№ას-554-2020 16 ივლისი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე, ნ.ბ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისთვის 1410 ევროს დაკისრების ნაწილში
დავის საგანი – სესხის სარგებლის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ბ–ძემ და ნ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) წარადგინეს სარჩელი გ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს სესხის ძირითადი თანხის - 4000 ევროს და სარგებლის (პროცენტის) – 7680 ევროს გადახდა, ასევე მატერიალური ზიანის სახით - 1000 ევროსა და მორალური ზიანის სახით - 2320 ევროს ანაზღაურება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ევროს გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.107-116). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.06.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 7680 ევროს გადახდა.
3. გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2014წ. განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.02.2015წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სესხის სარგებლის დაწესების ნაწილში, ასევე ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2015წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.2014წ. გადაწყვეტილება სესხის სარგებლის (პროცენტის) გადახდევინების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სარჩელი სესხის სარგებლის (პროცენტის) სახით 7680 ევროს გადახდევინების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 1410 ევროს გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სესხის პროცენტის სახით 1410 ევროს დაკისრების ნაწილში (ტ.2, ს.ფ.55-64).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2015წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტ.2, ს.ფ.83-86). ამავე სასამართლოს 22.04.2016წ. განჩინებით მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (ტ.2, ს.ფ.95-101).
8. მოპასუხემ 23.06.2020წ. კვლავ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2015წ. გადაწყვეტილებას 1410 ევროს დაკისრების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
10. სსსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული - საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.
11. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სესხის სარგებლის (პროცენტის) – 7680 ევროს გადახდევინების თაობაზე და მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 1410 ევროს გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 27-35). გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სესხის პროცენტის სახით 1410 ევროს დაკისრების ნაწილში (ტ.2, ს.ფ. 55-64).
12. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.07.2015წ. განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 83-86).
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 27.05.2020წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 291.04 ლარის გადახდა (იხ.: სააღსრულებო ფურცელი, ტ.2, ს.ფ. 108).
14. ყოველივე აღნიშნულით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2015წ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
15. ამდენად, მოპასუხე 23.06.2020წ. წარდგენილი საკასაციო საჩივრით (ტ.2, ს.ფ.116-123), ისევე როგორც 21.05.2015წ. საკასაციო საჩივრით (ტ.2, ს.ფ.55-64) ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2015წ. გადაწყვეტილების გაუქმებას მისთვის სარგებლის სახით 1410 ევროს დაკისრების ნაწილში.
16. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა განმტკიცებულია სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით (საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე), რაც გულისხმობს საკასაციო წესით მხოლოდ იმ გადაწყვეტილებათა გასაჩივრებას, რომლებიც არ არის კანონიერ ძალაში შესული.
17. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები) (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-323-2019, 05.06.2019 წ.).
18. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ უკვე ისარგებლა სსსკ-ის 397-ე მუხლით განმტკიცებული საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებით, ეს უფლება უკვე განკარგა და დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმეორებით საკასაციო წესით გასაჩივრება.
19. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ საქმეზე, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საქმის წარმოების განახლების საკითხი შეიძლება დაისვას მხოლოდ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სსსკ-ის 421-432-ე მუხლებით დადგენილი წესით. დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმეორებით საკასაციო წესით გასაჩივრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე