საქმე №ას-388-2019 14 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ე–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი, კრედიტორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა ბ.ე–ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე ან თავდები) მიმართ და მოითხოვა 2016 წლის 16 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 21 605,01 აშშ დოლარის და დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 64,94 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე, დავალიანების ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული, მოვალის კუთვნილი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელესა და მ.ა–ძეს (შემდგომში _ მსესხებელი ან მამკვიდრებელი) შორის 2016 წლის 16 ივნისს გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი 0-48%-მდე. 2016 წლის 16 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა 20 000 აშშ დოლარი 180.3 თვის ვადით, წლიური 8%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო განისაზღვრა - 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო _ 0.38%-ით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, .... მდებარე, მოპასუხის ქონება. ასევე, გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა 54 აშშ დოლარით, წლიური 18%-ით, 0.5% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება მოპასუხესთან. 2016 წლის 1 სექტემბერს მსესხებელი გარდაიცვალა, რომლის უფლებამონაცვლეა მეუღლე _ მოპასუხე. მოვალეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კრედიტით სარგებლობის პერიოდში, მსესხებელი არღვევდა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით თანხის დაბრუნების ვალდებულებას. სარჩელით მომართვის დროისათვის, მოპასუხეს ერიცხება 2016 წლის 16 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 21 605.01 აშშ დოლარის ოდენობით (საიდანაც, ძირი თანხა 19 872.34 აშშ დოლარია, სარგებელი - 984.36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 705.06 აშშ დოლარი, საკომისიო - 43.25 აშშ დოლარი), ხოლო, 2016 წლის 16 ივნისის სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 64.94 აშშ დოლარი (საიდანაც, ძირი თანხა 41.68 აშშ დოლარია, სარგებელი - 4.64 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 18.62 აშშ დოლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაგებლის თანახმად, მოპასუხე მსესხებლის კანონისმიერი მემკვიდრეა 2017 წლის 30 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. მოპასუხე ყოველთვის იხდიდა 2016 წლის 16 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას. მსესხებელი დაზღვეული იყო სს „ს.კ.ა–სა“ და სს „ს.ბ–ს“ შორის გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისის საფუძველზე ავტომატური დაზღვევის ფარგლებში, 2016 წლის 16 ივნისს გაცემული სიცოცხლის დაზღვევის #20615244 პოლისით. „საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობების“ 2.1 პუნქტის მიხედვით, დაფარულ რისკებს წარმოადგენს: ა) დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით, ბ) დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება. ამავე პირობების 3.6 პუნქტით დადგენილია, რომ დაზღვეულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან მზღვეველის მიერ ბანკზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით (რაც გულისხმობს მხოლოდ გარდაცვალების მომენტისათვის დაფიქსირებულ სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავს მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმებს). დაზღვევის პირობების მიხედვით, მოსარგებლე, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება არის გამსესხებელი. ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ „მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში, ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეული მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ასეთ შემთხვევებში, დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება, მოსთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება. მსესხებლის გარდაცვალების გამო, სადაზღვევო კომპანიას უნდა დაეფარა დავალიანება, შესაბამისად, აღნიშნული დავალიანება, მოსარჩელის მიერ სარჩელის შემოტანის მომენტისათვის აღარ უნდა არსებობდეს. ამასთან, შეუსაბამოდ მაღალია დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და ის უნდა შემცირდეს მინიმუმ ათჯერ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:
1.2.1. 16.06.2016წ. ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ.ა–ძემ კრედიტის სახით 25.06.2031წ.-მდე ვადით მიიღო 20 000 აშშ დოლარი, 8% წლიური სარგებლის დარიცხვის პირობით. პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა არსებული დავალიანების 0,5%-ით. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ..... (ს/კ #......) მდებარე უძრავი ქონება. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხესთან გაფორმდა ასევე თავდებობის ხელშეკრულება;
1.2.2. მსესხებელი დაზღვეული იყო მოსარჩელესა და სს „ს.კ.ა–ს“ შორის 2013 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისის საფუძველზე, ავტომატური დაზღვევის ფარგლებში, 16.06.2016წ. გაცემული სიცოცხლის დაზღვევის პოლისით #20615244 (სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი: 16.06.2016წ.). სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოადგენდა დაზღვეულის (მსესხებლის) ვალდებულებას. პოლისის თანახმად, დაზღვეული იყო დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ:
· დამზღვევი - მოსარჩელე;
· მზღვეველი - სს „ს.კ.ა–ი“;
· დაზღვეული - მოსარჩელე ბანკის მსესხებელი ფიზიკური პირი;
· მოსარგებლე - მოსარჩელე;
· სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით ან მხოლოდ უბედური შემთხვევით გარდაცვალება.
სადაზღვევო პოლისის შესაბამისად, დაფარულ რისკს წარმოადგენდა დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით ან დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გარდაცვალება, გარდა პოლისით განსაზღვრული გამონაკლისებისა. ამდენად, სადაზღვევო ურთიერთობებში სწორედ მოსარჩელე იყო დამზღვევიც და მოსარგებლეც. სწორედ მას და მზღვეველს შორის შეთანხმებით მოხდა დაზღვევის პირობების, მათ შორის მზღვეველისათვის დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს წარსადგენი დოკუმენტების განსაზღვრა, რისი სამართლებრივი შედეგიც ავტომატურად ვრცელდებოდა დაზღვეულზე/მსესხებელზე/ მემკვიდრეებზე, მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა მსესხებელი;
1.2.3. 10.09.1970წ. დაბადებული მსესხებელი გარდაიცვალა 01.09.2016წ. (ანუ 10 სექტემბერს მას შეუსრულდებოდა 46 წელი). სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დროულად ეცნობა მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე;
1.2.4. მოპასუხე წარმოადგენს მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეს, მეუღლეს, რომელმაც 30.05.2017წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სრულად მიიღო დანაშთი სამკვიდრო ქონება;
1.2.5. 13.09.2016წ. მოსარჩელემ მიმართა სს ს.კ.„ა–ს“ და, მსესხებლის გარდაცვალების გამო, მოითხოვა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა. სადაზღვევო კომპანიამ 06.10.2016წ. წერილით უარი განაცხადა ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტაციიდან შეუძლებელი იყო დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დადგენა, ხოლო, გარდაცვლილის გაკვეთის საფუძველზე, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა მზღვეველთან წარდგენილი არ იყო, რაც წარმოადგენდა მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. ამავე წერილიდან ირკვევა, რომ მზღვეველისათვის წარდგენილი იყო 29.08.2016წ., ანუ მსესხებლის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე შპს „აკად. გ.ჩ–ძის სახელობის გადაუდებელი კ.ც–ის“ ცნობა მსესხებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV -100/ა), რომლის მე-9 პუნქტში მითითებული იყო შემდეგი:
· სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0;
· ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობა გამწვავებით, დაუზუსტებელი J 44.1;
· გულის შეგუბებითი უკმარისობა;
· ჩაძინებისა და ძილის უწყვეტობის დარღვევები G47.0;
· სიმსუქნე II კლასი E 66.9;
· პულმონური ჰიპერტენზია-პირველადი 127.0 .
წერილით ირკვევა, რომ მზღვეველთან ასევე წარდგენილი იყო 02.09.2016წ. სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ, რომელშიც მითითებული იყო გარდაცვალების მიზეზი: R99 სიკვდილის სხვა დაუზუსტებელი და არაზუსტად განსაზღვრული მიზეზები.
1.2.6. რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო კომპანიის უარის მიღების შემდგომ მოსარჩელემ განახორციელა რაიმე ქმედება (აცნობა მსესხებლის ოჯახის წევრებს/მემკვიდრეებს სადაზღვევო კომპანიაში სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე ან/და თავად მიმართა სადაზღვევო კომპანიას დამატებით რაიმე განმარტებებით თუ მოთხოვნით), საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთი გარემოების არსებობაზე არც მოსარჩელე მიუთითებს. იგი აპელირებს მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების იმ მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს მზღვეველთან წარსადგენ დოკუმენტებს და ადგენს, რომ ასეთი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევა არ ანაზღაურდება. აპელანტი არ მიუთითებს მისი მხრიდან სადაზღვევო კომპანიის უარის შემდგომ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში და დაზღვეულის/მისი მემკვიდრის ინტერესების დასაცავად რაიმე სამართლებრივი საშუალების გამოყენებაზე (მაგ.: სასარჩელო წესით თანხის მოთხოვნაზე);
1.2.7. შესაგებლის თანახმად, მსესხებლის გარდაცვალების გამო, ვალდებულება უნდა დაეფარა არა მემკვიდრეს, არამედ _ სადაზღვევო კომპანიას, ვინაიდან ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა სადაზღვევო რისკის დადგომის - მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში ბანკისათვის სესხის დაფარვა და მისი მემკვიდრეების გათავისუფლება სასესხო ვალდებულებისაგან.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს სესხის, საბანკო კრედიტის, თავდებობის, სანივთო უზრუნველყოფისა და სამემკვიდრეო სამართლიდან, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 867-ე, 870-ე, 891-ე, 286-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1484-ე მუხლები წარმოადგენს, თუმცა, მოპასუხის შესაგებლიდან გამომდინარე, მოთხოვნა განუხორციელებადია. შესაგებლის თანახმად, მსესხებლის მემკვიდრე აპელირებს დაზღვევის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა უნდა დაეფარა მზღვეველს. უდავოა, რომ მსესხებელი დაზღვეული იყო და ბენეფიციარს წარმოადგენდა კრედიტორი, შესაბამისად, მას შეეძლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ესარგებლა დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 844-ე მუხლებით. სწორედ ამ რესურსის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ იქნებოდა გამართლებული კრედიტორის მოთხოვნა ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად. ამ მხრივ სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ კრედიტორმა მხოლოდ ფორმალურად განკარგა დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებლობანი, რაც არ შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლებით დადგენილ ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს. ამ თვალსაზრისით დასაბუთებულ შედავებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის წარდგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 07.03.2019წ. #1652 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2 900 ლარის 70% _ 2 030 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.ბ–ს“ (ს/კ #...... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 07.03.2019წ. #1652 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2 900 ლარის 70% _ 2 030 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი