Facebook Twitter

საქმე №ას-1479-1399-2017 27 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი – ე.მ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე მ.ბ–სა და დ.მ–ის სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ., დ. მ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე ე.მ–ძის სარჩელზე)

წარმომადგენელი _ მ.ყ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – (ე.მ–ძის სარჩელში) გარიგებიდან გასვლა, ფანჯრის ღიობის გაუქმება, ნაგებობის სახურავის რეკონსტრუქცია მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების შესაბამისად, წვიმის სარინელის აღდგენა, (მ.ბ–სა და დ.მ–ის სარჩელში) ნაგებობის სახურავის რეკონსტრუქცია მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების შესაბამისად

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელების ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე.მ–ძემ (შემდგომში _ პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ–სა და დ. მ–ის (შემდგომში _ მეორე მოსარჩელეები, მეორე აპელანტები ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა:

- 2011 წლის 29 აპრილს ე. და მ. მ–ძეებსა და მ. ბ–სა და დ. მ–ს შორის დადებული შეთანხმებიდან ე.მ–ძის გასულად აღიარება;

- ქ.მცხეთაში, ...... მდებარე დ. მ–ისა და მ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულსა და მანსარდზე არსებული ფანჯრის ღიობების გაუქმება;

- ქ.მცხეთაში, ..... მდებარე სახლის სახურავის მოწყობა საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დაცვით, სახურავის იმ ნაწილის რეკონსტრუქცია, რომლითაც დარღვეულია ე.მ–ძის უძრავი ქონების (ს/კ # .....) საკადასტრო საზღვარი;

- დ. მ–ისა და მ. ბ–ს დავალდებულება, მათი სახლის სახურავზე არსებული წვიმის სარინელი მოაწყოს იმგვარად, რომ ატმოსფერული ნალექი არ ჩაედინებოდეს ე.მ–ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთში.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1994 წლიდან ე.მ–ძის საკუთრებაშია ქ.მცხეთაში, ...... მდებარე სახლი, რომლის რეკონსტრუქცია განხორციელდა 2009 წელს. რეკონსტრუქციის დროს სახლს არ გაუკეთდა სველი წერტილები, რის გამოც პირველმა მოსარჩელემ მიმართა თხოვნით მცხეთის მუნციპალიტეტის გამგეობას, რომლის დახმარებითაც სახლს მიაშენა დამხმარე ნაგებობა სველი წერტილებისათვის. მის მეზობლად მდებარე სახლი მოპასუხეებმა შეიძინეს 2010 წელს, ხოლო 2011 წელს დაიწყეს მისი რეკონსტრუქცია. კეთილმეზობლური ურთიერთობის გამო, 2011 წლის 29 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით პირველმა მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ თანხმობა განაცხადეს მოპასუხეების სახლის უკანა ეზოს მხარეს, პირველ სართულზე არსებული უკანონო ფანჯრის ღიობი დარჩენილიყო და გადაეტანათ სახლის ჩრდილოეთ კედლის კუთხეში 100Χ80 ზომით. ამავე შეთანხმებით მოპასუხეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არავითარი პრეტენზია არ ექნებოდათ ე.მ–ძის ეზოში მიმდინარე მშენებლობის შესახებ. მოპასუხეებმა შეთანხმება დაარღვიეს, არ გადასცეს სახლის მანსარდული რეკონსტრუქციის პროექტი. შეთანხმებაში მითითებული ადგილის ნაცვლად, მანსადრზე გააკეთეს ფანჯრის ღიობი, ასევე სახლის სახურავი მოაწყვეს საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დარღვევით. სახურავიდან ატმოსფერული ნალექები ჩამოედინება მოსარჩელის საეზოვე ნაკვეთში. სახლის სახურავის ნაწილი გადმოსულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რაც ხელყოფს მის საკუთრების უფლებას. ასევე ხელს უშლის უძრავი ქონების სარგელობას, რადგან სახურავები ერთმანეთს ფარავს, რაც შემდგომში მათ რეკონსტრუქციას ხელს შეუშლის. შეთანხმების მიხედვით, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, არ ჰქონოდათ პრეტენზია მოსარჩელის მიერ წარმოებული მშენებლობის მიმართ, რაც არ შეასრულეს და არაერთი საჩივრით მიმართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ნაგებობის დემონტაჟი, როგორც პროექტის გარეშე აგებული ნაგებობისა. ამდენად, მოპასუხეების მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო მოსარჩელეს წარმოეშვა ამ შეთანხმებიდან გასვლის საფუძველი, რის შედეგად აღდგება პირვანდელი მდგომარეობა, მოპასუხეები იძულებულნი იქნებიან გააუქმონ მათ სახლზე არსებული ფანჯრის ღიობები.

1.2. სასამართლოს სარჩელით მიმართეს დ. მ–მა და მ. ბ–მა ე.მ–ძის მიმართ და მოიოთხოვეს ქ.მცხეთაში, ...... მდებარე სახლის სახურავის საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დაცვით მოწყობა, სახურავის იმ ნაწილის რეკონსტრუქცია, რომლითაც დარღვეულია ე.მ–ძის უძრავი ქონების საკადასტრო საზღვარი.

1.2.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემებებს: ე.მ–ძის სახლის სახურავის ნაწილი შეჭრილია მეორე მოსარჩელეების მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. ამ ქმედებით დარღვეულია მათი საკუთრების უფლება, რის გამოც სახლის სახურავის ეს ნაწილი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საინჟინრო-ტექნიკურ ნორმებთან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განჩინებით სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს თავდაპირველი სარჩელი და განმარტეს, რომ ე.მ–ძე პროექტის და ნებართვის გარეშე აშენებდა სამეურნეო ნაგებობას, რის გამოც დაევალა მისი დემონტაჟი. მოპასუხეების სახლის პირველ სართულზე სხვა ფანჯრის არსებობა შესაძლებელი არ არის, ხოლო სახლის ფანჯრის გარეშე დატოვება შეუძლებელია. მანსარდის ფანჯარა გათვალისწინებულია დამტკიცებული პროექტით, რომელიც არ გასაჩივრებულია, ხოლო სახლის რეკონსტრუქცია განხორციელდა ამ პროექტის შესაბამისად. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სახლის კედლის ნაწილი მდებარეობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რაც ამ მონაცემების რეგისტრაციის უსწორობაზე მიუთითებს, რადგან სახლის რეკონსტრუქციის შედეგად გარე კედლების გაზრდა არ მომხდარა. სახლის სახურავის ნაწილის დემონტაჟი გამოიწვევს სახლის ნაწილის სახურავის გარეშე დატოვებას, რაც დაუშვებელია. წვიმის სარინელთან დაკავშირებით არაერთხელ შესთავაზეს ე.მ–ძეს სარინელის აღდგენა საკუთარი ხარჯით, რაზეც ყოველთვის უარი მიიღეს. მოპასუხე ამჟამადაც არ არის წინააღმდეგი, გაკეთდეს წვიმის სარინელი.

2.2. მეორე სარჩელის მოთხოვნა ასევე არ ცნო თავდაპირველმა მოსარჩელემ, მისი განმარტებით მეორე მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ, თუ როგორ უნდა შეიჭრას სახლის სახურავი იმგვარად, რომ შესაბამისობაში მოვიდეს საინჟინრო-ტექნიკურ ნორმებთან, თუმცა, თუკი დაკმაყოფილდება თავდაპირველი სარჩელი, მისი ავტორი არ არის წინააღმდეგი, განახორცილოს სახლის სახურავის რეკონსტრუქცია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ე.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ბ–სა და დ. მ–ს დაეკისრათ ქ.მცხეთაში, ...... მდებარე, მათი საცხოვრებელი სახლის სახურავის ატმოსფერული ნალექების სარინელის იმგვარად მოწყობა, რომ ატმოსფერული ნალექი არ ჩაედინებოდეს ქ.მცხეთაში, ...... მდებარე ე.მ–ძის მიწის ნაკვეთში, დანარჩენ ნაწილში თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ასევე უარყოფილ იქნა მეორე მოსარჩელეთა მოთხოვნები.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, ე.მ–ძემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, დ. მ–მა და მ. ბ–მა კი _ ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა, ხოლო, მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩვრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის პრეტენზიები და მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის გამო, შეთანხმებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, ასევე, სახლის სახურავის რეკონსტრუქციის შესახებ მოთხოვნების განხორციელების წინაპირობების არსებობა. სააპელაციო სასამართლომ ხსენებული მოთხოვნები უარყო კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობის მოტივით, რასაც არ ეთანხმება კასატორი და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე (სსსკ-ის 393-ე მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული შედავებების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად:

- სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 2011 წლის 29 აპრილის სანოტარო აქტი და იმგვარად წარმოაჩინა სიტუაცია, თითქოს კასატორი გაცნობილი იყო სახლის პროექტს, იცოდა მანსარდზე ფანჯრის ღიობის მოწყობის შესახებ და პრეტენზია არ გამოუთქვამს მოწინააღმდეგე მხარის სახლის მანსარდულ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორს პროექტის დამტკიცების შემდგომ მოტყუებით მოაწერინეს ხელი შეთანხმებაზე. ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ თვეში მ.ბ–მა განცხადება შეიტანა მცხეთის გამგეობაში კასატორის სახლის გადახურვის ჩამოჭრის მოთხოვნით. განცხადება სამი თვის განმავლობაში იყო გამგეობაში, შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ არ შეატყობინეს კასატორს სადავო გარემოების შესახებ, ასევე, თუ სახურავი არ შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებს, რატომ დამტკიცდა პროექტი. სამწუხაროდ, არავითარი განხილვა და პროექტის დამტკიცება კასატორის მონაწილეობით არ მომხდარა. საგულისხმოა, რომ მოწინააღმდეგე მხარე თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ კასატორი ესწრებოდა პროექტის განხილვას და შეთანხმების შემდგომ გაფორმება განაპირობა პროექტის დამტკიცების დღეს ელ.ენერგიის გათიშვამ, მას შემდეგ, რაც კასატორმა წარადგინა მტკიცებულება, რომლის თანახმადაც ელ.ენერგია არ გათიშულა, ამ მხრივ მოპასუხეს მტკიცება აღარ განუხორციელებია. გარდა ამისა, მართალია, სარჩელით ე.მ–ძე მოითხოვდა შეთანხმებიდან გასვლას, თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს შეეძლო განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლის გამოყენება და მოთხოვნა შეეფასებინა გარიგების მოტყუებით დადების ფარგლებშიც. ასევე არასწორია სასამართლოს მტკიცება, თითქოს ადრეც არსებობდა სადავო სახლზე კანონიერად მოწყობილი ფანჯრის ღიობი, რადგანაც ადრე არსებულ ღიობს ფარავდა ყრუ კედელი, რომელიც, განხორციელებული რეკონსტრუქციის შემდეგ აღარაა, ხოლო, კასატორის კეთილი ნება იყო ის, რომ არ მოუთხოვია ფანჯრის ღიობის ამოშენება;

- სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა გარიგებიდან გასვლის წინაპირობების არარსებობის თაობაზე. სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მნიშვნელოვნად არ დაურღვევია ვალდებულება. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, თითქოს კასატორი პროექტის გარეშე აშენებდა კომ.ულ ფართს, რომელიც აბნელებდა მოწინააღმდეგე მხარის კედელს, შენობაში ფუნქციონირებდა ტექნიკურად გაუმართავი კერამიკის საამქრო, დარღვეული იყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და სხვა, ამ მხრივ სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული მასალები, არამედ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის სიტყვიერი განმარტებები. საყურადღებოა, რომ ნოტარიული შეთანხმების დადების დროს მ–ძეების ეზოში არსებობდა მცხეთის გამგეობის მიერ აშენებული დამხმარე ფართი, რომელიც შავი კარკასის მდგომარეობაში იყო, გაურკვეველია, რის საფუძველზე ასკვნის სასამართლო, რომ ამ ფართში მოწყობილი იყო ტექნიკურად გაუმართავი საამქრო. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა კასატორის სახლის რეკონსტრუქცია, რა დროსაც სახელმწიფომ თავად ააშენა ნაგებობა, ის ფაქტი, რომ მას თავად არ შეუდგენია პროექტი, არ შეიძლება კასატორის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. მხარეთა შორის სადავო შეთანხმების დადების საფუძველს წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის ფანჯრის გადატანა, რომელიც ახალ ადგილას არ იქნებოდა დაბნელებული კასატორის ეზოში არსებული დამხმარე ნაგებობის არსებობის გამო. სასამართლომ კი, ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მეორე მოსარჩელეებმა პრეტენზია განაცხადეს დამხმარე ნაგებობაზეც და კასატორის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი სახლის რეკონსტრუქციის პროექტზეც, რითაც დაარღვიეს სადავო შეთანხმების მე-2 პუნქტი. ე.მ–ძის კუთვნილი ეზოს მცირე ფართის გამო, ფანჯრის ღიობიდან სამ მეტრში ნაგებობის აშენება შეუძლებელია. მოწინააღმდეგე მხარე ბოროტად იყენებს უფლებებს და შეთანხმების მიუხედავად, ღიად აცხადებს პრეტენზიას მშენებლობასთან დაკავშირებით ფანჯრის დაბნელების მოტივით;

- სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლზე დაყრდნობით, არასწორად მიიჩნევს, რომ კასატორს აქვს თმენის ვალდებულება, რადგანაც მან თანხმობა განაცხადა დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ რეკონსტრუქციის წარმოებაზე. ამ შემთხვევაში, არასწორად არ იქნა მხედველობაში მიღებული ის გარემოება, რომ პროექტის დამტკიცების მომდევნო დღეს კასატორს შეთანხმებაზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი და პროექტი მისთვის მოგვიანებით გახდა ხელმისაწვდომი. ასეც რომ არ იყოს, პროექტში არაა საუბარი სახურავის წითელი ხაზების დარღვევით მოწყობაზე. არსებულ ვითარებაში, კასატორს არ აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლოს შენობის სახურავი, რადგანაც მასზე ზემოდანაა გადმოსული მოწინააღმდეგე მხარის სახლის სახურავი. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ მოწინაარმდეგე მხარემ დარღვევის აღმოსაფხვრელად ბრტყელი გადახურვა უნდა შეცვალოს პარაპეტის სტილში. სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლზე აპელირებით პალატა განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის სახურავიდან მხოლოდ ატმოსფერული ნალექის ჩამოდინების საფრთხე არსებობს, რომლის აღმოფხვრაც სარინელის მოწყობითაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული ფოტო მასალა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერებისას შედგენილი ოქმი და სპეციალისტ ნ.ჭ–ძის განმარტება;

- სასამართლომ წყლის სარინელთან დაკავშირებით დაამახინჯა ფაქტები. მხარე მოითხოვდა სარინელის სამშენებლო ნორმებთან შესაბამოსობაში მოყვანას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საერთოდ არ აქვს პროექტში შეტანილი წყლის სარინელი, სარინელი არღვევს საკადასტრო საზღვრებს. მხარის მოთხოვნა სახურავის კონსტრუქციის შეცვლასთან ერთად წყლის სარინელების სისტემის შეცვლა იყო. სპეციალისტის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეს სახურავზე უნდა მოეწყო პარაპეტის სისტემა და ამით გადაწყდებოდა, როგორც სახურავის, ისე _ წყლის პრობლემა. სასამართლო არ ასაბუთებს რა ტექნიკური ნორმებისა და საშუალებების გამოყენებით უნდა მოაწყოს მოწინააღმდეგე მხარემ წყლის სარინელები.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.2.1. ე.მ–ძე არის მცხეთაში, ...... მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე. ამ უძრავი ნივთის მომიჯნავედ მცხეთაში, ...... მდებარეობს მ. ბ–სა და დ. მ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის მიერ გაცემული საკადასტრო რუკის თანახმად, მითითებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა და აქვთ საერთო საკადასტრო საზღვარი;

1.2.2. 2011 წლის 29 აპრილს სანოტარო წესით დამოწმდა შეთანხმება, ერთი მხრივ, ე. და მ. მ–ძესა და, მეორე მხრივ, დ. მ–სა და მ. ბ–ს შორის. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: ქალაქ მცხეთაში, ...... მდებარე ე. და მ. მ–ძეების კუთვნილ ეზოში მიმდინარე მშენებლობის შედეგად დაბნელდა დ. მ–ისა და მ. ბ–ს საკუთრებაში არსებული ქ.მცხეთაში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან, პირველ სართულზე არსებული ფანჯრის ღიობი, რის სანაცვლოდ ე.მ–ძე და მ. მ–ძე თანხმობას აცხადებენ, მ. ბ–სა და დ. მ–ის სახლის ჩრდილოეთ კედლის კუთხეში, ზომით 100X80, სიმაღლის ფანჯრის ღიობის გაკეთებაზე; მ. ბ–სა და დ. მ–ს ე.მ–ძისა და მ. მ–ძის კუთვნილი ...... მდებარე ეზოში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ. ე.მ–ძე და მ. მ–ძე თანახმა არიან, მ. ბ–მა და დ. მ–მა გაუკეთონ მანსარდული რეკონსტრუქცია დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ქ.მცხეთა, ......მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლს და სახლის მანსარდულ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ;

1.2.3. 2011 წლის 28 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 28 აპრილის #177 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა მცხეთაში, ...... დ. მ–ისა და მ. ბ–ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ბრძანების თანახმად, შენობის მოშენების ფართია 87.32 კვ.მ, საერთო ფართი _ 125,42 კვ.მ. სამშენებლო მოცულობა 472 მ3. 2011 წლის 28 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემულია მშენებლობის სანებართვო მოწმობა ქ.მცხეთაში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ. მოპასუხეების საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის პროექტი შედგენილია შპს „ქ.პ–ის“ მიერ. პროექტით სახლის ფასადზე უკანა ეზოს მხრიდან გათვალისწინებულია ორი ფანჯარა. პირველ სართულზე კედლის ცენტრალურ ნაწილში ერთი ფანჯარა ზომით 100X80 და მანსარდზე ასევე ერთი ფანჯარა. საცხოვრებელი სახლის რეკონსტუქციის პროექტის თანახმად, რეკონსტრუქციის დაწყებამდე მოპასუხეთა საცხოვრებელი სახლი იყო ერთსართულიანი, ხოლო რეკონსტრუქცია ითვალისწინებდა სახლზე მანსარდული ტიპის სართულის დაშენებას იმგვარად, რომ შენობის გარე კედლების მდებარეობა არ იცვლებოდა. რეკონსტრუქციის შედეგად სახლის ფართობი გაიზარდა მანსარდის დაშენების და არა შენობის გარე კედლების გაფართოების შედეგად. მხარეთა შორის სანოტარო წესით შეთანხმების დადებამდე და საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის დაწყებამდე მ. ბ–ს სახლის ამ მხარეს არსებულ კედელზე არსებობდა ფანჯრის ღიობი, რომელიც განლაგებული იყო ე.მ–ძის საცხოვრებელი სახლის კედლის იმ მხარეს, სადაც მდებარეობს ეზოში გასავლელი კარის ღიობი. რეკონსტრუქციის შედეგად ფაქტობრივად შეიცვალა ამ კედელზე არსებული ფანჯრის მდებარეობა. საცხოვრებელი სახლი მიღებულია ექსპლუატაციაში. პირველ და მანსარდულ სართულზე ფანჯრის ღიობები მოწყობილია მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით, დამტკიცებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე;

1.2.4. 2012 წლის 25 აპრილს დ. მ–მა განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს. განცხადებაში მითითებულია, რომ ე.მ–ძე აშენებს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში კომ.ულ ფართს, სველ წერილებს პროექტის გარეშე. მშენებლობის შედეგად დაბნელდა მისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ერთადერთი ფანჯარა. შენობა მდებარეობს ფანჯრიდან 20 სანტიმეტრში, შენობაში ფუნქციონირებს ტექნიკურად გაუმართავი კერამიკის საამქრო, დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, შენობას არა აქვს გამწოვი, რის შედეგად გამონაბოლქვი ეკოლოგიურად აზიანებს გარემოს. მისი სახლის სახურავი გადმოწეულია კედლიდან. შენობის სიმაღლე არ ემთხვევა პროექტს, ასევე პროექტის დარღვევით გაჭრილი აქვს კარები და ფანჯარა. მანსარდის მშენებლობის დასრულების შედეგად მისი სახლის პირველი სართულის მსგავსად დაბნელდება ასევე მანსარდი, რადგან შენობა მდებარეობს ფანჯრიდან 20 სმ-ის მოშორებით. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2012 წლის 21 ივნისს გამოცემულია #53 მითითება ე.მ–ძის მიმართ, რომლის მიხედვით, მცხეთაში, ...... მდებარე ე.მ–ძის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულია უნებართვო მიშენება. ე.მ–ძეს დაევალა საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენა ან უნებართვო მიშენების დემონტაჟი. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2012 წლის 10 ივლისს შედგენლი #53 შემოწმების აქტის საფუძველზე, ე.მ–ძემ შეასრულა მითითება და მოახდინა უნებართვო მიშენების დემონტაჟი. დ. მ–ის მოთხოვნის საფუძველზე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ე.მ–ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ. მისივე მოთხოვნის საფუძველზე ე.მ–ძეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით დაევალა საცხოვრებელი სახლის სახურავის მოყვანა მისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან შესაბამისობაში;

1.2.5. სარჩელი ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს 2011 წლის 29 აპრილის შეთანხმება, კერძოდ, შეთანხმებაში მითითებული ადგილის ნაცვლად კედლის ცენტრალურ ნაწილში მოაწყვეს ფანჯრის ღიობი; ასევე სახლის სახურავი მოაწყვეს საინჟინრო-ტექნიკური ნორმების დარღვევით; მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, რომ არ ექნებოდათ პრეტენზია მოსარჩელის მიერ წარმოებული მშენებლობის მიმართ, რაც არ შეასრულეს და არაერთი საჩივრით მიმართეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც მოხდა ნაგებობის დემონტაჟი, როგორც პროექტის გარეშე აგებული ნაგებობისა. ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის ინტერესია, რომ აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რის შედეგადაც გაუქმდება მოპასუხეთა სახლის პირველ და მანსარდულ სართულზე არსებული ფანჯრის ღიობები.

1.2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 თებერვლის დასკვნის თანახმად, ქ.მცხეთაში, ...... და #28-ში მისამართებზე სპეციალური GPS ხელსაწყოს მეშვეობით ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ მ. ბ–სა და დ. მ–ის შენობის სახურავის ნაწილი (მაქსიმალური გადაფარვა 0,46 მეტრი) მდებარეობს ე.მ–ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ქალაქ მცხეთის მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში, სადაც მიწის ნაკვეთებს და საცხოვრებელ სახლებს შორის მანძილი არის სამშენებლო ნორმებით განსაზღვრულ სამეზობლო მიჯნის მანძილზე ნაკლები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 თებერვლის დასკვნით ასევე დადგენილია, რომ მ. ბ–სა და დ. მ–ის კუთვნილი შენობის გარე კედელი კუთხეების შეხების ზონაში ორ მონაკვეთში გადასულია ე.მ–ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ამდენად, სახურავის საკადასტრო საზღვრებში შეჭრა ნაწილობრივ გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მ. ბ–სა და დ. მ–ის საცხოვრებელი სახლის კედლის ნაწილი მდებარეობს ე.მ–ძის მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარში;

1.2.7. მოპასუხეებმა მანსარდული სართულის მშენებლობა აწარმოეს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, რომლითაც შეთანხმებულად ჩაითვალა მცხეთაში, ...... დ. მ–ისა და მ. ბ–ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციისათვის წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ე.მ–ძემ თანხმობა განაცხადა დამტკიცებული პროექტის შესაბამისად ეწარმობინათ მოპასუხეებს მანსარდული სართულის მშენებლობა, რაზედაც მას პრეტენზია არ ექნებოდა. მოპასუხეების საცხოვრებელი სახლის რეკოსტრუქციის პროექტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი გადახურულია ქანობიანი სახურავით და გათვალისწინებულია შენობის კედლის კონტურიდან მისი გადაცდენა 30 სმ-ით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსპერტის დასკვნისა და სპეციალისტის განმარტების საფუძველზე მიუთითა, რომ ქანობიანი სახურავის საინჟინრო ტექნიკური თავისებურებიდან გამომდინარე სახურავის კიდე უნდა სცილდებოდეს შენობის კედელს. ამდენად, შენობის კედლიდან სახურავის გადმოცდენა გამოწვეულია საცხოვრებელი სახლების კონფიგურაციითა და სახურავის საინჟინრო კონსტრუქციის თავისებურებით. ექსპერტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით კი, სახურავი საინჟინრო-ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობაშია. სახლის სახურავის არსებული კონსტრუქცია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისათვის საფრთხეს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს ატმოსფერული ნალექების ჩამოდინების შესაძლებლობა. აღნიშნული საფრთის აღმოფხვრა კი შესაძლებელია სხვა გზით, კერძოდ სარინელის მოწყობით. მ. ბ–სა და დ. მ–ის საცხოვრებელ სახლს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხარეს არ გააჩნია წყლის სარინელი და სახურავიდან ჩამონადენი წყალი ხვდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საზღრებში.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ისინი ვერ აბათილებენ გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს. პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართლი არეგულირებს რა რელატიურ სამოქალაქო ურთიერთობებს, კანონის მოწესრიგება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ხელშერულებებით, რომელთა დეტალური რეგულაციაც სამოქალაქო კოდექსშია მოცემული. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. განსახილველი ნორმა ადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რომელიც, საინტერესოა რამდენიმე მიმართულებით. ნორმით დადგენილია კანონის დისპოზიციური ნების ფარგლებში მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობა; კანონით გაუთვალისწინებელი შინაარსის შეთანხმების შესაძლებლობა. საგულისხმოა, რომ ამავე ნორმიდან გამომდინარე, შეთანხმებათა ნამდვილობა დამოკიდებულია იმპერატიულ ნორმებთან მათ შესაბამისობაზე, წინაღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ისინი, როგორც მართლსაწინააღმდეგო, ბათილად იქნება მიჩნეული. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი ხაზს უსვამს ისეთ სიკეთეებს, როგორიცაა საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვა, ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე.

1.3.2. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა 2011 წლის 29 აპრილს დადეს ხელშეკრულება, რომლითაც იკისრეს თვითბოჭვის ვალდებულება ურთიერთმოთხოვნებიდან გამომდინარე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ეს ვალდებულებები, რის გამოც, მას სურს ხელშეკრულებიდან გასვლა. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლებით, რომლებიც ადგენენ ორმხრივი ვალდებულებიდან გამომდინარე პირის უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს რესტიტუცია, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. უნდა ითქვას ისიც, რომ ხელშეკრულებაზე უარის საფუძველი უნდა იყოს ვალებულების არა ნებისმიერი, არამედ _ არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც გამართლებულს ხდის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლად მიაჩნია ის გარემოება, რომ სასაზღვრო მიჯნის ზონაში არსებული ფანჯრის ღიობი, რომლის ამოჭრაზეც მან ხელშეკრულებით განაცხადა თანხმობა, განთავსებულია არა კედლის ჩრდილოეთ კუთხეში, არამედ _ ცენტრალურ ნაწილში. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ხელშეკრულების არაარსებით დარღვევად, რაც სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მართლაც გამორიცხავს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას, ამასთანავე, არც საკასაციო საჩივარი და არც სასამართლოსათვის მიცემული განმარტება არ ყოფილა დამაჯერებელი, რომლითაც დადასტურდებოდა კედლის ცენტრალურ ნაწილში ფანჯრის ღიობის ამოჭრით კასატორის ინტერესების დაუშვებელი ხელყოფა, რომლის პრევენციაც კედლის ჩრდილოეთ კუთხეში ღიობის მოწყობა განაპირობებდა. იგივე შეიძლება ითქვას მანსარდული ტიპის რეკონსტრუქციასა და ღიობის ამოჭრაზე. ორივე შემთხვევაში საგულისხმოა, რომ კასატორმა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის #1-1/1254 ბრძანების 26-ე მუხლის 151 პუნქტის შესაბამისად, მიჯნის ზონაში ღიობის ამოჭრაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო, თავად ღიობის ზომების შესაბამისობა შეთანხმებასთან, მხარეთა შორის სადავო არაა. რაც შეეხება პროექტის გარეშე ნაწარმოებ ნაგებობაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებსა და საჩივრებს, ამ შემთხვევაშიც გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნები, რომ დემონტაჟი განაპირობა ნაგებობის სამშენებლო მოთხოვნებთან შეუსაბამობამ (ამის საწინააღმდეგო შემთხვევაში მართებული იქნებოდა პირველი მოსარჩელის პოზიცია, მოპასუხეთა მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის თაობაზე), ამ მხრივ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ის შეძლებდა ქონების ლეგალიზაციას, რადგანაც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა ლეგალიზაციის შედეგად უნებართვო მშენებლობის დაკანონების წინაპირობებს, ხოლო, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში სასამართლო ადმინისტრაციულ კანონმდებლობაზე დამყარებული მოთხოვნის წარმატებულობას ვერ შეამოწმებს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებას, რომელიც, საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებს ზღუდავს სპეციალური მოწესრიგებით. კანონის ხსენებული დანაწესისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაავალა კასატორს უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, სახეზე არ არის მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ორმხრივი ხელშეკრულების დარღვევა, რაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნას განაპირობებდა.

1.3.3. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხელშკერულების მოტყუებით დადების თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება, მართალია, სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა, სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს (სსსკ-ის მე-4 მუხლი), სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებში. სწორედ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლებიდან გამომდინარეა სასამართლო უფლებამოსილი, მოთხოვნის წარმატება შეაფასოს სხვადასხვა სამართლებრივი ნორმის ფარგლებში. ამ მხრივ კი, უდავოა, რომ პირველ მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია მოტყუების ფაქტებზე, რომელთა საფუძვლიანობას სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 81-ე-84-ე მუხლებთან მიმართებაში შეისწავლიდა;

1.3.4. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის შედავებას სახლის სახურავის რეკონსტრუქციის თაობაზე, მიუთითებს ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.6.-.1.2.7. პუნქტებში მითითებულ ფაქტებზე და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლით განსაზღვრული დაუშვებელი ხელყოფა, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მიჯნის დარღვევის თაობაზე კასატორს წინასწარ ან შეტყობისთანავე არ განუცხადებია, ამასთანავე, მიჯნის ბრალეული დარღვის ფაქტი არ დგინდება, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამეზობლო თმენის ვალდებულება, უფრო მეტიც, ვინაიდან სახურავის დანიშნულებიდან, ასევე, მეზობლების შენობებების კონფიგურაციიდან გამომდინარე, აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ატმოსფერული ნალექის ჩამოდინება კასატორის ეზოში, სახეზეა საფრთხის აღკვეთის მოთხოვნისათვის სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობა. საფრთხის თავისებურებიდან გამომდინარე კი, ტექნიკური რეგლამენტის 33-ე მუხლის პურველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის თანახმად, საფრთხის აღსაკვეთად საკმარისია წვიმის სარინელის მოწყობა. ამ შემთხვევაში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება იმას, წყლის ჩამოდინება არიდებული იქნება პარაპეტის ტიპის სახურავის თუ სარინელის მოწყობის გზით. ისევე, როგორც დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლოს არ განუსაზღვრავს სარინელის მოწყობის წესი, რადგანაც გადაწყვეტილება აღსრულებულად ჩაითვლება, თუკი სარინელის მოწყობა ატმოსფერული ნალექის ე.მ–ძის ეზოში ჩადინებას გამორიცხავს. საკასაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ფოტოილუსტრაციისა და კასატორის განმარტებების ფარგლებში უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე პრეტენზია, რომ მოწინააღმდეგე მხარის სახლის სახურავი იმდენადაა გადასული მისი სახლის საზღვრებში, რომ იგი შეუძლებელს გახდის სამომავლოდ სახურავის შეცვლას, რადგანაც სახურავის შეცვლის ტექნიკური შეუძლებლობა სპეციალურ ცოდნას საჭიროებს, ხოლო, კასატორს არ მიუთითებია განკუთვნად მტკიცებულებებზე (მაგ: სსსკ-ის 162-ე მუხლით განსაზღვრული ექსპერტის დასკვნა). პალატა აქვე უარყოფს ე.მ–ძის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის არასწორად წარმოჩენის თაობაზე და განმარტავს, რომ დადასტურებული საფრთხის აღკვეთის ნაწილში გადაწყვეტილება დასაბუთებულია და ემყარება უფლების დაცვას, სასამართლოს მხრიდან კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევა საქმის მასალებით არ დგინდება.

1.4. გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვების პროცესუალური დასაბუთება:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, საკასაციო საჩივარი კი, არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უცვლელად ტოვებს მას.

2. პროცესის ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, არ არსებობს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, ის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი