Facebook Twitter

საქმე №ას-848-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ე.წ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) – შპს „ჯ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 2 მარტს ე.წ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შპს „ჯ–ის“ (შემდეგში პირველი მოპასუხე), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში მეორე მოპასუხე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა (შემდეგში მესამე მოპასუხე) და შპს „ს.წ–ის“ (შემდეგში მეოთხე მოპასუხე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების თაობაზე.

2. 2016 წლის 2 მარტს მოსარჩელემ სასამართლოში განცხადება შეიტანა და ითხოვა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, ჭიათურის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავ ქონებაზე (შემდეგში უძრავ ქონებაზე) ყადაღის დადება სასამართლოში დავის საბოლოოდ დასრულებამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა.

4. ხსენებული განჩინება პირველმა მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელის მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. დასახელებულ ნაწილში სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.

6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინება გაუქმდა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა; პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება ყადაღისგან გათავისუფლდა.

8. 2018 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება განუხილველად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სასამართლოს განჩინების გაუქმების შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული.

10. ზემომითითებული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

12. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა, გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

13. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ. 15.11.2019წ., საქმეზე Nას-1455-2019).

14. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა და ყადაღისგან გათავისუფლდა პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 11 მაისის განჩინება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ობიექტს. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, საქმის წარმოების შეწყვეტისა და განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება, იყოს საქმის განახლების მიზნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (სუსგ. 10.09.2015წ., საქმეზე Nა-1222-ბ-10-2015). შესაბამისად, თუ განჩინებით არ სრულდება საქმის განხილვა, იგი არ განეკუთვნება იმ განჩინებათა რიგს, რომლის ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დასაშვებია (შდრ. იხ.: სუსგ. 30.05.2011წ., საქმეზე Nას-543-513-2011).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განჩინების გაუქმების თაობაზე მართებულად დატოვა განუხილველად.

18. სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი