Facebook Twitter

21 ივლისი, 2020 წელი,

საქმე №ას-1775-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ს. და ს.მ.გ.ს–ო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ–ი“(მოპასუხე)

წარმომადგენელი - კ.ჩ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 27 იანვრს მიღებული იქნა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ #139 განკარგულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური განკარგულება), რომლის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

2. ა(ა)იპ ს.მ.პ.მ.ს–ო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი, თანადამფინანსებელი ან სააგენტო) 2013 წლიდან ახორციელებს სპეციალური განკარგულებით დამტკიცებული “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“, რომლის ფარგლებშიც, მან შპს „ჯ–თან“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, მოპასუხე, აპელანტი, ბენეფიციარი ან საწარმო) 2015 წლის 16 მარტს მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე შეთანხმება გააფორმა.

3. შეთანხმების მიხედვით, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემოდა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილი იყო, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ჩაეტარებინა მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი, თუკი ბენეფიციარი მიზნობრიობას დაარღვევდა, სააგენტო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა თანადაფინანსება და თანხის უკან დაბრუნება მოეთხოვა. ზემოაღნიშნული განკარგულების მე-4 მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „სააგენტოს თანადაფინანსება შეწყდება მსესხებლის მიერ თანადაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევისას.

4. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მოპასუხესა და სს ,,პ.ბ–ს’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი) შორის 2015 წლის 16 მარტს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე, საწარმოს სახელზე გაიცა სესხი - 70 000 აშშ დოლარი 84 თვით, წლიური 13% - იანი სარგებლით. აქედან სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენდა - 27 996.49 დოლარს. სააგენტომ თანადაფინანსების ფარგლებში მსესხებელს - 8 188.82 აშშ დოლარი გადაუხადა.

5. შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის მიზანი იყო მოპასუხის მიერ ტექნოლოგიური ხაზის შეძენა მცენარეული ცხიმების (ზეთის) საწარმოებლად და არსებული შენობის მოწყობა/რემონტი.

6. 2015 წლის 13 ოქტომბერს აგროკრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგისას სააგენტომ დაადგინა, რომ საწარმომ დადგენილ ვადაში 40 000 აშშ დოლარი ვერ აითვისა. 2016 წლის 30 ნოემბერს, სესხის მიზნობრივად ხარჯვის ხელმეორე შემოწმებისას დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა დარჩენილი 40 000 აშშ დოლარის სრულად, შეთანხმებისა და პროექტების შესაბამისად ხარჯვის ფაქტი, კერძოდ, 34.838 ლარი დახარჯული იყო არამიზნობრივად, ხოლო, 15 600 აშშ დოლარის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტაცია მოპასუხემ ვერ წარუდგინა სააგენტოს.

7. 2017 წლის 28 თებერვლის სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის სხდომის №2 ოქმში მითითებულია, რომ ,,პირველი მონიტორინგის შემდეგ (13.10.2015წ.) ასათვისებელი ნაშთის სახით დარჩენილი იყო 40 000 აშშ დოლარი, რომლის ოდენობამ კონვერტაციის შედეგად (ბენეფიციარის ინფორმაციით) შეადგინა 90 000 ლარი (აშშ დოლარი-2.25 ლარი. კონვერტაციიის დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი. აგროკრედიტის ათვისების პერიოდისათვის ეროვნული ბანკის გაცვლითი საშუალო კურსი 1 აშშ დოლარი - 2.22 ლარი). მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხით შეიძინეს ზეთის სახდელი და ჩამოსასხმელი აპარატები, დამონტაჟდა მიღებული ზეთის შესანახი რეზერვუარები; ზეთის ფილტრაციის აპარატი; ზეთის სახდელი საწყობისა და საოფისე ოთახების სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები. მოპასუხემ მონიტორინგის ადგილზე ვერ წარმოადგინა სესხიდან დარჩენილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი საბუთები. ამისათვის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 დეკემბრამდე. 2016 წლის 9 დეკემბერს მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, აგროკრედიტის თანხა მოხმარდა: 20 335 ლარი - საწარმოს ძირითადი დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენას (წარმოდგენილია ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო დავალება); 14 997 ლარი - სამშენებლო - სარემონტო მასალებისა და სხვა დამხმარე ტექნიკის შეძენას (წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დავალება, სალარო აპარატის ჩეკები, შედარების აქტები და სალაროს აპარატის ჩეკები); 5 513 ლარი ხის მასალებისა და ტექნოლოგიური ხაზების გამყოფი ტიხრების შეძენას (წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო დავალება, შესყიდვის აქტი და სალარო აპარატის ჩეკები); 3 504 ლარი - სამშენებლო სარემონტო და სამონტაჟო პროცესების საწარმოებლად (ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურები); 10 836 ლარი - სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშახელის ანაზღაურებას (წარმოდგენილია ხელშეკრულებები, საგადასახადო დავალება, მიღება ჩაბარების აქტები და სალაროს გასვლის ორდერები). აღნიშნულ სხდომაზე კომისიის გადაწყვეტილებით მოპასუხეს შეუწყდა სააგენტოს თანადაფინანსება და მოეთხოვა მოსარჩელის მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის, 8 188.82 დოლარის, დაბრუნება.

8. 2017 წლის 19 აპრილს მოპასუხეს სააგენტომ წერილობით აცნობა თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 8 188.82 დოლარის სააგენტოსთვის დაბრუნება.

9. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით 2017 წლის 20 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 8 188.82 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 20 157 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

10. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ის ამტკიცებდა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა, ქარხანა ამუშავებულია, მუშახელი დასაქმებულია. ნასესხები თანხა სრულად არ გამოყენებულა და ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, 2017 წლის 28 მარტს ბანკს სრულად დაუბრუნეს მიღებული - 70 000 აშშ დოლარი.

11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 20 157 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე და 30-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-3, 316-ე, 319-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე და 405-ე მუხლები გამოიყენა.

12. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სარჩელი უარყოფილ იქნა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააგენტოს მიერ თანადაფინანსებისათვის გადახდილი თანხა შეთანხმების მიზანს სრულად შეესაბამებოდა, აპელანტმა, პროპორციულად, ხელშეკრულების მიზნებისათვის მოსარჩელის მიერ თანადაფინანსებულზე მეტი სესხი გამოიყენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თანადაფინანსება არამიზნობრივად არ გამოუყენებია, შესაბამისად, არც მიღებული თანხის უკან დაბრუნება არ ეკისრებოდა.

14. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. კასატორის მტკიცებით, ბენეფიციარმა შეთანხმების არსებითი პირობა, კრედიტის მიზნობრიობა დაარღვია, ამ საფუძვლით თანადაფინანსების შეწყვეტა კი, განსაზღვრულია როგორც პროექტში, ისე - შეთანხმებაში. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა. იმ პირობებში, როდესაც სესხის თანხის ნაწილის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება, ასევე, ძირითადი საშუალების მიზნობრიობით გაცემული სესხით მოპასუხემ არა ძირითადი, არამედ საბრუნავი საშუალებები შეისყიდა, გაუგებარია, რის საფუძველზე ადგენს სასამართლო, რომ შეთანხმების პირობები შესრულდა, მაშინ, როცა სესხის ნაწილის არამიზნობრივი ხარჯვა საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სესხის სრულად დაფარვა დავის არსს ვერ შეცვლის,, რადგანაც აღნიშნული მოპასუხის ვალდებულება იყო ბანკის და არა სააგენტოს წინაშე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს.

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, დასაბუთებულია.

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულების არსებითი პირობის, სესხის მიზნობრიობის დარღვევის გამო, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #39 განკარგულების 4.14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი (სააგენტოს თანადაფინანსება შეწყდება მსესხებლის მიერ თანადაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევისას. ამასთან ვადაგადაცილების დროს თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება წყდება), სსკ-ის 524-ე (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით), 528.1 (მხარეებს შეუძლიათ, დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა)), 528.3 (თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია, უარი თქვას ხელკშეკრულებაზე), 976.1 „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლები (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება გამოირიცხებოდა, თუკი მოპასუხე დაამტკიცებდა, რომ თანხა მიზნობრივად გახარჯა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა თანადაფინანსების შესახებ შეთანხმება, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა ტექნოლოგიური ხაზის შეძენა მცენარეული ცხიმების (ზეთის) საწარმოებლად და არსებული შენობის მოწყობა/რემონტი. სააგენტომ თანადაფინასების ფარგლებში მსესხებელს - 8 188.82 აშშ დოლარი გადაუხადა. ზემოხსენებული კრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგის შედეგად ასევე დადგენილია, რომ ბენეფიციარმა ძირითადი საშუალების მიზნობრიობით გაცემული სესხის ნაწილით საბრუნავი საშუალებები შეისყიდა (ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა; საპოხი და დამხმარე ნივთიერებების შეძენა; სახელფასო ანაზღაურება), ხოლო ნაწილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები საერთოდ ვერ წარადგინა, შესაბამისად, მონიტორინგის შედეგები ეწინააღმდეგება სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის დადებული შეთანხმების შედეგად ბანკის მიერ გაცემული სესხის მიზანს, რომელიც მიმდინარე აგროპროექტის ფარგლებში მხოლოდ მიზნობრივად უნდა გამოყენებულიყო, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბენეფიციარს არ დაურღვევია შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობა და აღნიშნავს „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თანადაფინანსების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის არამიზნობრივი ხარჯვა წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობა, შესაბამისად, სსკ-ის 528.3 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემადგენლობაც განხორციელებულია.

20. ამდენად, ვლინდებოდა მოპასუხის მხრიდან შეღავათიანი აგროკრედიტის არამიზნობრივად ხარჯვა, რაც თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველია.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1651.25 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1, 264.3-ე, 408.1, 408.2, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა(ა)იპ ს. და ს.მ.გ.ს–ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა(ა)იპ ს. და ს. მ. გ. ს–ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ჯ–ს“ ა(ა)იპ ს. და ს.მ.გ.ს–ოს სასარგებლოდ დაეკისროს 20 157 ლარის გადახდა;

5. შპს „ჯ–ს“ ა(ა)იპ ს.და ს.მ.გ.ს–ოს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1651.25 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი