Facebook Twitter
საქმე №ას-101-2020 8 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე,


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე


საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ.კ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ა–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და თანხის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა

3.1. მოპასუხემ ასევე შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის მიმართ და მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და მისთვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

4.1. შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო 2018 წლის 11 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 320 ლარის გადახდა.

5. საქალაქო სასამართლოს განჩინება შეგებებული სარჩელის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ

5.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის შეგებებული სარჩელი გამოიყო ცალკე წარმოებად და დადგინდა მისი განხილვა ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

6. მოპასუხის საჩივარი

6.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.


7. საქალაქო სასამართლოს განჩინება

7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.


9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.2.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით;
9.2.2. სარჩელი თანდართული დოკუმენტებით მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა მისამართზე ბათუმი.........ქუჩა #30;
9.2.3. ზემოაღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი კორესპოდენცია 2016 წლის 3 აგვისტოს ჩაიბარა მოპასუხის შვილმა, ნ.ა–მა;
9.2.4. სარჩელზე წერილობითი პასუხი (შესაგებელი) მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა დოკუმენტების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
9.2.5. მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით - 2016 წლის 13 აგვისტოს ნაცვლად 2016 წლის 19 ოქტომბერს.
9.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 201-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხემ არ გამოიყენა მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება (სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა), როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოპასუხის მიერ შემდგომში მითითებული სარჩელის დაკმაყოფილების რაიმე სახის გამომრიცხავი, შემაფერხებელი, დამაბრკოლებელი ან შემწყვეტი გარემოება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შეუდავებელი და, შესაბამისად, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სსსკ 987-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.

10. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
10.2. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მოპასუხეს სარჩელი პირადად არ ჩაბარებია - იგი გადასაცემად ჩაბარდა მის შვილს - ნ.ა–ს, რომელიც არ გაუფრთხილებიათ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. გზავნილის მიმღებს კონვერტი საერთოდ არ გაუხსნია და არ წაუკითხავს მისი შინაარსი, რადგან მიაჩნდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გზავნილის ჩაბარებას მხარისათვის გადასაცემად, მაგრამ იგი არ ითვალისწინებს გზავნილის მიმღები პირის გაფრთხილებას, დროულად ჩააბაროს იგი ადრესატს. მოცემულ შემთხვევაში, გზავნილის მიმღებს არავინ შეჰკითხვია, თუ სად იყო წასული მოპასუხე ან როდის დაბრუნდებოდა. კასატორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც იგი სახლში დაბრუნდა და შვილმა გადასცა კონვერტი, სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში წარადგინა კიდეც როგორც შესაგებელი, ასევე შეგებებული სარჩელი.
10.3. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო არასწორად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო პროცესზე ორივე მხარე გამოცხადდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ შესაგებელთან ერთად წარადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც ფაქტობრივად დასაბუთებულია თავდაპირველი სარჩელის უსაფუძვლობა, რაც ასევე გამორიცხავდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
14.1.1. 2016 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. ს.ფ 1-12);
14.1.2. 2016 წლის 31 ივლისს მოსამართლის თანაშემწის მიერ განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გადაცემისა და გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენის უზრუნველყოფა (იხ. ს.ფ 33);
14.1.3. 2016 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ სარჩელი თანდართული მასალით ჩაბარდა მოპასუხეს. ამასთან, განმცხადებელმა განცხადებას დაურთო საფოსტო გზავნილი, რომლის მიხედვით, კორესპოდენცია 2016 წლის 3 აგვისტოს ჩაიბარა ადრესატის, გ.ა–ის შვილმა - ნ.ა–მა (იხ. ტ. ს.ფ 35);
14.1.4. სარჩელზე წერილობითი პასუხი (შესაგებელი) მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა დოკუმენტების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში;
14.1.5. მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა დაგვიანებით - 2016 წლის 13 აგვისტოს ნაცვლად 2016 წლის 19 ოქტომბერს;
14.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელი დარჩა როგორც იმავე, ასევე ზემდგომი სასამართლოს მიერ;
15. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა სადავო.
16. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:
ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;
გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ საქმე #ას-ას-538-511-2014 , 24 დეკემბერი, 2015 წელი).
18. ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (იხ. სუსგ საქმე #ას№ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).
19. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის
20. განსახილველ დავაში კასატორი მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის ძირითადად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები და შეცდომით დაადგინეს სარჩელის მოპასუხისათვის ჩაბარების თარიღი მაშინ, როდესაც სასამართლო გზავნილის მიმღებმა პირმა - მოპასუხის შვილმა, არ იცოდა (და არც შეიძლებოდა სცოდნოდა), თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა გზავნილის ადრესატისთვის დროულად გადაუცემლობას, ვინაიდან იგი არავის გაუფრთხილებია აღნიშნულის შესახებ, ხოლო მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მიიღო კონვერტი, სასამართლოს მიერ დადგენილ დროში წარადგინა კიდეც შესაგებელი.
21. კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბრების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამასთან, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი და ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ამდენად, ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ ადრესატის ოჯახის წევრისთვის შეტყობინების დატოვება სრულ შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (იხ. სუსგ №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი). ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა ცალსახად ადგენს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, დაუყოვნებლივ გადასცეს უწყება ადრესატს, რაც საფუძველს აცლის კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან უწყების მიმღებმა - მოპასუხის შვილმა არ იცოდა გზავნილის ადრესატისთვის დროულად გადაუცემლობის სამართლებრივი შედეგები, უწყება არ ითვლებოდა კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითებული პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების (გზავნილი მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა) გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
22. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ორივე მხარე, საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო). სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია მოპასუხის მიერ საამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი (რაც სსსკ 2321 მუხლით განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს), ხოლო საპროცესო კანონმდებლობა არ კრძალავს შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოპასუხის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერად მიჩნევის შესახებ.
23. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა არ გამორიცხავს მის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებას და პირიქით, შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება არ უკავშირდება შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებს. მათ სასამართლო ამოწმებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, შესაბამისი საპროცესო ნორმების მხედველობაში მიღებით. ამდენად, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლოს შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის შინაარსი (სადაც შეგებებული სარჩელის ავტორი ფაქტობრივად წარდგენილი სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითებდა), დაუსაბუთებელია და იგი ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო საფუძვლად.
24. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 201-ე, 2321 მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ა–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. გ.ა–ს (პ/ნ:......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, რ.ხ–ას (პ/ნ:.......) მიერ 2020 წლის 27 თებერვალს, №232213359 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე



მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე




ლ. მიქაბერიძე