Facebook Twitter

საქმე №ას-120-2020 21 ივლისი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.შ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.10.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების განხორციელების დავალდებულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.შ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ხ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“) მიმართ ხელშეშლის აღკვეთის და ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე, ახალქალაქის რაიონის სოფელ ....., საკადასტრო კოდით ..... (შემდეგში „მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი“). უძრავი ქონების კოორდინატები დაზუსტებულია ჯიპიესით, რაც ფაქტობრივად არ იძლევა საზღვრების და ფართობის ცდომილების საშუალებას. მოსარჩელის მეზობლად მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს მოპასუხეს საკადასტრო კოდი N.... (შემდეგში „მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი“), რომელსაც ასევე დაზუსტებული აქვს საზღვრები. მოპასუხის მიერ მოწყობილი მიჯნა შეჭრილია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილი ნაკვეთით სრულად სარგებლობაში.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ჯერ კიდევ 2001 წელს, მოსარჩელემ კი - 2017 წელს. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში შეჭრას და ხელშეშლას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 27.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

- აღიკვეთა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა.

- დაევალა მოპასუხეს შეწყვიტოს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ნაწილის (925 კვ.მ. ფართის) უკანონო სარგებლობა და გადაწიოს მიწის ნაკვეთის მიჯნა საჯარო რეესტრის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული კოორდინატებისა და 24.12.2018წ. ნაკვეთის დაკვალვის აქტის მიხედვით, - შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი აღრიცხულია საჯარო რეესტრში. უძრავი ქონების კოორდინატები დაზუსტებულია ჯიპიესით. მოსარჩელის მეზობლად მდებარეობს მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ასევე დაზუსტებული აქვს საზღვრები.

4.2. ი.მ გ.კ.მ–ის 24.12.2018წ. დასკვნის თანახმად, მან განახორციელა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის წვეროების დაკვალვა ადგილზე ფიქსირებით, ინსტრუმენტი „Leica GSo8+”-ის გამოყენებით, რა დროსაც დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ცენტრალური გზის მხარეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთში შეჭრილია 6.78მ-ით (#5 კოორდინატი), ხოლო მეორე მხარეს 4,69მ-ით (#6 კოორდინატი), რაც დეტალურად ასახულია ნაკვეთის დაკვალვის აქტში, რომელიც აღნიშნული დასკვნის განუყოფელი ნაწილია. დასკვნის შემდგენელმა იგივე განაცხადა სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებში.

4.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე, 172-ე მუხლებზე, ასევე 183-ე, 311-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე და მოპასუხე უკანონოდ უშლის ხელს უძრავი ქონებით სარგებლობაში. მოპასუხის პოზიციასთან მიმართებაში, რომ მან მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ჯერ კიდევ 2001 წელს, ხოლო მოსარჩელემ - 2017 წელს და იგი არავის ნაკვეთში არ არის შეჭრილი, სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.10.2019წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 27.02.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დასკვნის შემდგენელის უფლებამოსილების დამადასტურებული მტკიცებულების არარსებობის თაობაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება მხარეთა მიერ საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას სადავო არ გამხდარა. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის არაკომპეტენტურობას.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრის (ნ.კ–ძის) დაკვეთით შპს „ს”-მა 01.07.2016წ. შეადგინა 8000 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც არასწორად დაიტანა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი. ნახაზი ნ.კ–ძემ წარადგინა საჯარო რეესტრში, მოითხოვა უფლების რეგისტრაცია, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს 23.10.2016წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

6.2. მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომლით სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვასაც მოსარჩელე ითხოვს, ფაქტობრივად მოპასუხის კუთვნილი ფართია.

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წინამდებარე საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადაც დავის საგანს წარმოადგენს რეესტრის 23.10.2016წ. გადაწყვეტილების და შპს „ს“-ის 01.07.2016წ. საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობა. ასევე რეესტრის 15.06.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად განსაზღვრავს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (შდრ. სუსგ №ას-1082-2019, 26.12.2019წ.; სუსგ №ას-674-2019, 30.09.2019წ.; №ას-778-2019, 05.07.2019წ.).

11. პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ ი/მ გ.კ.მ–ის 24.12.2018წ. დასკვნაზე (ტ.1,ს.ფ.22,23) დაყრდნობით დადგენილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის და მოპასუხის მიწის ნაკვეთების გამყოფი მიჯნის მოსარჩელის ნაკვეთში შეჭრის ფაქტი. დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეს ხელი ეშლება კუთვნილი ფართით სარგებლობაში. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასამართლოების მიერ ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე დადგენილი გარემოების საწინააღმდეგოს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

12. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. № ას-799-799-2018, 13.07.2018წ.).

13. კასატორი სასამართლოს განჩინებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძლით, რომ ამჟამად მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი წინა მესაკუთრის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა ხარვეზით, არასწორად შედგენილი ნახაზების საფუძველზე და მიუთითებს, რომ მის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე დასაბუთებით შუამდგომლობს კასატორი საქმის წარმოება შეჩერდეს მითითებული ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე.

14. კასატორის განმარტებით, საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სარჩელის განხილვამდე, რომელიც წარდგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს წინააღმდეგ პირვანდელი მესაკუთრის და მოსარჩელის სახელზე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

15. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მსჯელობა საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. სუსგ №ას-415-415-2018, 04.05.2018წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

16. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (სუსგ. Nას-1542-1462-2017 , 30.01.2018წ.). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. Nას-877-2018 , 27.09.2018წ.; სუსგ. Nას-1719-2019, 22.01.2020წ.). დაუსაბუთებელია შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე საქმისწარმოების შეჩერების შესახებ და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. თ.ხ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. თ.ხ–ძეს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს გ.ჯ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ( გადახდის ქვითარი, კლიენტის კოდი 22638066, გადახდის თარიღი 27.12.2019წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

პაატა ქათამაძე