Facebook Twitter

№ას-864-864-2018 30 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – რ.ნ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ბ–ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ.ნ–ი (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, მყიდველი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, შპს ,,ბ–ოს’’ (შემდეგში - მოსარჩელე, გამყიდველი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 7190 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

2. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2.1. კასატორის მტკიცებით, მას მოპასუხე იურიდიულ პირთან ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია. კასატორის განმარტებით, გამყიდველის წარმომადგენელმა ლ.ჯ–მა (შემდეგში მესამე პირი) მის მაღაზიაში რეალიზაცის მიზნით მიიტანა 17 330 ლარის ქატო და ფქვილი, თუმცა მას არ განუცხადებია, რომ აღნიშნულ პროდუქციას ყიდდა მოპასუხე იურიდიული პირი. კასატორის მითითებით, მან მესამე პირს აუნაზღაურა იმ პროდუქციის ღირებულება, რომლის რეალიზაციაც შეძლო, გაუყიდავი საქონელი კი, მესამე პირმა წაიღო შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

2.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მან მესამე პირს, თითქოს თვითნებურად გადასცა აუთვისებელი საქონელი. კასატორის მტკიცებით, მესამე პირი წარმოადგენდა გამყიდველს მასთან ურთიერთობაში. კასატორის განმარტებით, გამყიდველი, მესამე პირის ნაცვლად, მყიდველისგან ითხოვს თანხის ანაზღაურებას, ვინაიდან მესამე პირისგან ვერ შეძლებს სადავო თანხის ამოღებას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზე გამყიდველმა 17 330 ლარის ფქვილი და ქატო მიაწოდა მყიდველს. მოპასუხეს პროდუქციის ღირებულებიდან ასანაზღაურებელი აქვს 7 190 ლარი.

6. მოცემულ შემთხვევაში, პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 477.2 მუხლს (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) ეფუძნება.

7. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ისაა, რომ მას უშუალოდ მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია და, შესაბამისად, მოსარჩელეს პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ არ წარმოშობია. საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები და საქმეში დაცული მტკიცებულებები, მათი გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კასატორის მითითებული განმარტება სამართლებრივად უსაფუძვლოა, კერძოდ, კასატორი თავის შესაგებელში ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მან სადავო საქონელი სწორედ მოსარჩელე მეწარმე სუბიექტისგან შეისყიდა და მიიღო კიდეც ეს საქონელი. საკასაციო პალატის განსჯით, შესაგებელში თავად მოპასუხის მიერ აღწერილი ამ გარემოებებით დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ცალსახად ამ დავის სუბიექტებს - მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო და მყიდველმა გამყიდველისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება. ამდენად, კასატორის მტკიცება, რომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფქვილი და ქატო მასთან ისე მიიტანა მესამე პირმა, რომ მყიდველის წინაშე არ დაუზუსტებია გამყიდველის ვინაობა საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. საკასაციო პალატის განმარტებით, გარდა იმისა, რომ მოპასუხემ შესაგებელში თავად აღიარა მოსარჩელისგან პრუდუქციის შესყიდვის ფაქტი, მოწმედ დაკითხულმა მესამე პირმაც განმარტა, რომ ის მოპასუხეს დაეხმარა მოსარჩელისგან საქონლის შეძენაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის არ იყო მოსარჩელის დისტრიბუტორი და არც ნასყიდობის საგანი არ მიუწოდებია მყიდველისთვის. მისი განმარტებით, შესყიდული საქონელი თავად მოპასუხემ წაიღო წისქვილიდან. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი.

8. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი - 10140 ლარი გადაიხადა. მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ 7180 ლარის ანაზღაურების საკითხი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი მყიდველს/მოპასუხეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, მყიდველის განმარტებით, მან სრულად აანაზღაურა გაყიდული პროდუქციის ღირებულება, ხოლო დარჩენილი საქონელი, რომლის გასაღებაც ვერ შეძლო, დისტრიბუტორის მეშვეობით უკან გაუგზავნა მოსარჩელეს, შესაბამისად, მას სადავო თანხის მოპასუხისთვის ანაზღაურების ვალდებულება აღარ უნდა დაჰკისრებოდა. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსში ნასყიდობის სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები დეტალურად განასაზღვრავს, ნასყიდობის საგნის გამყიდველისათვის დაბრუნების საფუძვლებს (ნაკლიანი ნივთის მიწოდების, შეკვეთილზე მეტი რაოდენობით ნივთის მიწოდებისას) და ასეთად მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას (არარეალიზებული საქონლის დაბრუნებას) არ მიიჩნევს. ნასყიდობის ხელშეკრულება კონსენსუალური გარიგებაა, რომელიც სამართლებრივ შედეგებს ნასყიდობის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმების მომენტიდან წარმოშობს, შესაბამისად, მყიდველსაც სადავო შემთხვევაში ნასყიდობის საგნის რაოდენობაზე შეთანხმებისა და შემდგომ უკვე ნაყიდი პროდუქციის მიღების მომენტიდან წარმოეშვა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის ანაზღაურების ვალდებულება. სამოქალაქო სამართალში მოქმედი ნების თავისუფლების ავტონომიის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კონტრაჰენტი პირები შებოჭილი არ არიან, განსაზღვრონ კანონით დადგენილისგან განსხვავებული სახელშეკრულებო პირობა, მათ შორის შეძენილი საქონლიდან გამყიდველისათვის მხოლოდ შემდგომში რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების, ხოლო გაუსაღებელი საქონლის გამყიდველისათვის დაბრუნების პირობა, თუმცა ამგვარი შეთანხმება, სამართალწარმოების პროცესში უნდა დადასტურდეს უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რასაც ამ დავის ფარგლებში მოპასუხემ თავი ვერ გაართვა.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, არარეალიზებული ფქვილის მესამე პირისათვის გადაცემის ფაქტი სადავო არაა, თუმცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ის გამყიდველი კომპანიის დავალებით მოქმედებდა და საქონელი ამ უკანასკნელისათვის გადასაცემად ჩაიბარა. ამასთან, საკასაციო პალატის განმარტებით, მაშინაც კი, თუკი დავაზე გამოიკვეთებოდა მყიდველის მიერ პირადად ან წარმომადგენლის საშუალებით საქონლის გამყიდველისათვის დაბრუნების ფაქტი, ეს საკმარისი არ იქნებოდა მყიდველის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებად, თუკი მყიდველი ვერ დაამტკიცებდა გამყიდველთან შეთანხმების არსებობას გაუსაღებელი საქონლის გამყიდველისათვის დაბრუნების შესაძლებლობაზე. ამ საკვანძო საკითხთან მიმართებით, მოსარჩელის მტკიცებით, მან ფქვილი გაყიდა და მოპასუხეს ნასყიდობის საფასური სრულად უნდა აენაზღაურებინა იმისდა მიუხედავად, ის შემდგომ უზრუნველყოფდა თუ არა შეძენილი პროდუქციის სრულად რეალიზაციას. მოპასუხეს მოსარჩელის ამ მტკიცების საპირწონედ და გასაქარწყლებლად სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის გამყიდველს იმ საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე შეუთანხმდა, რაც რეალიზაციას დაექვემდებარებოდა. ამ გარემოების დაუდგენლობის პირობებში კი, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული საქონლის სრული მოცულობის ღირებულების ანაზღაურება ევალებოდბა.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველისათვის გაუსაღებელი საქონლის დაბრუნების თაობაზე შეთანხმების არსებობის სადავო გარემოება, სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია კასატორის იმ პრეტენზიაზე მსჯელობა, რომელიც მესამე პირისათვის (როგორც მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლისათვის) საქონლის გადაცემის მტკიცებას შეეხება.

11. საბოლოდ, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 359.50 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 359.50 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 09.07.2018),70% – 251.65 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ რ.ნ–ს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჩ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 359.50 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 09.07.2018) 70% – 251.65 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი