Facebook Twitter

საქმე № ას-3-2020 16 ივნისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ო–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში), მ.ო–ი (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი), ნ.პ–ძე, ნ.გ–ძე, ბ.გ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (სარჩელში); გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ი.ო–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „მეორე მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“, „კასატორი“, „დასაჩუქრებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.გ–ძის(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელის ავტორი“), ნ.პ–ძის, ნ.გ–ძის, ბ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ ქ. ბათუმში, ……. (ს/კ ……) მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“) გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე. მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მას და მესაკუთრეს არ აძლევენ შესაძლებლობას ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

პირველმა მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი მ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შეგებებულ სარჩელში პირველი მოპასუხე“, „მჩუქებელი,“ „კასატორი,“ მოსარჩელესთან ერთად „კასატორები“), ასევე მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა: 25.10.2011წ. გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის და 06.06.2014წ. ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე შეგებებული სარჩელის ავტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, შეგებებულ სარჩელში პირველ მოპასუხესთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, რომელშიც სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრება 17 000 აშშ დოლარით, ვადა - ექვსი თვით, ყოველთვიური პროცენტი - 850 აშშ დოლარით, საიდანაც ორი თვის პროცენტი პირველ მოპასუხეს ჩაეთვლება გადახდილად.

4. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

4.1. შეგებებული სარჩელის ავტორს და შეგებებულ სარჩელში პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა არა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, თვეში 5%-ის, ანუ 850 აშშ დოლარის გადახდის პირობით.

4.2. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით არის თვალთმაქცური გარიგება და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

4.3. 06.04.2014წ. გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება, ვინაიდან, რეალურად მჩუქებლის მიზანი იყო არა დის დასაჩუქრება, არამედ შეგებებული სარჩელის ავტორის კანონიერი ინტერესისაგან თავის დაცვა.

5. შეგებებული სარჩელის მოპასუხეების პოზიცია:

5.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 25.10.2011წ. დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და 17 000 აშშ დოლარის სარგებლობისთვის შეგებებული სარჩელის ავტორს უნდა გადაეხადა თვეში 5%, ანუ 850 აშშ დოლარი.

5.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს ბინაში არ უცხოვრიათ, ვინაიდან მათ შეგებებული სარჩელის ავტორს პატივი სცეს და უძრავი ნივთიდან იძულებით არ გამოასახლეს.

5.3. შეგებებული სარჩელის ავტორს არასდროს შეუთავაზებია სესხის და სარგებლის დაბრუნება, გადაიხადა მხოლოდ პირველი თვის სარგებელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 25.10.2011წ. დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ბათილად იქნა ცნობილი 06.06.2014წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება. სადავო უძრავი ნივთი აღირიცხა შეგებებული სარჩელის ავტორის საკუთრებად და დადებულად იქნა მიჩნეული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ. სესხის ვადა განისაზღვრა ექვსი თვით, ძირი თანხა - 17000 აშშ დოლარით, ყოველთვიური პროცენტი - 850 აშშ დოლარით, საიდანაც ორი თვის პროცენტი შეგებებული სარჩელის ავტორს ჩაეთვალა გადახდილად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის ავტორის საკუთრებას.

6.2. 25.10.2011წ. სადავო უძრავ ნივთებზე შეგებებული სარჩელის ავტორს და შეგებებულ სარჩელში პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 17 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების 3.3 მუხლით გამყიდველს უფლება ჰქონდა გამოესყიდა ნასყიდობის საგანი 6 თვის განმავლობაში, 25.10.2011წ.-დან 25.04.2012წ.-მდე, თავდაპირველ ფასად. 3.4 მუხლით მყიდველს არ ჰქონდა უფლება განეკარგა ნასყიდობის საგანი რაიმე ფორმით. გამყიდველი ნასყიდობის საგნის სარგებლობისათვის მყიდველს უხდიდა 850 აშშ დოლარს, ყოველთვიურად, ყოველი თვის 25 რიცხვამდე.

6.3. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში მოხდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია, მხარეთა ნამდვილი ნება მიმართული იყო არა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, არამედ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისაკენ, სადავო უძრავი ქონების იპოთეკური უზრუნველყოფით. მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანი იყო 17 000 აშშ დოლარის სესხად აღება შესაბამისი პროცენტის (სარგებლის) გადახდის პირობით. სესხის აღებას წინ უძღოდა შეგებებული სარჩელის ავტორსა და ა.ხ–ს შორის გაფორმებული სასესხო დავალიანების გასტუმრების ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით. ამდენად, არსებული სასესხო ვალდებულების გადასაფარად შეგებებული სარჩელის ავტორმა შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხისგან სესხის სახით მიიღო 17000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით (25.10.2011წ.-დან 25.04.2012წ.-მდე), თვეში 850 აშშ დოლარის სარგებლის გადახდის პირობით. მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას ადასტურებს ისიც, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან სადავო უძრავ ნივთს უწყვეტად ფლობს შეგებებული სარჩელის ავტორის ოჯახი.

6.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის შემადგენლობას, რომლის ძირითადი მახასიათებელია საკუთრების უფლების გადასვლა მყიდველზე და ამავე დროს ნივთის გამოსყიდვის უფლებით სარგებლობა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. სახეზე იყო სასესხო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შეგებებული სარჩელის ავტორმა, როგორც მსესხებელმა, შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხისგან სესხად მიიღო ფულადი თანხა, ყოველთვიური სარგებლის გადახდის პირობით.

6.5. პირველმა მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში უძრავი ნივთები (საკადასტრო კოდით N …… და N ……) გააერთიანა ერთი საკადასტრო კოდით და ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დას, მოსარჩელეს.

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). თვალთმაქცური გარიგების ფორმალური შესაბამისობა კანონის მოთხოვნასთან, არ ქმნის ნამდვილ გარიგებას, ნების ნაკლის, მისი არანამდვილობის გამო. თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა შეთანხმების გარეგნული გამოვლინება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება, ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს, არამედ სურთ სხვა გარიგების დაფარვა და ამ დროს მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენა თვალთმაქცური გარიგებით იფარება. თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. სასამართლომ მიიჩნია, რომ 25.10.2011წ. დადებული ხელშეკრულებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ვინაიდან, ორივე მხარის ნამდვილი ნება მიმართული იყო სწორედ სესხის ხელშეკრულების დადებისაკენ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა უძრავი ქონების იპოთეკით.

სასამართლომ განმარტა, რომ ნასყიდობის გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ნორმატიული შინაარსისათვის უცხოა საპროცენტო სარგებლის მიღება, ასეთ შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ სესხის ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ბათილად ცნო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და დადგინდა მხარეთა შორის ნამდვილი ნების საფუძველზე დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

6.7. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ 06.06.2014წ. ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომლის ნამდვილი მიზანი იყო არა საკუთრების უფლების უსასყიდლო გადაცემა უძრავ ქონებაზე, არამედ მოსარჩელისთვის კეთილსინდისიერი მყიდველის საფარველის შექმნა, მესამე პირთა კანონიერი ინტერესებისაგან თავის დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში მჩუქებელი არის მოსარჩელის და, შესაბამისად, ცხადია, მისთვის უცნობი არ იქნებოდა გასაჩუქებელი ქონების უფლებრივი ნაკლის და სადავო უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ჩაითვლება ნივთის კეთილსინდისიერ მიმღებად და ამ თვალსაზრისით მისი საკუთრების უფლება დაცული არ არის კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნისაგან.

6.8. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 172-ე მუხლზე და გათვალისწინებით იმისა, რომ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულებები, არ დააკმაყოფილა სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილიდა საფუძველი:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.04.2019წ. გადაწყვეტილება.

7.1. სააპელაციო სასამართლომ როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ისე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, არ დაეთანხმა აპელანტების პრეტენზიას შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

7.2. პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაფარულ იქნა ნამდვილი გარიგება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე, თვალთმაქცური გარიგების ადგილს დაიკავებს სწორედ დაფარული გარიგება და აღნიშნული გარიგების ძალაში შეცვლისთვის უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს შეგებებული სარჩელის მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. 25.10.2011წ. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს ნასყიდობის საგანი დატვირთული იყო იპოთეკით და შეგებებული სარჩელის ავტორს იპოთეკისგან ქონების გასათავისუფლებლად სჭირდებოდა თანხა. ექვსი თვის ვადაში შეგებებული სარჩელის ავტორი გამოისყიდდა უძრავ ნივთს, ხოლო შეგებებული სარჩელის პირველ მოპასუხეს დარჩებოდა საგნის სარგებლობისთვის ყოველთვიურად გადაცემული 850 აშშ დოლარი.

ხელშეკრულების მხარეებისთვის ცნობილი იყო, თუ რა სახის ხელშეკრულებას დებდნენ ისინი, მათი მიზანი არ იყო მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების დადება. შეგებებული სარჩელის ავტორის მიზანი იყო საჭირო სახსრების მოძიება ვალის დასაფარად, ხოლო შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხის კი - თანხის დაბანდებით სარგებლის მიღება, რომელიც თავისი შინაარსით ჰგავს სესხის ხელშეკრულებას, თუმცა მხარეებმა აირჩიეს ურთიერთვალდებულების სხვა ფორმა, რასაც კანონი არ კრძალავს. შეგებებული სარჩელის ავტორმა განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა ვალდებულება, არ დააბრუნა თანხა და არ გამოისყიდა ქონება, რის გამოც შეგებებული სარჩელის პირველმა მოპასუხემ 2012 წლის მაისში მიმართა საჯარო რეესტრს და გახდა უძრავი ნივთის სრულფასოვანი მესაკუთრე.

8.2. მჩუქებელმა 06.06.2014წ. სადავო უძრავი ნივთი აჩუქა დას. დასაჩუქრებულმა არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა 25.10.2011წ. გარიგების შესახებ. მჩუქებელს აქვს დამოუკიდებელი ცხოვრება, ოჯახი, სრულწლოვანია და არ არის ვალდებული ხელშეკრულების დადება შეათანხმოს ვინმესთან, მათ შორის დასთან. შეგებებული სარჩელის ავტორი არ არის ჩუქების ხელშეკრულების მხარე და მას ამით რაიმე ზიანი არ მიდგომია.

8.3. დასაჩუქრებული არ უნდა იყოს მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე. ამ სახით შეგებებული სარჩელის მიღება წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას.

8.4. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მითითება ხანდაზმულობაზე, რადგან უძრავი ნივთიდან გამოსახლების საკითხის დაყენებამდე, შეგებებული სარჩელის ავტორს არც სასამართლოში და არც რომელიმე სახელმწიფო უწყებაში არ განუცხადებია პრეტენზია. ის გარემოება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის ოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ სახლში, მხოლოდ მოსარჩელის და მჩუქებლის კეთილი ნებაა და არ ნიშნავს, რომ სადავო უძრავი ნივთი გასხვისებულია უკანონოდ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. სსკ-ის 56-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)) მიხედვით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (შდრ. სუსგ №ას-487-461-2015, 17.06.2015; №ას-1382-2018, 25.01.2019წ.).

13. საკასაციო პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 25.10.2011წ. ხელშეკრულების დადებისას მხარეთა რეალურ მიზანს წარმოადგენდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მყარი გარანტიის შექმნა და არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხე უძრავ ნივთს არ დაუფლებია; მხარეთა შეთანხმება შეიცავდა ნასყიდობის ურთიერთობისათვის უჩვეულო დებულებას ნასყიდობის საგნის სარგებლობისათვის ყოველთვიურად 850 აშშ დოლარის, ანუ გადაცემული თანხის, 17 000 აშშ დოლარის, 5%-ის გადახდის თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს შეგებებული სარჩელის მოპასუხეები ადასტურებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და ფაქტობრივად თავად მიუთითებდნენ სარგებლიან სასესხო ვალდებულების არსებობაზე (ტ.1, ს.ფ. 117-127). გარემოებები, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიზანი იყო სახსრების მოძიება ვალის დასაფარად, ხოლო შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხის მიზანი - თანხის დაბანდებით სარგებლის მიღება, დადასტურებულია საკასაციო საჩივარში ასახული განმარტებებითაც (ტ. 2, ს.ფ 121-137).

14. შესაბამისად, პალატას მართებულად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით, როგორც თვალთმაქცური გარიგებით, დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობისა და აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. დაფარული გარიგების პირობები არ ეწინააღმდეგება შეთანხმების მომენტში მოქმედი რედაქციით სესხის და იპოთეკის მარეგულირებელ ნორმებს. ამდენად, პირველმა მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში მოიპოვა სადავო უძრავ ნივთზე არა საკუთრების, არამედ იპოთეკარის უფლება, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ქონების შეგებებული სარჩელის ავტორის სახელზე აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანია. ვინაიდან თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს იპოთეკის მომწესრიგებელი ნორმები (სსკ-ის 286-ე და მომდევნო ნორმები) და სწორად დაადგინეს ნივთზე შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკის უფლება, რაც გულისხმობს იპოთეკარის უფლების რეგისტრაციასა და უძრავი ნივთის მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებას.

15. რაც შეეხება 06.06.2014წ. გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებას, რომლითაც შეგებებული სარჩელის პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ნივთი აჩუქა დას (მოსარჩელეს), საკასაციო სასამართლო იზიარებს მსჯელობას სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (სუსგ-ებები №ას-1029-2019 30.10.2019წ. ; №ას-1348-2019 , 22.01.2020წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების დადებისას სასამართლომ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია, რომ დასაჩუქრებულისთვის ცნობილი იყო შეგებებული სარჩელის ავტორს და მჩუქებელს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის შესახებ, რაც გამორიცხავს დასაჩუქრებულის, როგორც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის კანონიერებას. გასაზიარებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ გარიგების მოჩვენებითობას და შეგებებული სარჩელის მოპასუხეთა მიზანს, თავი დაეცვათ შეგებებული სარჩელის ავტორის კანონიერი მოთხოვნისგან, ადასტურებს ახლო ნათესავებს, დებს შორის ერთმანეთის ვალდებულების შესახებ სადავო გარიგების დადების გამომწვევი ინფორმაციის ფლობის პრეზუმფცია.

17. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018, 20.03.2018წ.).

18. ვინაიდან საფუძვლიანია შეგებებული სარჩელი გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე, არ არსებობს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

19. კასატორთა მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან მხოლოდ 60 ლარის გადახდა. რაც შეეხება კასატორების მიერ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, მათ უკან უნდა დაუბრუნდეთ მისი 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ო–ის და მ.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ი.ო–ს (პ/ნ: ……) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.01.2020წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის 30%-ის, 60 ლარის გადახდა.

3. ი.ო–ს (პ/ნ: …..) და მ.ო–ს (პ/ნ: ……) უკან დაუბრუნდეთ დ.ა–ძის (პ/ნ: …..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1528 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 24.01.2020წ.) 70% – 1069.60 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე