საქმე №ა-4285-შ-127-2019 12 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სააქციო საზოგადოება „ს.“
მოწინააღმდეგე მხარე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინტერმოდული“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ სააქციო საზოგადობა „ს.“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 27 მარტის №009 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, საქონლის ღირებულების სახით 3 500 აშშ დოლარის ოდენობით, გამოხატული რუსეთის ფედერაციის ვალუტაში, ფაქტობრივი გადახდის დღეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ხარჯები 7 627 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 20 სექტემბრის №13848 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ დაეკისრა თანხის გადახდა.
3. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დგინდება, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის სახით) გასაჩივრებული არ ყოფილა და კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 22 აპრილს, ამასთან, ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას; მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული; გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და სააღსრულებო ფურცელი იძულებითი გადახდევინების მიზნით არ გაცემულა.
4. შუამდგომლობაზე თანდართული 2018 წლის 27 მარტის №009 ხელშეკრულების 9.3. პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს განსჯადობასა და ასევე რუსეთის ფედერაციის სამართლის გამოყენების თაობაზე.
5. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (ს/კ: 405118…) (აღნიშნული ასევე დასტურდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNiT6gVD3ZHG]k6FuUKDxVSVaXIY9GS9R8gzjQ]Oyk1X ).
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ასლი და სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ გაეგზავნა საქმის მასალებში არსებულ მისამართზე (კომპანიის სარეგისტრაციო მისამართზე) - თბილისი, ყ. გამზირი N…, ბინა N…. სასამართლო გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 24 ოქტომბერს.
8. ზემოაღნიშნული განჩინებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე შეეძლო საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. 2019 წლის 25 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარის დირექტორმა - ა. ც-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განმარტება, რომლითაც დაადასტურა სააქციო საზოგადოება „ს.“ გაფორმებული ხელშეკრულების არსებობა და მიუთითა, რომ კომპანია ხელშეკრულების საფასურის გადახდას ვერ ახერხებდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ მეორე დირექტორის, ი. ა-ის ქმედებების გამო და მოითხოვა მისი გაწვევა თანადირექტორობიდან, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ მიყენებული ზიანის დაკისრება. მოწინააღმდეგე მხარის დირექტორმა - ა. ც-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2019 წლის 10 დეკემბერს დამატებით წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა ი. ა-ის გათავისუფლება შპს „ი.“ დირექტორის თანამდებობიდან და კანონის შესაბამისად მისი დასჯა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
13. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ სააქციო საზოგადობა „ს.“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 27 მარტის №009 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, საქონლის ღირებულების სახით 3 500 აშშ დოლარის ოდენობით, გამოხატული რუსეთის ფედერაციის ვალუტაში, ფაქტობრივი გადახდის დღეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ხარჯები 7 627 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით. გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის სახით) გასაჩივრებული არ ყოფილა და კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 22 აპრილს, ამასთან, ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას; მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული; გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და სააღსრულებო ფურცელი იძულებითი გადახდევინების მიზნით არ გაცემულა. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია ( საიდენტიფიკაციო კოდი: 40511… ) და მისი სარეგისტრაციო მისამართია ქ. თბილისის, ყ. გამზირი № …, ბინა N...
16. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოებისთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და მეორე კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2018 წლის 27 მარტის №009 ხელშეკრულებაზე, რომლის 9.3 პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს განსჯადობასა და ასევე რუსეთის ფედერაციის სამართლის გამოყენების თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.
18. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის დირექტორის - ა. ც-ძის მიერ წარმოდგენილ განმარტებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული გარემოებები ვერ შეუშლის ხელს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, ამასთანავე მოწინააღმდეგე მხარის დირექტორის - ა. ც-ძის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები არ წარმოადგენს წინამდებარე დავის განხილვის საგანს, თუმცა მას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით, დამოუკიდებელი სარჩელი აღძრას სასამართლოში შპს „ი.“ დირექტორის პასუხისმგებლობის თაობაზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
20. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ სააქციო საზოგადობა „ს.“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 27 მარტის №009 ხელშეკრულებიდან გამომდიანრე დავალიანება, საქონლის ღირებულების სახით 3 500 აშშ დოლარის ოდენობით, გამოხატული რუსეთის ფედერაციის ვალუტაში, ფაქტობრივი გადახდის დღეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ხარჯები 7 627 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სააქციო საზოგადოება „ს.“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი.“ სააქციო საზოგადობა „ს.“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 27 მარტის №009 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, საქონლის ღირებულების სახით 3 500 აშშ დოლარის ოდენობით, გამოხატული რუსეთის ფედერაციის ვალუტაში, ფაქტობრივი გადახდის დღეს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ხარჯები 7 627 რუბლისა და 00 კაპიკის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე