საქმე №ას-200-2020
8 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი ზ.ე–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე სს ,,ს.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომ – მოწინაარმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ე–ის (შემდგომ – კასატორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
ბანკის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე: ქ. მარნეული, ......, ს/კ ....... მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა საჯარო აუქციონის გზით. აღნიშნული ქონება იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს უძრავი ქონების მფლობელობას, სარგებლობასა და განკარგვას.
მოპასუხის პოზიცია
2. მოპასუხე ზ.ე–იმ სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ არ ცნობს სარჩელს. მისთვის სარჩელის ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მისი ოჯახის საკუთრება ირიცხება მოსარჩელის სახელზე. სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მათ უფლებებზე.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელის ჩაბარებამდე მისი მარწმუნებლისთვის არავის უცნობებია, რომ გააჩნდა დავალიანება და უძრავი ქონება შეიძლება გასხვისებულიყო. მოპასუხეს აქვს უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების სურვილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 12.09.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილდა მართებულად;
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ უძრავი ნივთი მდებარე: ქ. მარნეული, ......, ს/კ ....., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,ს.ბ–ი’’-ს სახელზე.
აპელანტი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს, რომელიც ნივთს ფლობს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.
პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე და 168-ე მუხლებზე მითითებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მიიჩნია საფუძვლიანად, რითაც გამოირიცხა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
5.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კასატორი უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
5.2. კასატორის განმარტებით, მხოლოდ სარჩელის ჩაბარების შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, რომ ქონება ირიცხებოდა ბანკის სახელზე. უძრავი ქონებით სარგებლობენ მისი ოჯახის წევრები და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. დასახელებული დარღვევების გამო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
7. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
11. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. 25.07.2019წ., საქმეზე Nას-914-2019; სუსგ. 20.03.2018წ., საქმეზე ას-246-246-2018 ).
12. სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
13. უდავოა, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მფლობელს.
14. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. 17.12.2019წ. საქმეზე Nას-1579-2019).
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე ზ.ე–ის მფლობელობის მართლზომიერება.
15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 27.12.2019წ., საქმეზე Nას-887-2019).
16. რაც შეეხება კასატორის შედავებას, რომ უძრავ ქონებას მასთან ერთად ფლობენ მისი ოჯახის წევრებიც, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატას განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ნორმის დანაწესი გულისხმობს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს დაიწყებს თუ არა დავას სასამართლოში და ვის წინააღმდეგ, ასევე რა მოთხოვნას წაუყენებს მას. შესაბამისად, მოსარჩელე წყვეტს მისი კუთვნილი ქონებიდან მხოლოდ ერთი პირი გამოსახლოს თუ სხვა პირებიც და ეს სარჩელის საფუძვლიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ პირის სასარგებლოდ ან იმ პირის მიმართ, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხარის - მოსარჩელის ან მოპასუხის სტატუსით და სავალდებულო შედეგებსაც მხოლოდ ამ პირის მიმართ წარმოქმნის.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ზ.ე–ის მის გარდა უძრავი ქონების მფლობელების კონკრეტული მონაცემები არ მიუთითებია. ასევე წარმოდგენილი არაა სხვა პირების მხრიდან სადავო ნივთის ფლობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რის შედეგადაც კასატორის დასახელებული გარემოება მართებულად არ იქნა დადასტურებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ზ.ე–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ე–ის პ/ნ ..... დაუბრუნდეს ა.ა–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 06/05/2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე