საქმე №ას-227-2020 20 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ს–ის (შემდგომში: „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ი.დ–ის (შემდგომში: „მოპასუხე“) მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და თანხის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება ამავე სასამართლოში არსებულ სხვა სამოქალაქო საქმეზე (საქმე N2ბ/6540-18) საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ სამოქალაქო დავას არსებითად უკავშირდება ამავე სასამართლოს წარმოებაში არსებული N2ბ/6540-18 საქმის რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ: მითითებულ საქმეში (სადაც მოსარჩელეები არიან ი.დ–ი (წინამდებარე საქმეში მოპასუხე მხარე), ა.დ–ი (ი.დ–ის შვილი) და ლ.დ–ა (ი.დ–ის მეუღლე), ხოლო მოპასუხეა - ი.ს–ი (წინამდებარე საქმეში მოსარჩელე მხარე)) მოსარჩელეთა სხვა მოთხოვნებთან ერთადაა შემდეგი: ა) ი.ს–ს ა.დ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 აშშ დოლარის გადახდა; ბ)ი.ს–ს ა.დ–ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 აშშ დოლარის 1%-ის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 17 ივნისის ჩათვლით სულ 8 500 აშშ დოლარის გადახდა; გ) ი.ს–ს ლ.დ–ას სასარგებლოდ დაეკისროს 75 000 აშშ დოლარის გადახდა; დ) ი.ს–ს ლ.დ–ას სასარგებლოდ დაეკისროს 125 000 აშშ დოლარის 1%-ის გადახდა 2013 წლის 31 აგვისტოდან 2016 წლის 17 ივნისის ჩათვლით სულ 51 000 აშშ დოლარის გადახდა.
5. დადგენილია, ასევე, რომ ზემოაღნიშნული საქმის მოსარჩელეები - ი.დ–ი, ა.დ–ი და ლ.დ–ა თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებენ სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე, რომელთა მიხედვით, ა.დ–ს 2006 წლის 19 აპრილს და ლ.დ–ას 2006 წლის 19 მარტს სს „ლ.ბ–ის“ ყვარლის ფილიალში შეტანილი ჰქონდათ თანხა - ლ.დ–ას - 125 000 აშშ დოლარი, ხოლო ა.დ–ს - 25 000 აშშ დოლარი. მათივე განმარტებით, სადეპოზიტო ხელშეკრულებების მეორე მხარეს წარმოადგენს სს „ლ.ბ–ის“ ყვარლის ფილიალი, მისი მმართველის, ი.ს–ი სახით.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე საქმეზე მოსარჩელე 2016 წლის 29 ივნისის გარიგების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სადეპოზიტო ხელშეკრულებები არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი მოპასუხემ მოატყუა - თუ მას ეცოდინებოდა, რომ სადეპოზიტო ხელშეკრულებები არ არსებობდა, არ დადებდა გარიგებას ი. დ–თან.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი საქმის სწორად გადაწყვეტისთვის შესაფასებელია ის გარემოება, ნამდვილად მოატყუეს თუ არა მოპასუხე. მითითებული ფაქტის დადგენის მიზნით კი, უნდა დადგინდეს ნამდვილად არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სადეპოზიტო ხელშეკრულებები. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ როგორც განსახილველ საქმეზე, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ N2ბ/6540-18 საქმეზე უნდა დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემობა - არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სადეპოზიტო ხელშეკრულებები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელია ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებაზე ორმა სასამართლომ დამოუკიდებლად იმსჯელოს და ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოება ცალ-ცალკე დაადგინოს.
8. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის წარმოებაში არსებულ სხვა სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება არსებით გავლენას მოახდენს წინამდებარე საქმეში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რის გამოც არსებობს მოცემულ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი (თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისთვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება) და ნაცვლად იმისა, რომ ზემოაღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად გაეერთიანებინა, შეაჩერა წინამდებარე საქმისწარმოება სხვა საქმის გადაწყვეტამდე. სასამართლომ სხდომის გახსნისთანავე სრულიად მოულოდნელად განაცხადა, რომ არსებობდა მოცემული საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი ისე, რომ მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა დაეყენებინა შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართებულობა.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ გარემოებათა გამო, შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.
15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მიჯნავს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება.
16. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი (იხ. სუსგ საქმე №ას-212-197-2014, 3 ნოემბერი, 2014 წელი).
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.
19. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
20. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს. სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.
21. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა (იხ. სუსგ საქმე №ას-212-197-2014, 2014 წლის 9 ოქტომბრის განჩინება). ამდენად, სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასა და არა ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-1062-1002-2015, 2016 წლის 27 აპრილის განჩინება).
22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ წინამდებარე საქმეში ი.ს–ი სარჩელით ითხოვს მასსა და ი.დ–ს შორის 2016 წლის 29 ივნისს დადებული გარიგების (რომლითაც ი.ს–მა აიღო ვალდებულება ი.დ–ისთვის ე.წ სადეპოზიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი) ბათილობასა და მოპასუხისთვის გადაცემული თანხის - 50 000 აშშ დოლარის დაბრუნებას. საკუთარ მოთხოვნას კი ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ (ი.დ–მა) იგი მოატყუა, ვინაიდან არ იცოდა სადეპოზიტო ხელშეკრულებების არარსებობის შესახებ, ხოლო თუ მას ეცოდინებოდა, რომ სადეპოზიტო ხელშეკრულებები არ არსებობდა, არ დადებდა გარიგებას ი. დ–თან იხ. ტ. 1. ს.ფ 1-15).
23. დადგენილია ასევე, რომ უკვე შეჩერებული სამოქალაქო დავის (საქმე N2ბ/6540-18) ფარგლებში, სადაც სხვა მოსარჩელეებთან (ა.დ–სა და ლ.დ–ასთან) ერთად მოსარჩელეა ი.დ–ი, ხოლო მოპასუხე - ი.ს–ი, სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები მათსა და მოპასუხეს შორის არსებულ სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე მიუთითებენ (იხ. სამოქალაქო საქმე N2ბ/6540-18, ტ. 1. ს.ფ 1-14) .
24. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ორივე საქმეში სადავოა ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოება - მხარეთა შორის არსებობდა თუ არა სადეპოზიტო ხელშეკრულებები. სწორედ ამ გარემოების დადგენაზეა დამოკიდებული მხარეთა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის სასამართლოს მიერ შეფასება, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის განხილვის გაგრძელების „შეუძლებლობა“ მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილია სწორედ იმის გამო, რომ სხვა დავის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში წინამდებარე დავაზე გამოიკვეთება მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა გარიგების ბათილობასთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელე (კერძო საჩივრის ავტორი) ფაქტობრივად მიიღებს იმ იურიდიულ შედეგს, რისი მიღწევაც მას წინამდებარე დავაში სურს.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს ნაცვლად საქმის წარმოების შეჩერებისა უნდა მიეღო ორი ურთიერთდაკავშირებული საქმის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება.
26. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (ნორმის დისპოზიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში) დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როგორც დასახელებული ნორმის შინაარსიდან იკვეთება მისი გამოყენების წინაპირობა - საქმეთა გაერთიანება უნდა ემსახურებოდეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, გასაერთიანებელი საქმეები უნდა იყოს ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, არ ვლინდება მითითებული ნორმის გამოყენების მიზანშეწონილობა.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაჩერა წინამდებარე საქმისწარმოება,შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ს–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე