდ კერძო საჩივარზე განჩინების მიღების შემდგომ გახდა ცნობილი.
15. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნასაც, რომ მითითებული მტკიცებულებები თავის დროზეც რომ ყოფილიყო წარდგენილი, განმცხადებელთათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას მაინც არ გამოიწვევდა. მხარეები არ დავობენ, რომ იჯარის ხელშეკრულება ვადიანი იყო და შეწყდა ვადის გასვლის გამო (ხელშეკრულების მიხედვით, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ბოლო 3 თვის განმავლობაში მხარეები წერილობით არ აცნობებდნენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მაშინ საიჯარო ვადა გაგრძელდებოდა 10 თვით. დათქმა ეხებოდა ყოველი ვადის გასვლას). მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ კომპანიისათვის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება აღარ იყო მიზანშეწონილი, რაც გაიზიარა როგორც სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ისე სასამართლომ (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სასამართლოს მიერ ხელშეკრულების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა განაპირობა კომპანიის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყებამ („გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი (კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას) განამტკიცებს, ხელშეკრულების დადების თავისუფლებასაც მოიცავს, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს ხელშეკრულების დადებაზე უარს, კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლებას და სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე უარსაც (შესაბამისი წინაპირობების არსებობისას).
17. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ვადის ამოწურვით შეწყდა, ამასთან, არ ვლინდება იძულებითი კონტრაჰირების სსკ-ის 319-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები. იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში) გათვალისწინებული შემთხვევა, განმცხადებლების მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები თავის დროზეც რომ ყოფილიყო წარდგენილი, იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნა მაინც უსაფუძვლო იქნებოდა, შესაბამისად, მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას არ გამოიწვევდა.
18. ამრიგად, როგორც აღინიშნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ სსსკ-ის 423-ე მუხლით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით დაუშვებელია. ვინაიდან წარდგენილი განცხადება საქმისწარმოების განახლების შესახებ სწორედ ამ საფუძველს ემყარება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ–ის“, შპს „ჯ.მ–ის“ პარტნიორ გ.ბ–ის, შპს „ფ–ის“, შპს „ო.პ.ჯ–ასა“ და შპს „ჯ.მ–ის“ პარტნიორ ა.კ–ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი