Facebook Twitter

საქმე №ას-100-100-2018 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ზ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „კ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „კ.ბ–მა“ (შემდეგში მოსარჩელე) სესხის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა ზ.გ–ძის (პირველი მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი), დ.კ–ძის, ჯ.ყ–ის, თ.ქ–ძისა და ი.გ–ძის (შემდეგში მოპასუხეები) მიმართ.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეთა მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო, რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით.

7. 2018 წლის 6 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას განაპირობებდა. ამ მტკიცებულებით დასტურდება, რომ განმცხადებლის მიერ სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობა გამოიწვია ვინმე თ.ნ–ის მოქმედებამ, კერძოდ, ამ უკანასკნელმა იგი მოატყუა, როცა უთხრა, რომ, მოსამართლეების შვებულებაში ყოფნის გამო, შესაგებლის წარდგენა ჯერ საჭირო არ იყო.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით აპელანტის განცხადება განუხილველად დარჩა.

8.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 424-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესი დაირღვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლო არ წარმოადგენდა განსჯად სასამართლოს და განმცხადებელს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების თაობაზე უნდა მიემართა გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის.

9. ზემოაღნიშნულ განჩინებას აპელანტი კერძო საჩივრით ასაჩივრებს და ამ განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება მისთვის გაუგებარია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ დაარღვია განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი განსჯადობის მოთხოვნები.

12. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა, შესაძლოა, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.

13. სსსკ-ის 427.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე. კანონის აღნიშნული მოთხოვნა ხაზს უსვამს განცხადების განსჯად სასამართლოში შეტანის პროცესუალურ მნიშვნელობას და განპირობებულია იმითაც, რომ განმცხადებელმა სრულად გაიაზროს, თუ რომელ სასამართლო ინსტანციას მიმართოს განცხადებით და დაასაბუთოს თავისი მოსაზრების მართებულობა.

14. სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

15. საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე. ზოგადად ამ ტიპის განცხადება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გაუქმებას ან ბათილად ცნობას კანონმდებლობით ზუსტად დადგენილი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, განცხადება სწორედ ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში უნდა იქნეს შეტანილი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ზემდგომი სასამართლოს განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადება შეიტანება სასამართლო გადაწყვეტილების და არა განჩინების მიმღებ სასამართლო ინსტანციაში, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისას და მხარის სასარჩელო განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგენისას სასამართლოს დასკვნები ჩამოყალიბდება სწორედ გადაწყვეტილების სახით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 424.2 მუხლზე და დამატებით განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

16. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნაა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება. განმცხადებელს მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი, რომ მისი მოთხოვნა სწორედ ამ გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებაა. შესაბამისად, განცხადების ძირითადი პრეტენზიაც სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართაა. როგორც აღინიშნა, ზემდგომი სასამართლო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუ მან თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შედეგი. განსახილველ შემთხვევაში კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუუქმებია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება, როგორც განსჯადობის წესის დარღვევით შეტანილი, მართებულად დატოვა განუხილველად სსსკ-ის 186.1 „ე“ მუხლის (მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის) საფუძველზე.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი