№ას-506-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ც.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.დ–ა
მესამე პირები – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც.ჩ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტლებით, ლ.დ–ას (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, ქ. თბილისში, ....... მდებარე ბინა №28 (შემდეგში - სადავო ქონება), რომელიც გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
2. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის მტკიცებით, საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, მოსარჩელეს კი, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ აქვს რეგისტრირებული. ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები რჩება მფლობელებს, მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო ქონებას 2006 წლიდან ფლობს მოპასუხე. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს სადავო ბინაში არ უცხოვრია და სადავო ფართზე პრეტენზია მხოლოდ 2010 წელს გამოთქვა. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის ოჯახმა სახელმწიფოსგან მიიღო თბილისში, ...... მდებარე N70 ბინა და სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც ამ მისამართზეა რეგისტრირებული.
2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიაკუთვნა მოსარჩელეს სადავო ქონება, ვინაიდან იგი სადავო ბინის განთავსების მისამართზე ბინის ნუმერაციის მითითების გარეშე დარეგისტრირდა. კასატორისვე განმარტებით, სადავო ბინის მესაკუთრე დღესაც სახელმწიფოა, თუმცა სასამართლომ სახელმწიფოს გვერდის ავლით სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება უკანონოდ აღიარა.
2.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში საერთოდ არ უსმჯელია თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 29 ნოემბრის N44.02.853 განკარგულებაზე, რომლის თანახმად, სადავო ქონების განთავსების მისამართზე მდებარე ბინები საკუთრებაში გადაეცათ იმ პირებს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობენ და სარგებლობენ აღნიშნული უძრავი ქონებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული სამართლებრივი აქტი რომ გაეთვალისწინებინა დავის გადაწყვეტისას, მის უფლებრივ მდგომარეობას ამ დავაზე სამართლებრივად სხვაგვარად შეაფასებდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. სადავო ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა.
5.2.2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 18 თებერვლის №19 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელ ფართობს მიენიჭა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი.
5.2.3. მოსარჩელე იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც 2008 წლის 30 მაისს დარეგისტრირდა სადავო ქონების მისამართზე.
5.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხეების - რ., ა. და ი. ჩ–ეების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო ქონება და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ დავაზე სამართალწარმოება დასრულებულია და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
5.2.5. 2012 წლის 22 სექტემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და, მეორე მხრივ, თ.დ–ას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.2. ს.ფ. 120-122), რომლითაც მყიდველს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება ქ. თბილისში, ....., მე-4 სართულზე მდებარე ბინა №70 (ტ.2. ს.ფ. 31-32). ამავე ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მესაკუთრემ ივალდებულა შემდეგი პირების - თ.დ–ას, ე.დ–ასა და მ. ლ–ძის უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ბინაში. ამ ხელშეკრულებაში მოსარჩელე მითითებული არაა და სახელმწიფოს მისთვის, როგორც იძულებით გადაადგილებული პირისთვის საცხოვრებელი ბინა არ გადაუცია.
5.2.6. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 მაისის სამსახურებრივი ბარათის (ტ.2. ს.ფ. 93) თანახმად, მოსარჩელე კომპენსაციით და საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილებულა.
6. განსახილველ შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 160-ე მუხლის (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) დანაწესიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადი იქნება, შემდეგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა სადავო ნივთზე და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ერთმნიშვნელოვნად დგინდება - სადავო ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ამდენად, მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის გამორკვევის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, ქონების მესაკუთრის -სახელმწიფოს ნებით მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფლობა.
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტი (მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს) განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევას განიხილავს კანონმდებლობა დევნილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული ქონების მართლზომიერ მფლობელობად და ასეთად, შესაბამის საცხოვრებელში სახელმწიფოს თანხმობით დევნილის რეგისტრაციას მოიაზრებს.
9. საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ცნობის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე მოსარჩელე 2008 წლის 30 მაისიდან რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული სადავო ქონების მისამართზე. მართალია, ცნობა შეიცავს მითითებას მხოლოდ კორსპუსზე, ბინის ნუმერაციის ასახვის გარეშე, თუმცა ამ დავაზე მესამე პირის სტატუსით ჩაბმულმა საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტრომ მხარი დაუჭირა სარჩელს და დაადასტურა მოსარჩელის მიერ სწორედ სადავო ბინის სახელმწიფოს თანხმობით ფლობის ფაქტი (სამინისტრო ადასტურებს სადავო ფართზე მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტს 2008 წლიდან, მანამდე კი ამავე მისამართზე მოსარჩელის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს). იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმადაც, მოსარჩელის (დროებით) საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სადავო ქონება.
10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის დანაწესისა და ამ განჩინების წინამდებარე პუნქტში მითითებული გარემოებების ერთობლიობიდან გამომდინდარე, ცალსახაა, რომ მოსარჩელე სადავო ფართს მესაკუთრის (სახელმწიფოს) თანხმობით ფლობდა, რაც ამ ფართზე მის მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ამ დავაზე სამართალწარმოების პროცესში არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომელიც სადავო ქონებაზე მის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს დაადასტურებდა. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს სადავო ფართში არასდროს უცხოვრია. კასატორი ვერც იმას ასაბუთებს, რომ სადავო ფართს ის 2006 წლიდან ფლობს. უფრო მეტიც, კასატორის მსჯელობის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფოს წარმომადგენელმა, როგორც უკვე აღინიშნა, დაადასტურა სადავო ბინის მოსარჩელის მიერ 2008 წლამდე ფლობის ფაქტი, ხოლო 2008 წლიდან მოსარჩელის მფლობელობაში მყოფ უძრავ ნივთზე მისი დევნილად რეგისტრაცია. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც, სხვა პირთა უკანონო მფლობელობიდან შესაბამისი ნუმერაციის ბინის გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფლდა და მიექცა აღსასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ სხვა დავის ფარგლებში ერთხელ უკვე შეაფასა სადავო ქონებაზე მოსარჩელის მფლობელობის მართლზომიერების საკითხი. მართალია, მითითებული გადაწყვეტილება ასახავს არა ამ დავის მოპასუხის, არამედ სხვა პირთა სადავო ქონებიდან გამოსახლების ვერდიქტს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ცალსახად დადგინდა მოსარჩელის კანონიერი უფლება სადავო ქონებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის მფლობელობის უფლება გამოირიცხებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებდა სადავო ქონებაზე უკეთესი ფლობის უფლების ქონის ფაქტს.
11. დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში რიცხული ფართის მიკუთვნების თაობაზე კასატორის პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა, რომელმაც ეს ქონება სარგებლობის უფლებით მოსარჩელეს გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავო ქონების არა მესაკუთრე, არამედ მართლზომიერი მფლობელია, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღჭურვილია მესაკუთრის ტოლფასი უფლებით, უკანონო მფლობელისგან გამოითხოვოს სადავო ნივთი.
12. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სახელმწიფოს მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილების თაობაზე კასატორის მტკიცებას. საქმეში დაცული მტკიცებულებებით, კერძოდ, ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება საპირისპირო გარემოება, რომ მოსარჩელე კომპენსაციითა და საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილებულა. მოპასუხეს კი, ამ დავის ფარგლებში არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომელიც გააბათილებდა მითითებულ დოკუმენტში ასახული ინფორმაციის ნამდვილობას.
რაც შეეხება კასატორის მიერ მოხმობილ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 29 ნოემბრის N44.02.853 განკარგულებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაბამის განკარგულებაზე, როგორც სადავო ქონებაზე მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ აქტზე კასატორს არც შესაგებელში და არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში არ მიუთითებია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.1 ( საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.) მუხლის დანაწესის შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ვერ იმსჯელებს იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომელთა თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში კასატორს შედავება არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო პალატის განმარტებით, კასატორის მიერ შესაბამის გარემოებებზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში მითითებაც ვერ შეცვლიდა სამართლებრივ სურათს მოპასუხის სასარგებლოდ, ვინაიდან მხოლოდ განკარგულებაზე აპელირება ვერ უზრუნველყოფს მოპასუხის იურიდიული ინტერესის შესატყვისად დავის გადაწყვეტას. კერძოდ, დასახელებული განკარგულებით განისაზღვრა სადავო ქონების განთავსების მისამართზე ბინების დაინტერესებულ პირთათვის პრივატიზების შესაძლებლობა, რაზეც საკრებულოს უნდა გამოეთქვა თანხმობა. საქმეში დაცული არაა არც საკრებულოს გადაწყვეტილება კონკრეტულ პირთათვის, მათ შორის მოპასუხისათვის, ბინების გადაცემის თაობაზე და არც რაიმე სახის სხვა მტკიცებულება რაც უტყუარად დაადასტურებდა სადავო ქონებაზე კასატორის საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტს. ამირიგად, საკასაციო პალატის შეფასებით, მოპასუხემ ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლოს წინაშე დაედასტურებინა სადავო ქონებაზე მოსარჩელეზე უკეთესი მფლობელობის უფლება, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შესაბამისი ფართის მართლზომიერი მფლობელია, რომელსაც მფლობელობა ჩამოერთვა მოპასუხის უკანონო ქმედებით. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს, სსკ-ის 160-ე მუხლზე დაყრნობით, უკანონო მფლობელს მოსთხოვოს ბინაზე მფლობელობის დაბრუნება.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი