საქმე №ას-154-2020
8 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი ლ.მ–ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე გ.დ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი სესხის ხელშეკრულებისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.მ–ემ (შემდგომ – მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.დ–ძის მიმართ (შემდგომ – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სესხის ხელშეკრულების და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2016 წლის 15 აგვისტოს გ.დ–ძესა და ლ.მ–ეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სარგებლის გარეშე, 5000 აშშ დოლარი გადაეცა. ხელშეკრულების მეორე პუნქტის მიხედვით, მხარეთა განცხადებით გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად გადასცა, ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში ნაღდი ანგარიშსწორების წესით. სესხი ერთი თვის ვადით არის გაცემული და მისი სრულად დაბრუნება 2016 წლის 15 სექტემბერს უნდა მომხდარიყო (ს.ფ. 46-49).
5.2. 2016 წლის 19 სექტემბერს 2016 წლის 15 აგვისტოს დადებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სესხის დაბრუნების ვადად 2016 წლის 15 ნოემბერი განისაზღვრა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელისთვის დასაბრუნებელი თანხის 0.1%-ის დაკისრება (ს.ფ. 50-52).
5.3. 2016 წლის 19 სექტემბერს გ.დ–ძესა და ლ.მ–ეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სარგებლის გარეშე, 12 000 აშშ დოლარი გადაეცა. გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში, ნაღდი ანგარიშსწორების წესით, სრულად გადასცა. სესხი 2 თვის ვადით იყო გაცემული და 2016 წლის 19 ნოემბერს სრულად უნდა დაბრუნებულიყო. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებლისთვის დასაბრუნებელი თანხის 0.1%-ის დაკისრება შეთანხმდა (ს.ფ. 33-36).
5.4. 2017 წლის 10 ოქტომბერს, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუს თ.ქ–ძის მიერ #171189732 და #171189152 სააღსრულებო ფურცლები გაიცა, რომელთა მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2016 წლის 15 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში 5 000 აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო, პირგასამტეხლო 2016 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დასაბრუნებელი თანხის (5000 აშშ დოლარი) 0.1%-ით, განისაზღვრა. აღსასრულებელ თანხაში ასევე, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 102 ლარი იქნა გათვალისწინებული.
5.5. 2016 წლის 19 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აღსასრულებელი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში დადგინდა 12 000 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის (12 000 აშშ დოლარი) 0.1%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 20 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე. აღსასრულებელი ვალდებულება ასევე მოიცავს სააღსრულებო ფურცლის ხარჯს (102 ლარი) (ს.ფ. 53-57).
5.6. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება დაწყებულია (ს.ფ. 27-32; 41-45).
5.7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სასესხო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს და მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
5.8. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომლის მიხედვით, გ.დ–ძის ძმას დ.დ–ძეს ამერიკაში წასვლა სურდა, ამ მიზნით მოსარჩელის დას - ნ.კ–ს დაუკავშირდა, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა და მათი შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს საბუთების მოგვარების მიზნით უკრაინაში 17 000 აშშ დოლარი უნდა გაეგზავნა, რომელიც მან ეტაპობრივად გაუგზავნა. 5000 აშშ დოლარი თავად მოპასუხემ გაგზავნა, ხოლო, დარჩენილი თანხები ნ.კ–ს მოსარჩელის შვილის - ნ.მ–ეს მიერ ეგზავნებოდა. თანხის მიმღები პირები ნ.კ–ი და მისი შვილები გ.მ–ძე და ვ.მ–ე, ასევე ოფისის თანამშრომლები, იყვნენ. მოპასუხემ ნ.კ–ს მოსთხოვა, რომ საქართველოში მყოფ პირს აღნიშნულ თანხაზე სესხის ხელშეკრულება გაეფორმებინა, რაზეც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა. მოსარჩელის მითითებით, ამ გარემოებას ნ.კ–ის სახელზე გაგზავნილი ფულადი გზავნილები და დ.დ–ძის საზღვრის კვეთის ფაქტი ადასტურებს. ნ.კ–ის მიერ მოლაპარაკებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხის ძმის მიმართ, შესრულდა, ხოლო, მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა ხელშეკრულების პირობით და სურს უკან დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა მისი ძმის გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.
5.9. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ იგი სამართლებრივად მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე აპელირებს, რომელიც სამოქალაქო სამართალში გარიგების ბათილობის საფუძველია.
5.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კომპლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.
5.11. პალატამ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
5.12. პალატამ ყურადღება გაამახვილა სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. პალატამ განმარტა, რომ გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 19 სექტემბრისა და 2016 წლის 15 აგვისტოს სანოტარო აქტების შესაბამისად, დგინდება, რომ ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა სადავო ხელშეკრულება და მისი დანართები, ასევე თავად მხარეები გაეცნენ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მას ხელი მოაწერეს. გარდა ამისა, სანოტარო აქტებიდან დგინდება, რომ ნოტარიუსმა მხარეებს სხვა მრავალთა შორის განუმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შინაარსი, ასევე დეტალურად აუხსნა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებლო ფურცლის გაცემისა და მისგან მომდინარე შედეგების შესახებ.
5.13. მხარეები სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, განსაზღვრეს სესხის სრული ოდენობა, მისი დაბრუნების ვადა და მისი დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მოცულობაც განსაზღვრეს. გონივრული განსჯის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი სესხის გაცემის შესაძლებლობას, პირგასამტეხლოზე შეთანხმების გარეშეც ითვალისწინებს, გაუგებარია იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა ნება თანმხვედრი იყო და სესხის ხელშეკრულება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რა საჭირო იყო სესხის თაობაზე გარიგებისთვის ყველა დამახასიათებელ ელემენტზე შეთანხმება.
ორივე სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში, ნაღდი ანგარიშსწორების წესით, სრულად გადასცა. ამგვარი დანაწესის მითითება, როგორც წესი სესხის, როგორც რეალური ხელშეკრულების, სპეციფიურობიდან გამომდინარეობს და გამსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე გარანტიების შექმნას ისახავს მიზნად.
5.14. პალატის მოსაზრებით, ამგვარი დაცვითი მექანიზმების გათვალისწინება ცალსახად მოწმობს, რომ მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულებების გაფორმებისას ნამდვილ ნებას არა სხვა მიზნის მიღწევა, არამედ თანხის სესხის სახით აღება წარმოადგენდა.
5.15. იმ პირობებშიც, კი თუ გავიზიარებდით მოსარჩელის მითითებას, რომ მოპასუხემ ნ.კ–ს სესხის ხელშეკრულების გაფორმება მოსთხოვა, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამ გარიგების სანოტარო წესით დამოწმება ვინაიდან სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია მარტივი ფორმითაც გაფორმებულიყო, მით უფრო, როდესაც ნოტარიუსმა მხარეებს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დარღვევისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე განმარტება მისცა.
5.16. მოსარჩელე სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოების ერთ-ერთ დასტურად ასევე უთითებს საზღვარგარეთ განხორციელებულ ფულად გზავნილებზე, რომელთა შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ფინანსურ დოკუმენტაციას საქმეში მონაწილე მხარეებთან და სესხის ხელშეკრულებებთან რაიმე სახის კავშირი არ გააჩნია. სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით დასტურდება, რომ 2016 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გ.დ–ძეს ფულადი გზავნილები ამავე ბანკის მეშვეობით უკრაინის მიმართულებით არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოება დასტურდება სს „თ.ბ–ის“ მიერ გაცემული ცნობითაც.
5.17. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მოპასუხედ დასახელებული პირი ან თავად მოსარჩელის მიერ მითითებული პირები, ლ.მ–ესთან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდნენ, რაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს ქმნის.
5.18. საბოლოოდ პალატამ შეჯამების სახით მიუთითა, რომ სადავო გარიგების გაფორმებისას ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები, არ მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. მეტიც, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ნება სასესხო ურთიერთობის წარმოშობისკენ იყო მიმართული, რასაც ცალსახად ადასტურებს სადავო გარიგებებში გამსესხებლისთვის კანონით გათვალისწინებული გარანტიების შექმნა და სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა, რა დროსაც მსესხებელს სესხის ვადის გადახდა გადაუვადდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. მხარეებს შორის არსებობდა სხვა სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო მოწინააღმდეგე მხარის ძმის საზღვარგარეთ გამგზავრება.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
8. საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველი დავის საგანია სესხის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მისი მოჩვენებითი ხასიათის გამო. კასატორის განმარტებით, მხარეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმების ნება არ ჰქონდათ და ისინი სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოქმედებდნენ.
12. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
13. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებები არ წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.
15. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი.
16. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
17. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (სუსგ 11.11.2015, საქმე №ას-862-812-2015).
18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო ხელშეკრულების შინაარსთან მიმართებით, სადაც პალატამ აღნიშნა, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები შეთანხმდნენ ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ყველა პირობაზე: განსაზღვრეს სესხის სრული ოდენობა, მისი დაბრუნების ვადა და დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოზეც კი შეთანხმდნენ. მხარეებმა აქვე მიუთითეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში, ნაღდი ანგარიშსწორების წესით, სრულად გადასცა.
ამგვარი პირობების გათვალისწინება ცალსახად მოწმობს, რომ მხარეებს შორის სადავო ხელშეკრულებების გაფორმებისას ნამდვილ ნებას არა სხვა მიზნის მიღწევა, არამედ სესხის აღება წარმოადგენდა. ნოტარიუსმა მხარეებს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დარღვევის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობის თაობაზეც მისცა განმარტება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სადავო გარიგებების შედგენისას ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა ხელშეკრულება და მისი დანართები, რის შედეგადაც ხელი მოაწერეს მას.
19. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება დაწყებულია.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებით, მხარეები შედიან რა ერთმანეთთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების მატარებელნი ხდებიან, რომელთა შესრულება გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავს მიზნად. იმისათვის, რომ სახელშეკრულებო თვითბოჭვა იყოს ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება უნაკლო უნდა იყოს. გარიგებას არ მოჰყვება შესაბამისი იურიდიული შედეგები თუ მისი ერთ-ერთი მხარე იყო ქმედუუნარო, ე.ი არ გააჩნდა უნარი, საკუთარი ნებელობითი მოქმედებით შეეძინა უფლებები და მოვალეობები. ამ უნარის გარეშე დადებულ გარიგებას კანონმდებელი ბათილად მიიჩნევს.
ლ.მ–ემ დაადასტურა რა თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მხარეთა ნება სწორედაც, რომ სასესხო ურთიერთობის წარმოშობისკენ იყო მიმართული, რასაც მოწმობს სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და სესხის ვადის გადახდის გადავადება, ასევე საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
21. საქმის მასალებში დაცულია საზღვარგარეთ განხორციელებული ფულადი გზავნილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ 2016 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გ.დ–ძეს ფულადი გზავნილები საბანკო დაწესებულების მეშვეობით უკრაინის მიმართულებით არ განუხორციელებია.
22. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატის 2020 წლის 24 აპრილის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ლ.მ–ეს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30%. დასახელებული თანხა შეადგენს (1126,4:100X5=337,92) 337,92 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ლ.მ–ეს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.მ–ეს (პირადი №.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 337,92 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე