საქმე №ას-76-2020
2 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი სს „ქ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე ნ.მ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ნოემბერის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.მ–ამ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ქ.კ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, კასატორი) მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 9 000 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის - 12 960 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2019 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5. პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები:
5.1. 2010 წლის 26 მარტს სს „ქ.კ–სა“ და ნ.მ–ას შორის გაფორმდა №საკრ-183 საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ასევე გაფორდა შემდეგი სასესხო ხელშეკრულებები: 1) 2010 წლის 31 მარტის №სას/533 სასესხო ხელშეკრულება და მსესხებელზე სესხის სახით გაიცა - 28 000 აშშ დოლარი; 2) 2010 წლის 30 ნოემბრის №5134 სასესხო ხელშეკრულება და მსესხებელზე სესხის სახით გაიცა - 3100 აშშ დოლარი; 3) 2011 წლის 30 აპრილის №6027 სასესხო ხელშეკრულება და მსესხებელზე სესხის სახით გაიცა - 2000 აშშ დოლარი; 4) 2011 წლის 06 ოქტომბრის №7365 სასესხო ხელშეკრულება და მსესხებელზე სესხის სახით გაიცა - 3460 აშშ დოლარი; აღნიშნული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ქ.კ–სა“ და ნ.მ–ას შორის 2010 წლის 26 მარტს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ნ.მ–ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......, ს/კ .......
5.2. 2012 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით ნ.მ–ას დავალიანება სს „ქ.კ–ის“ მიმართ შეადგენდა 36 358.83 აშშ დოლარს. მოსარჩელეს სასესხო ვალდებულება 2011 წლის სექტემბრის შემდგომ არ დაუფარია. ვალდებულების შესრულების მიზნით, სს „ქ.კ–მა“ მოახდინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია და უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ....., ს/კ ......, 2012 წლის 19 მარტს, მესამე იძულებით აუქციონზე შეიძინა თავად სს „ქ.კ–მა“ – 12119.61 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად, რამაც იმ დროისათვის შეადგინა 19 677 ლარი. შესაბამისად, თბილისის ბიზნეს აუქციონის მიერ 2012 წლის 20 მარტს გაცემული №19/3-12-1 განკარგულების საფუძველზე, სს „ქ.კ–ი“ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ.
5.3. სს „ქ.კ–მა“ იძულებით აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......, სს „თ.ბ–თან“ 2013 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, დატვირთა იპოთეკით.
5.4. 2013 წლის 13 დეკემბერს სს „ქ.კ–სა“ და ნ.მ–ას შორის გაფორმდა ბე-ს გადახდის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბეს მიმცემმა ბე-ს მიმღებს გადასცა ფულადი თანხა - 2925.94 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გადახდილ იქნა ორ ნაწილად - 2013 წლის 10 დეკემბერს - 2344.40 აშშ დოლარი და 2013 წლის 11 დეკემბერს - 581.54 აშშ დოლარი. აღნიშნულმა თანხამ ეროვნულ ვალუტაში შეადგინა - 5000 ლარი. 2014 წლის 10 თებერვალს ნ.მ–ას მიერ სს „ქ.კ–ის“ ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 4000 ლარი. თანხის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია შემდეგი: „უძრავი ქონების გამოსყიდვა .... 89 ნ.მ–ა“.
5.5. ხელშეკრულების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ბე წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებას და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. აღნიშნული თანხა ჩაითვლება ბე-ს მიმცემის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ანგარიშში, რომელიც შეადგენს 70 000 აშშ დოლარს. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...., ს/კ ...... ხელშეკრულების მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილ უნდა იქნეს ბე-ს მიმცემის მიერ არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 მარტამდე. ამ ვადის დადგომისთანავე ბე-ს მიმცემის მიერ სრულად უნდა იყოს გადახდილი ნასყიდობის საფასური და მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება.
5.6. პალატამ აღნიშნა, რომ ბე-ს ოდენობად 5000 ლარი მოპასუხის მიერ განსაზღვრული იქნა შემდეგი ლოგიკით: მოსარჩელე მოპასუხის უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა, ბე-ს ხელშეკრულების გაფორმებამდე 20 თვემდე ვადით. ამ პერიოდში მოსარჩელის მიერ, ქირის სახით, მინიმალური თანხის თვეში 250 ლარის გადახდის შემთხვევაში ქირის სახით ჯამურად გადახდილი იქნებოდა 5000 ლარი. მხარეთა შორის არ მომხდარა ქირავნობის ხელშეკრულების წერილობით გაფორმება, რადგან მოსარჩელემ თავად განახორციელა 4000 ლარის ჩარიცხვა. აპელანტი ნ.მ–ა თანხის გადახდის დანიშნულებას უთითებდა თავისი შეხედულებით და გამოსყიდვას ადასტურებდა. მხარეთა შეთანხმება ბე-ს თანხისა და ქირის საფასურის სახით გადახდილი თანხების საბოლოო ნასყიდობის საფასურში ჩათვლის თაობაზე იყო ნამდვილი.
5.7. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში გამოსარკვევი იყო 2013 წლის 13 დეკემბერს მოდავე მხარეებს შორის გაფორმებული ბეს-ს ხელშეკრულების ნამდვილობა.
5.8. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შინაარსიდან და ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე ბე არის ძირითადი ხელშეკრულების ნაწილი და იგი იდება მხარეთა შორის ძირითადი ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად. რადგან ბე ძირითადი ხელშეკრულების ნაწილია, იგი იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორ ფორმასაც კანონი ითვალისწინებს ძირითადი ხელშეკრულებისათვის. (სუსგ საქმეზე ას- 610-991-06) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
5.9. პალატამ აღნიშნა, რომ 2013 წლის 13 დეკემბერის შეთანხმება უძრავი ნივთის ნასყიდობაზე - სანივთო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვის კანონმა იმპერატიულად დაადგინა კონკრეტული ფორმა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმა. იგივე შინაარსისაა სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი. როგორც ყველა გარიგებისთვის უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის კანონი სპეციალურ წესებს ადგენს: სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლი. (ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება)
5.10. სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წერილობითი გარიგების კანონით დადგენილი წესით დამოწმებული ხელმოწერა იმპერატიული დანაწესია და ამ ტიპის გარიგებისთვის კანონით განსაზღვრულ ფორმას წარმოადგენს, ხოლო ამ ფორმის დაუცველად დადებული გარიგება კანონით გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგს - საჯარო რეესტრში რეგისტრაციით საკუთრების უფლების მოპოვებას ვერ წარმოშობს. მითითებული ნორმის დანაწესი სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლით გარიგების ფორმისათვის დადგენილ ზოგად წესებთან ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ. ამ უკანასკნელი ნორმით კი ზუსტად არის განსაზღვრული ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირი. ამდენად, კანონით დადგენილი წესით დამოწმებული ხელმოწერა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის სავალდებულო წინაპირობაა. უძრავ ნივთზე დადებული ვალდებულებითი გარიგების ფორმასავალდებულობა ნათლად წარმოაჩენს კანონმდებლის მიზანს - უძრავი ნივთების სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევით ხელი შეუწყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. (იხ. სუსგ საქმე №ას- 221-213-2012)
5.11. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ნ.მ–ასა და სს „ქ.კ–ს“ შორის 2013 წლის 13 დეკემბერს შედგენილი ბე-ს გადახდის ხელშეკრულება ბათილია, მხარეთა ხელმოწერები არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით: მხარეთა ნება არც მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის გამოხატული უფლებამოსილი პირის თანდასწრებით და არც სანოტარო წესით არის დადასტურებული.
5.12. პალატამ დაასკვნა, რომ მხარეებს შორის დადებული ბე-ს გადახდის ხელშეკრულება ბათილია მისი დადების მომენტიდან და მხარეთათვის ვერ წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.
5.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ - კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული მუხლის საფუძველზე შესრულების უკან დასაბრუნებლად მოცემული უნდა იყოს შემდეგი სამი პირობა: შესრულება – შეგნებულად და მიზანმიმართულად განხორციელებული მოქმედება, ვითომ - კრედიტორის გამდიდრება და შესრულების საფუძვლის არარსებობა. სადავო არ არის რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის გადაცემული აქვს 9000 ლარი, დადგენილია ასევე აღნიშნული შესრულებით ვითომ - კრედიტორის – მოპასუხის გამდიდრება. მესამე პირობა, როგორც აღინიშნა, მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებულება (გარიგება) ბათილია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ქმნის შესრულების კონდიქცია გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976- ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინება მიღებული აქვს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევებით, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძველს.
6.2. სააპელაციო სასამართლომ ბეს ხელშეკრულების ნაწილში მსჯელობისას არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. არასწორად დაადგინა, რომ იგი იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმდეს, როგორსაც ითვალისწინებს კანონი ძირითადი ხელშეკრულებისთვის.
6.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 183-ე მუხლი და ხელშეკრულების ფორმა დაუკავშირა საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაციის ფაქტს.
6.4. პალატამ არ იმსჯელა ქირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობაზე, რის საფუძველზეც მოხდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ 4000 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებადაა დადგენილი, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამასთან სასამართლომ უარყო მხარეებს შორის ქირავნობის თაობაზე შეთანხმების არსებობა, მაშინ როდესაც მოსარჩელე მოპასუხის ქონებას ფლობდა და სარგებლობდა, ხოლო საკრედიტო დაწესებულებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.
6.5. მხარეებს შორის ქირავნობის ხელშკრულება წერილობით არ გაფორმებულა, თუმცა შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელემ გადაიხადა ქირავნობის საფასური და ისარგებლა ქირავნობის საგნით. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ ქირის სახით გადახდილი თანხა - 4000 ლარი უსაფუძვლოდ აქვს მიღებული სს მ. „ქ.კ–ს“.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
8. საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგი გარემოების გამო:
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. განსახილველ შემთხვევაში კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრების (უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე) შესახებ მოთხოვნის კანონიერება, ე.ი. უმთავრესად უნდა შემოწმდეს 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული ბეს-ს ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა.
13. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბე წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი, რომელიც აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ნებაზე დამყარებულ ურთიერთობებს, უფლების წარმოშობის წინაპირობად არასახელშეკრულებოსთან ერთად განიხილავს და სრული იურიდიული ძალით აღჭურვავს ნებას, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს. სახელშეკრულებო ურთიერთობები სამართალში რელატიურ ანუ ფარდობით ურთიერთობად განიხილება და მიუხედავად ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპისა (სკ-ის 319.1 მუხლი), სამოქალაქო კოდექსი ნების ნამდვილობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს. კერძოდ, როგორც კანონით პირდაპირ მოწესრიგებული, ისე კანონით გაუთვალისწინებელი სახელშეკრულებო ურთიერთობა ნამდვილია, თუკი იგი არ ეწინააღმდეგება კანონს.
გარიგების ნამდვილობაზე მსჯელობისას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საცილო და უცილოდ ბათილ გარიგებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე, 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. გარიგების იურიდიული ძალის საკითხი იმპერატიული მოწესრიგებიდან გამომდინარე, მიუხედავად შედავებისა, ყოველთვის ექვემდებარება სასამართლოს ინიციატივით კვლევას, რადგანაც სამართლებრივი ძალის არმქონე გარიგებისათვის იურიდიული ძალის მინიჭება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ეჭვქვეშ დააყენებს თავად მართლწესრიგს.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, არამედ საჭიროა ასევე, რომ ეს შეთანხმება მოხდეს საამ.დ გათვალისწინებული ფორმით.
16. სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
17. ამავე კოდექსის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.
გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო.
18. ამდენად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი. თუმცა ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. კანონმდებელი გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის ამის საჭიროება და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხელშეკრულების ტიპებს, რომელთა ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ ისინი დაიდოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, წერილობითი ფორმა იყოფა რთულ (სანოტარო) წერილობით და მარტივ წერილობით ფორმებად.
20. სსკ-ის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობის წერილობითი ფორმით ასახვა და ხელმოწერით დადასტურება მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მყიდველს თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს კი თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას.
21. საკასაციო სასამართლოს განმარტებით უძრავი ნივთის ნასყიდობაზე შეთანხმება სანივთო გარიგებაა, რომლის ნამდვილობისთვის კანონმა იმპერატიულად დაადგინა კონკრეტული ფორმა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმა. იმავე შინაარსისაა სსკ-ის 323-ე მუხლი. როგორც ყველა გარიგებისთვის, უძრავი ნივთის ნასყიდობისთვისაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად, სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა (სსკ-ის 59-ე მუხლი) (იხ. სუსგ №ას-898-848-2015, 09 მარტი, 2016 წელი).
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას ბეს სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის შინაარსი.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმეში წარმოდგენილი ბე-ს ხელშეკრულების შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 323-ე, 3111-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე მხარეთა შორის 2013 წლის 13 დეკემბერს შედგენილი ბე-ს გადახდის ხელშეკრულება ფორმადაუცველი გარიგებაა და ბათილია მისი დადების მომენტიდან.
23. სს "ქ.კ–სა" და ნ.მ–ას შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა და სახეზეა შესრულების კონდიქციის შემადგენლობა (სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლების უსაფძვლობა/გაუმართლებლობა. (იხ. სუსგ №ას-344-329-2016, 22 აპრილი, 2016 წელი)
24. დადგენილია, რომ ნ.მ–ასა და სს „ქ.კ–ს“ შორის 2013 წლის 13 დეკემბერს დადებული ბე-ს გადახდის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად ბათილია მისი დადების მომენტიდან, ვინაიდან გაფორმებულია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად და მხარეთათვის ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. ამდენად, აღნიშნული გარიგება დადებისთანავე, ე.ი. უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს და მხარეებისთვის სამართლებრივ შედეგებს არ წამოქმნის.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ.მ–ამ, კასატორს 9 000 ლარი გადაუხადა ბათილი, ანუ არარსებული გარიგების საფუძველზე, ამდენად, სს მ. „ქ.კ–ი“ ვალდებულია, უფლებამოსილ პირს დაუბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული ქონება.
25. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი აღნიშნავს, რომ პალატამ არ იმსჯელა ქირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობაზე, რის საფუძველზეც მოხდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ 4000 ლარის გადახდა. მხარეებს შორის ქირავნობის ხელშკრულება წერილობით არ გაფორმებულა, თუმცა შეთანხმების შესაბამისად, მოსარჩელემ გადაიხადა ქირავნობის საფასური და ისარგებლა ქირავნობის საგნით. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ ქირის სახით გადახდილი თანხა - 4000 ლარი უსაფუძვლოდ აქვს მიღებული სს მ. „ქ.კ–ს“.
26. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ №1015507097 საგადახდო დავალებით დგინდება (იხ. ს.ფ. 61), რომ ნ.მ–ამ 2014 წლის 10 თებერვალს სს „ქ.კ–ს“ გადაურიცხა 4000 ლარი. გადახდა განხორციელებულია შემდეგი დანიშნულებით: „უძრავი ქონების გამოსყიდვა სანავარდოს 89 ნ.მ–ა“. საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებზე მითითებით, განმარტავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება უძრავი ქონების ქირავნობის შესახებ და შესაბამისად ზემოაღნიშნული თანხის გადახდის მიზანს სს "ქ.კ–ის" მიმართ წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენდა. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული ამ პრინციპული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ კვალიფიციურ მტკიცებულებად.
შესაბამისად, საკასაციო პალატის დასკვნით პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა მართებულად არ მიიჩნიეს დადასტურებულად მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა.
27. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო პალატა დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 315 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს მ. „ქ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს მ. „ქ.კ–ს“ (ს/ნ .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 ლარის (საგადასახადო დავალება #1577277938, გადახდის თარიღი 25/12/2019წ.) 70% – 315 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე