№ას-716-2020 5 აგვისტო, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.ა–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – ნ.ა–ას სარჩელის გამო დ.ხ–ის მიმართ არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვების დაბრუნების თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ნა–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან 10 დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ ნ.ა–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ხ–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა)არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვანი ბავშვების - ა.დ–ის, მ.დ–ისა და ნ.დ–ის დაბრუნება ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილის სახელმწიფოში - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; ბ) მოპასუხე დ.ხ–ისათვის მოსარჩელე ნ.ა–ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი ბავშვების - ა.დ–ის, მ.დ–ის და ნ.დ–ის საქართველოდან (თბილისიდან) გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ, ქალაქ მიუნხენში გამგზავრების ხარჯის, თითოეული ბავშვისათვის 1200-1200 ლარის, სულ 3600 ლარის დაკისრება; გ) მოპასუხე დ.ხ–ისათვის მოსარჩელე ნ.ა–ას სასარგებლოდ სამოქალაქო დავის საწარმოებლად გაღებული აუცილებელი ხარჯის - 730 ლარის დაკისრება; დ) მოპასუხე დ.ხ–ისათვის არასრულწლოვანი ბავშვების, ა.დ–ის, მ.დ–ის და ნ.დ–ის საქართველოს მოქალაქის პასპორტების მოსარჩელისათვის გადაცემის დავალდებულება.
საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ 2019 წლის 2 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სსსკ-ის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იშუამდგომლა დროებითი განკარგულების მიღება, რომლითაც, დავის დასრულებამდე ნ.ა–ას მიენიჭებოდა ბავშვების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წაყვანის უფლება. ასევე, დროებითი განკარგულების შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა ბავშვების პასპორტების გადაცემა და გამგზავრების ხარჯის, თითოეულ არასრულწლოვანზე 1200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ა–ას სარჩელი დ.ხ–ის მიმართ, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად გერმანიიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნების: ა.დ–ის, მ.დ–ის და ნ.დ–ის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიხედვით: ა) არასრულწლოვნები - ა.დ–ი, მ.დ–ი და ნ.დ–ი დაბრუნებულ იქნენ გერმანიის რესპუბლიკაში; ბ) საქართველოდან გერმანიის რესპუბლიკაში არასრულწლოვანი ბავშვების - ა.დ–ის, მ.დ–ის და ნ.დ–ის დაბრუნება (წაყვანა) განხორციელდეს დედის, ნ.ა–ას მიერ; გ) დ.ხ–მა უზრუნველყოს 1 (ერთი) კვირის ვადაში არასრულწლოვანი ბავშვების - ა.დ–ის, მ.დ–ის და ნ.დ–ის კუთვნილი პასპორტების გადაცემა ნ.ა–ასათვის - გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე; დ) დ.ხ–ს ნა–ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი ბავშვების - ა.დ–ის, მ.დ–ის და ნ.დ–ის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 1200 (ათას ორასი) ლარის - სულ სამივეზე 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, ასევე, საპროცესო ხარჯის - 730 (შვიდას ოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში იმსჯელა დროებითი განკარგულების შესახებ შუამდგომლობაზე და ნ.ა–ას მოთხოვნა დროებითი განკარგულების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ.ა–ას სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ, ნ.ა–ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დროებითი განკარგულების გამოტანაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ხოლო, დ.ხ–მა - სარჩელის სრულად უარყოფა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა–ამ, მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივარის უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილებით დროებითი განკარგულების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი, კერძოდ, ზემოხსენებული მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომი წესით მან იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ სარჩელის საგანი არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის ფარგლებშიც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად დავის საგანი არის მოთხოვნის შინაარსი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი).
როგორც აღინიშნა, ნ.ა–ას მიერ აღძრული სარჩელი სრულად არის დაკმაყოფილებული და გადაწყვეტილება შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში, ანუ სადავო არ არის, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისე - სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ნ.ა–ას მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებას იგი საკასაციო წესით ვერ გაასაჩივრებს. საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა კასატორმა თავისი არსით დროებითი განკარგულების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხება, რაც მოცემული საქმის შედეგის გათვალისწინებით, ცალკე, დამოუკიდებლად საკასაციო საჩივრის საგანი ვერ იქნება.
საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვების დაბრუნება.
სსსკ-ის LVII2 თავით რეგულირდება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეები, კერძოდ, 3518 მუხლის თანახმად, არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. ხსენებული თავით გათვალისწინებული ნორმები მოიცავს მათ შორის სასამართლოს მხრიდან ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას, კერძოდ, თუ წარდგენილია განმცხადებლის სარჩელი არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განმცხადებელს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობები დრობითი ღონისძიების - ბრძანების გამოცემასთან დაკავშირებით (სსსკ-ის 35110 მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემის მიზანია ისეთი საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა, რომელიც ხანგრძლივ განხილვას არ ექვემდებარება და თავისი ბუნებიდან გამომდინარე სწრაფ რეაგირებას საჭიროებს (მაგალითად, სასამართლოს შეიძლება წარედგინოს შუამდგომლობა ბავშვის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე, თუკი არსებობს ბავშვის კიდევ სხვა ადგილას გადაყვანის საშიშროება; ბავშვის შესაბამის პირთან ან დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის საფუძველი შესაძლოა იყოს ბავშვის იმ პირისაგან დაუყოვნებლივ მოშორების მიზანშეწონილობა, რომელმაც იგი არამართლზომიერად გადაადგილა და ა.შ.).
კასატორის მოთხოვნა, თავისი შინაარსით შედარებით ახლოს არის სსსკ-ის 355-ე მუხლთან, რომელიც შეეხება საოჯახო დავების განხილვის დროს სასამართლოს დროებითი განკარგულების გამოცემას. აღნიშნული ნორმა შესაძლებლობას აძლევს მხარეს, რომელსაც არ აქვს ბავშვთან ურთიერთობის საშუალება, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დავის დასრულებამდე ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. დროებითი განკარგულება გამოიყენება სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში და წარმოადგენს შუალედურ აქტს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის გამოც, კონკრეტულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, განყენებულად, შესაბამისი წინაპირობების გარეშე, საკასაციო საჩივრის საგანად ვერ იქცევა. შესაბამისად, მსგავსი სახის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმ საკითხზე, სასამართლო ცნობს თუ არა საკასაციო საჩივარს დასაშვებად.
ამგვარად, რადგან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შეუძლებელია კასატორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საკასაციო საჩივარს ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ა–ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 396-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ა–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ნ–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი თღEშGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი (საგადახდო დავალება №0 / გადახდის თარიღი 03.08.2020).
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე