საქმე №ას-250-2020 20 ივლისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.ზ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 10.02.2017წ. გადაწყვეტილებით, სს „ს–ის“ სასარჩელო მოთხოვნა ა.ზ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის - 5552.17 ლარის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს (მის წარმომადგენელს) ჩაბარდა 2019 წლის 18 დეკემბერს, მისთვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 19 დეკემბერს, ამოიწურა 2019 წლის 23 დეკემბერს, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
9. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ორჯერ გაეგზავნა საქმეში არსებულ მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. გორი, ......, 32-ე ქ. #21 (ტ.1, ს.ფ.45) , თუმცა ადრესატს ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ მისამართზე არავინ იყო (ტ.2, ს.ფ.39-44).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.06.2020წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება (ტ.2, ს.ფ.45,46).
11. საქმეში წარმოდგენილია შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკის მომართვა საქმეზე ას-250-2020 და მასზე დართული ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ 2020 წლის 23 ივნისს მოპასუხის დედამ ნ.პ–მა ჩაიბარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე თავის შვილზე - კერძო საჩივრის ავტორზე გადასაცემად (ტ.2, ს.ფ.49-52).
12. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლო გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. შესაბამისად, გზავნილი ითვლება ადრესატზე ჩაბარებულად.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
14. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 24 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივნისს (ხარვეზის შევსების ბოლო დღე (28 ივნისი) იყო კვირა). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 29 ივნისის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1588-2019, 9 ივნისი, 2020 წელი; №ას-1204-2019, 30 მარტი, 2020 წელი; №ას-240-2020, 13 აპრილი, 2020 წელი).
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ზ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე