Facebook Twitter

საქმე №ას-66-2020 21 ივლისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ს–ი, მ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.ო.ჯ.კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ.ს–მა და მ.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“ ან „მსესხებელი“, „მეორე მოსარჩელე“, ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „მ.ო.ჯ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 22.04.2016წ. ხელშეკრულებით მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 8 200 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 2.5% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხი უზრუნველყოფილი იქნა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

2.2. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, 03.10.2018წ. მოსარჩელის მიერ დაფარული უნდა ყოფილიყო 7685 აშშ დოლარი. რეალურად 03.10.2018წ. მდგომარეობით მოსარჩელეებს გამსესხებლის ანგარიშზე შეტანილი ჰქონდათ 7 414 აშშ დოლარი. სასესხო ამონაწერის თანახმად, გრაფიკი დარღვეულია სულ ოთხჯერ, 2017 წლის მარტის, ივნისის, სექტემბრის და ნოემბრის თვეებში. 06.10.2017წ. მეორე მოსარჩელეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რის შემდეგაც მან გადაიხადა 500 აშშ დოლარი. მოსარჩელეები 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე იხდიდნენ სესხის თანხას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხით სრულად იფარებოდა 2017 წლის ნოემბრის თვის ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო, რის თაობაზეც მოსარჩელეებს არ შეატყობინეს.

2.3. მოპასუხემ არ შეასრულა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 873-ე მუხლის მოთხოვნები. მსესხებელი 22.04.2016წ.-დან 03.10.2018წ.-მდე ყოველთვიურად იხდიდა დავალიანებას და ზედიზედ ორი ვადის გადაცილების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოპასუხეს მოსარჩელეებთან არ ჰქონია კომუნიკაცია სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევასთან დაკავშირებით, მას არ განუსაზღვრავს დამატებითი ვადა დავალიანების გადასახდელად.

2.4. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების მოცულობა არ შეესაბამება არსებულ დავალიანებას და იგი ნაცვლად 8 176.56 აშშ დოლარისა, უნდა შეადგენდეს 5 885.74 აშშ დოლარს.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მსესხებლის მიერ გადახდები ხორციელდებოდა დაგვიანებით, ხოლო ზოგჯერ - თვეების გამოტოვებით. სესხი საერთოდ არ ყოფილა გადახდილი 2017 წლის ივლისის, აგვისტოს და ნოემბრის თვეებში, რამაც გამოიწვია დავალიანების და ჯარიმების დაგროვება. დაგვიანებით გადახდილი თანხებიდან ხდებოდა ძირითადად ვადაგადაცილებული საპროცენტო სარგებლის და ჯარიმის დაფარვა.

3.2. თვეების განმავლობაში ზედიზედ არ ხდებოდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ხოლო არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების შედეგად ვერ ხდებოდა ვადამოსული გადასახადების დაფარვა.

3.3. საერთო ჯამში გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან ჯარიმა დაიფარა 1991.10 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებელი - 4 409.39 აშშ დოლარის, ხოლო ძირი თანხა - 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის - 03.10.2018წ., დავალიანება შეადგენდა 8 176.56 აშშ დოლარს (ძირი თანხა - 7 186.49 აშშ დოლარი, სარგებელი - 851.59 აშშ დოლარი, ჯარიმა - 138.48 აშშ დოლარი), რაც ასახულია კიდეც ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.04.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. 22.04.2016წ. დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე სესხის სახით გაიცა 8 200 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, ყოველთვიურად 2.5% საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი.

4.2. 09.10.2018წ. ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა - 7 186.49 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 851.59 აშშ დოლარი, 03.10.2018წ.-სთვის პირგასამტეხლო - 2 870.57 აშშ დოლარი. აღსრულების ხარჯი შეადგენდა 126.72 ლარს.

4.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება. მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი იქნა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 22.04.2016წ.-დან 03.10.2018წ. ჩათვლით პერიოდზე, რომლითაც ცალსახად დასტურდება სესხზე შეტანილი თანხის ოდენობები. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული თანხების გარდა ანგარიშზე ფულადი თანხის შეტანა, რომელსაც მიუთითებს მოსარჩელე, არ ფიქსირდება.

4.4. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 623-ე, 624-ე, 361-ე, მე-400, ასევე ამავე კოდექსის 302-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.10.2019წ. განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. პალატამ განმარტა შემდეგი:

5.1. სესხის ამონაწერის თანახმად 2016 წლის ივნისიდან გადახდები ხორციელდებოდა დაგვიანებით, ხოლო ზოგჯერ საერთოდ თვეების გამოტოვებით. სესხი ვადაგადაცილებაშია 25.06.2017წ.-დან, რის შემდგომაც გადახდილი თანხებით მხოლოდ ორჯერ მოხდა სესხის ძირითადი თანხის დაფარვა 31.67 აშშ დოლარის და 27.34 აშშ დოლარის, სულ 59.01 აშშ დოლარის ოდენობით. საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან დარიცხულ ჯარიმებზე დაიფარა მხოლოდ 1991.10 აშშ დოლარი, ძირითადად დაიფარა სარგებელი 4 409.39 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ძირი თანხა - 1013.51 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის - 03.10.2018წ., დავალიანება შეადგენდა დარჩენილ ძირ თანხას 7 186.49 აშშ დოლარს, სარგებელს - 851.59 აშშ დოლარს და ჯარიმას 138.48 აშშ დოლარს, სულ დავალიანება შეადგენდა 8 176.56 აშშ დოლარს, რაც მითითებულია კიდეც სააღსრულებო ფურცელში.

5.2. ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 873-ე მუხლზე და განმარტა, რომ კრედიტის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თუკი კრედიტის ამღები ზედიზედ ორჯერ არ შეასრულებს კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების ვალდებულებას. ხელშეკრულების დადების უფლება, ისევე როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი თავად წყვეტს, მიუხედავად კონტრაჰენტის მიერ ვალდებულებების დარღვევისა, დარჩეს ხელშეკრულებაში, თუ შეწყვიტოს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება წარმოადგენს კრედიტის გამცემის უფლებას და არა მის ვალდებულებას.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სესხის ამონაწერის თანახმად, მსესხებლის მიერ გრაფიკი დარღვეულია სულ ოთხჯერ, 2017 წლის მარტის, ივნისის, სექტემბრის და ნოემბრის თვეებში. მოსარჩელეები 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრამდე იხდიდნენ სესხის თანხას შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მოპასუხის მიერ აღნიშნული თანხით სრულად იფარებოდა 2017 წლის ნოემბრის თვის ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლო, რის თაობაზეც მოსარჩელეებს არ შეატყობინეს.

6.2. მსესხებელი 22.04.2016წ.-დან 03.10.2018წ.-მდე თითქმის ყოველთვიურად იხდიდა დავალიანებას და ზედიზედ ორი ვადის გადაცილების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოპასუხეს შეეძლო კიდევ ერთხელ მიემართა მოსარჩელეებისთვის და განემარტა, რომ კიდევ ერიცხებოდათ დავალიანება ერთი თვის გადასახდელი თანხის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეებს ზედმეტად არ დაერიცხებოდათ ჯარიმა, პირგასამტეხლო და პროცენტი.

6.3. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების მოცულობა არ შეესაბამება არსებულ დავალიანებას, რაც დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის გათვალისწინებით 03.10.2018წ. მდგომარეობით ნაცვლად 8 176.56 აშშ დოლარისა უნდა შეადგენდეს 5 885.74 აშშ დოლარს.

6.4. კასატორებმა მიუთითეს დავის მორიგებით დასრულების სურვილზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

11. კასატორები სადავოდ ხდიან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების მოცულობას და განმარტავენ, რომ სასესხო დავალიანება დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის გათვალისწინებით 03.10.2018წ. მდგომარეობით ნაცვლად 8 176.56 აშშ დოლარისა უნდა შეადგენდეს 5 885.74 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლოს მიერ სესხის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ 2016 წლის ივნისიდან გადახდები ხორციელდებოდა დაგვიანებით, ხოლო ზოგჯერ თვეების გამოტოვებით. სესხი ვადაგადაცილებაშია 25.06.2017წ.-დან, რის შემდგომაც გადახდილი თანხებით მხოლოდ ორჯერ მოხდა სესხის ძირითადი თანხის დაფარვა 31.67 აშშ დოლარის და 27.34 აშშ დოლარის, სულ 59.01 აშშ დოლარის ოდენობით. საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ გადახდილი 7 414 აშშ დოლარიდან დარიცხულ ჯარიმებზე დაიფარა მხოლოდ 1991.10 აშშ დოლარი, ძირითადად დაიფარა სარგებელი 4 409.39 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ძირი თანხა - 1013.51 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის - 03.10.2018წ., დავალიანება შეადგენდა დარჩენილ ძირ თანხას - 7 186.49 აშშ დოლარს, სარგებელს - 851.59 აშშ დოლარს და ჯარიმას - 138.48 აშშ დოლარს, სულ დავალიანება შეადგენდა 8 176.56 აშშ დოლარს, რაც მითითებულია კიდეც სააღსრულებო ფურცელში (ტ.2, ს.ფ.59). კასატორებმა სააპელაციო პალატის მსჯელობას დაუპირისპირეს მხოლოდ საკუთარი მოსაზრებანი, რომლებიც სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილ სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს არ აკმაყოფილებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

12. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე სსკ-ის 429-ე მუხლთან მიმართებით. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ. Nას-705-2019 , 12.07.2019წ.; Nას-251-2019 05.06.2019წ.). ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოსარჩელეს), შესაბამისი მტკიცებულება კი შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც სასამართლოს სასესხო დავალიანების ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობას მისცემდა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება (იხ.: სუსგ №ას-902-2019, 30.09.2019წ.). არ არსებობს მოსარჩელეების მოთხოვნის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის გაუქმების და დავალიანების შემცირებული ოდენობით განსაზღვრის საფუძველი.

14. რაც შეეხება კასატორების სურვილს დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც, შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორის კანონიერი ინტერესი არ დარღვეულა (სუსგ Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

15. გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება მსგავსი სახის დავებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (იხ.: სუსგ Nას-1199-1119-2017, 30.11.2017). არსებული პრაქტიკისგან განსხვავებაზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი -1173 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1173 ლარის 70% – 821.1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ს–ის და მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.ს–ს (პ/ნ:......) და მ.გ–ძეს (პ/ნ:......) უკან დაუბრუნდეთ ვ.კ–ძის (პ/ნ: ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1173 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 11.02.2020წ.) 70% – 821.1 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი