27 თებერვალი, 2019 წელი, №ას-203-203-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის გახილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჯ.დ.გ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ D.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჯ.დ.გ-სა“ და (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემკვეთი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და შპს „ D.-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მენარდე, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2014 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მენარდემ საავანსო თანხის გადარიცხვის დღიდან 25 სამუშაო დღეში, მოპასუხის კუთვნილი ავეჯის მაღაზიის კონდიცირების, ჰაერით გათბობისა და ვენტილაციის სისტემების შეძენა-მონტაჟისა და სველი წერტილის მოწყობის ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების ღირებულება 47 000 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 80% მოპასუხეს წინასწარ უნდა გადაეხადა, ხოლო დარჩენილი 20% - სისტემის გაშვებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
2. 2014 წლის 17 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს 37 000 ლარი გადაუხადა.
3. საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა (23.03.2015 წლისა და 29.12.2015 წლის) და სასაქონლო ზედნადებების (26.12.2014 წლისა და 06.05.2015 წლის) მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულებაა 49 475.50 ლარი (42 030 და 7 445.50).
4. 2016 წლის 21 აპრილს შემკვეთმა მენარდეს წერილობით აცნობა, რომ დამონტაჟებული მოწყობილობები მუშაობდა ხარვეზით, რის გამოც გამოყენება შეუძლებელი იყო და მოითხოვა შეკეთება ან შეცვლა.
5. 2016 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ დავალიანების 12 475.50 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების შესახებ უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელეს კონდიცირების, ჰაერით გათბობისა და ვენტილაციის სისტემის გაშვების აქტი არ წარმოუდგენია. შესაბამისი მოწყობილობების გამართულად მუშაობა ასეთი აქტით უნდა დადასტურებულიყო. უფრო მეტიც, მოსარჩელემ მოწყობილობები დაამონტაჟა უხარისხოდ, რომელიც საექსპლუატაციოდ უვარგისი იყო. სამუშაოები შესრულდა ტექნიკური მოთხოვნების დარღვევით. მოპასუხემ არაერთხელ, მათ შორის, 2016 წლის 21 აპრილს მიმართა მოსარჩელეს და ნაკლის გამოსწორება მოითხოვა, თუმცა დღემდე უშედეგოდ. ზემოაღნიშნულის გამო, მოპასუხემ სამუშაოები არ ჩაიბარა, ამიტომ თანხის გადახდაც არ უნდა დაეკისროს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 12 475.50 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
9.სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 340-ე, 477-ე, 487-ე, 629-ე, 642-ე და მე-400 მუხლები გამოიყენა და მიუთითა შემდეგი:
9.1. ხელშეკრულების 7.1 მუხლის მიხედვით, დეფექტებზე პასუხისმგებლობის ვადები შეადგენს 36 თვეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა ცალკეული ეტაპისა და მთლიანი სამუშაოს შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან. 7.3. მუხლის თანახმად, აღმოჩენილი დეფექტების აქტის შედგენაზე ან ხელმოწერაზე მენარდის მიერ უარის თქმისას, შემკვეთი საკუთარი ხარჯებით მოწვეული კვალიფიცირებული ექსპერტიზის საფუძველზე ადგენს ცალმხრივ აქტს. 7.4. მუხლის თანახმად კი, ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში, პირველი ერთი წლის განმავლობაში მენარდე ვალდებულია, გაასწოროს საკუთარი ხარჯებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მასალებს შეიძენს შემკვეთი, ხოლო სამუშაოებს შეასრულებს მენარდე.
9.2. დამონტაჟებული ტექნიკის უხარისხობისა და სისტემის გაუმართაობის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ განახორციელა. საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შემკვეთმა მოსარჩელეს აცნობა შესრულების ნაკლის თაობაზე და იმოქმედა ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, მოსარჩელესთან ერთად შეადგინა აქტი ან მოიწვია ექსპერტი და შეადგინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული „ცალმხრივი აქტი“, რაც დაადასტურებდა შესრულებულ სამუშაოთა ხარვეზებს.
9.3. შესრულებული და მიწოდებული სამუშაოებისა და მოწყობილობების ხარვეზის დასდასტურებლად მხოლოდ 2016 წლის წერილი სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ცალმხრივი აქტის შედგენისა და ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება ჰქონდა. მით უფრო, მასში არ არის კონკრეტულ ხარვეზებზე მითითებული და შეუძლებელია დადგენა, მართლაც არსებობს თუ არა ხარვეზი, ვისი ბრალით, როდის გამოვლინდა ის და ა.შ.
9.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკისა და სისტემის მონტაჟთან დაკავშირებული ხარვეზების დადასტურება შესაძლებელი იყო მხოლოდ შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც შესრულების ხარვეზები იმდენად თვალსაჩინოა, რომ ნათელია ყველასთვის.
სასამართლოს დასკვნით, საქმეში არ იყო წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას დაადასტურებდა. შესაბამისად, მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად უნდა გადაეხადა.
10. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
10.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო მოსარჩელის მიერ მოწოდებული მასალებითა და მუშახელით, სამუშაობის შესრულების შესახებ უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების, კონდიციონერების, ჰაერით გათბობისა და ვენტილაციის სისტემების გაშვების აქტები, ანუ დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება, რომ მენარდემ დაასრულა სამუშაოები და ეს მოწყობილობები მუშაობს გამართულად.
10.2. აპელანტის მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოსარჩელეს დღემდე არ შეუსრულებია სრულად. ამის გამო, სამუშაოები მოპასუხეს არ მიუღია. ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, ხელშეკრულების მე-7 პუნქტზე მითითება არასწორია. ხელშეკრულების მიხედვით, ღირებულების 20% მენარდეს ვალდებულების შესრულებიდან 3 დღეში უნდა აუნაზღაურდეს. შესაბამისად, სანამ მოსარჩელე ვალდებულებას სრულად არ შეასრულებს, მოპასუხე არ არის ვალდებული, გადაიხადოს სადავო თანხა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მიწოდებული საქონლის/მომსახურების ნაკლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლომ სწორად შეაფასა მოპასუხის 2016 წლის 21 აპრილის წერილი და დასაბუთებულად დაასკვნა, რომ მომსახურების ხარვეზების დადასტურება შესაძლებელი იყო მხოლოდ სპეციალისტის დასკვნით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ქცევის შემდეგ წესზე: „აღმოჩენილი დეფექტების აქტის შედგენაზე ან ხელმოწერაზე მენარდის მიერ უარის თქმისას, შემკვეთი საკუთარი ხარჯებით მოწვეული კვალიფიცირებული ექსპერტიზის საფუძველზე ადგენს ერთმხრივ აქტს“ (ხელშეკრულების 7.3 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს არც ასეთი „ერთმხრივი აქტი“ არ შეუდგენია კვალიფიციური ექსპერტიზის საფუძველზე.
12.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, 2014 წლის 16 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში გაუწია 49 475.5 ლარის მომსახურება, საიდანაც ასანაზღაურებელი დარჩა 12 75.5 ლარი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
13. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
13.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურები ადასტურებს მასალის შეძენას და არა - ვალდებულების შესრულებას. ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურებულიყო მიღება-ჩაბარების აქტით, რაც არ გაფორმებულა. შესაბამისად, შემკვეთს სამუშაოები არ მიუღია. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ხელშეკრულების 7.1 პუნქტზე მითითებაც, რომლის თანახმადაც, დეფექტზე პასუხისმგებლობის ვადა - 36 თვე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან აითვლება.
13.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს, სსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა, ვინაიდან შემკვეთს არ აქვს თანხის სრულად გადახდის ვალდებულება, ვიდრე მენარდე ვალდებულებას სრულად არ შეასრულებს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბერი განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის დარჩენილი ნაწილის გადახდაა, შესაბამისად, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლი.
17. ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე მენარდის მოთხოვნა მაშინ დაკმაყოფილდება, თუ ის დაამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა, ანუ შესრულებულ სამუშაოთა მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება. შესაბამისად, მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაემტკიცებინა, თუ რა ხარჯი გაწია მან 2014 წლის 16 ივნისის ხელშეკრულების შესასრულებლად. მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ადასტურებს, საგადასახადო ანგარიშფაქტურები (23.03.2015 წლისა და 29.12.2015 წლის) და სასაქონლო ზედნადებებია (26.12.2014 წლისა და 06.05.2015 წლის), რომელთა მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება 49 475.50 ლარია (42 030 და 7 445.50). აქედან 37 000 ლარის ანაზღაურებაზე მხარეები არ დავობენ, სადავოა დარჩენილი12 475.50 ლარის ანაზღაურება.
18. მოპასუხე შესაგებელში უთითებს დამონტაჟებულ მოწყობილობათა და შესრულებულ სამუშაოთა ნაკლოვანებებზე და მის მიერ მენარდისათვის წარდგენილ უშედეგო მოთხოვნაზე ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებით. მოპასუხის განმარტებით, მან 21.04.2016 წლის წერილით მენარდეს დამონტაჟებულ მოწყობილობათა ხარვეზით მუშაობის გამო, მათი შეკეთება ან შეცვლა მოსთხოვა, რაც მენარდეს არ შეუსრულებია. შესაბამისად, შემკვეთი მანამდე არ გადაიხდის საზღაურს სრულად, ვიდრე მოსარჩელე ამ ვალდებულებას არ შეასრულებს.
19. პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია მოპასუხის შედავება მენარდის მიერ ნაკლიანი ნივთის გადაცემისა და ამის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი 12 475.50 ლარის ანაზღაურებაზე უარის თაობაზე.
მოპასუხის შესაგებელი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის საპირისპირო ნორმას, სსკ-ის 642.1 მუხლს ეფუძნება, რომლის თანახმად, როდესაც ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, ხოლო, სსკ-ის 645-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი შესრულების მიუღებლობის შემთხვევაში, ნაკლის შესაბამისად - საზღაურის შემცირების უფლება, თუმცა შემკვეთი ვალდებული იყო, ამ ნორმების წინაპირობა - ნაკლიანი შესრულება დაემტკიცებინა.
დამონტაჟებულ მოწყობილობათა ნაკლი ან სამუშაოთა უხარისხოდ შესრულება მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია, რაც ხელშეკრულების მიხედვით, „კვალიფიცირებული ექსპერტიზის საფუძველზე შემკვეთის მიერ შედგენილი აქტით“ უნდა დადასტურებულიყო. ამდენად, სადავო ფაქტის დასადგენად მხარეები სწორედ ამ წესზე შეთანხმდნენ.
20. მოპასუხის პრეტენზია ისაა, რომ ეს წესი გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ნაკლი შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტით მიღების შემდეგ გამოვლინდებოდა. ამ შემთხვევაში კი, მას სამუშაოები არ მიუღია და არც მიღება-ჩაბარების აქტზე არ მოუწერია ხელი.
როგორც უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება, გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-323-307-2011, 01.12.2011წელი). პალატა მიუთითებს, რომ შემკვეთის 21.04.2016 წლის წერილითაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა მიიღო შესრულება, თუმცა იგი ნაკლიან შესრულებას ედავება. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა, მოცემულ შემთხვევაში, სამუშაოს შეუსრულებლობას არ ადასტურებს. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, რომელთა გასაქარწყლებლად მითითებული გარემოებები მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მენარდის მიერ სამუშაოთა ხელშეკრულების შესაბამისად შესრულების თაობაზე.
21. რაც შეეხება მტკიცებას, რომ სამუშაოთა უხარისხოდ შესრულებას, 21.04.2016 წლის წერილი ადასტურებს, პალატა მიუთითებს, რომ ის სამუშაოთა უხარისხოდ შესრულების დასადასტურებლად არასათანადო მტკიცებულებაა. გარდა ამისა, წერილი რომც აკმაყოფილებდეს მტკიცებულების სტანდარტს, მაინც არ გამოდგება მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის დასადასტურებლად, რამდენადაც 21.04.2016 წლის წერილის შინაარსიდანაც ნათელია, რომ ეს არის სამუშაოების მიწოდების (ჩაბარების) შემდეგ წამოყენებული პრეტენზია დეფექტების აღმოჩენის თაობაზე, მასზე კი, ვრცელდება ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგენილი წესი, რომლის მიხედვით, დეფექტის არსებობა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით და ეს შემკვეთის ვალდებულებაა. მოპასუხეს ასეთი დასკვნა არ წარმოუდგენია.
22. რაც შეეხება მოთხოვნის შემაფერხებელ ნორმაზე სსკ-ის 369-ე მუხლზე კასატორის მითითებას, როგორც აღინიშნა, შემკვეთმა სსკ-ის 642.1 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება ვერ დაამტკიცა, სსკ-ის 369-ე მუხლის გამოყენების წინპირობა კი, საპირისპირო მოთხოვნის ნამდვილობაა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესრულებული ნაწილის მიმართ კანონი ადგენს შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებას. შესრულებულ სამუშაოთა მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება. მოსარჩელემ 49 475.50 ლარის ღირებულების სამუშაოთა შესრულების ფაქტი დაამტკიცა, მოპასუხემ მენარდის ხელშეკრულებით განსაზღვრული საზღაურის სრულად მიღების ხელისშემშლელი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაამტკიცა, რის გამოც მენარდის მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ნაწილის (12 475.50 ლარის) ანაზღაურების თაობაზე, დასაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ.დ.გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი