Facebook Twitter

№ას-137-2020 13 ივლისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ჭ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ე.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე ქ. რუსთავი, ......., ს/კ-ით ......, გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: 29.11.2019წ. განჩინება, ს.ფ.150-160). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ. 177-179).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადა მის შესავსებად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ. 177-179).

7. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამჯერ გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ს.ფ.161), თუმცა კასატორს ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ არავინ იყო მისამართზე (ს.ფ.180-188).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.06.2020წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კასატორისთვის ხარვეზის დადგენის განჩინების გადაცემა (ს.ფ.189,190).

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს წერილით და ოქმით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.02.2020წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორს 2020 წლის 20 ივნისს. მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმში აღნიშნულია, რომ კასატორი ეთანხმება ოქმის სისწორეს და ადასტურებს ხელმოწერით (ს.ფ.193,194). .

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 21 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 30 ივნისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით დგინდება, კასატორის განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლო კანცელარიაში რეგისტრაციაში გატარდა 02.07.2020წ.. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განცხადება წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით. საფოსტო კორესპონდენციის გაგზავნა-ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2020 წლის 01 ივლისს (ს.ფ.196), ანუ, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით. თავად განცხადებაშიც მისი შედგენის თარიღად მითითებულია 2020 წლის 1 ივლისი (197,198).

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი №ას-241-2020, 27 მაისი, 2020 წელი).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე