Facebook Twitter

№ას-1423-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ა.რ–ო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში უძრავი ქონება) ირიცხება თ.მ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებად.

2. მოსარჩელე უძრავი ქონებით ვერ სარგებლობს, რადგან მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ა.რ–ო (შემდეგში: მოპასუხე, მფლობელი, კასატორი).

3. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მფლობელის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, გამოთავისუფლოდა და მოსარჩელეს გადაეცა.

4.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავდროულად, სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო დავის შესახებ კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირებულობა. საქმეში არსებობდა უშუალოდ მოპასუხის მიერ შედგენილი და ხელმოწერილი ხელწერილი, რომლითაც იგი ადასტურებდა გზავნილის მიღების ფაქტს. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს დავისადმი ინტერესი არ გამოუხატავს, რაც, სასამართლოს განმარტებით, სარჩელზე შესაგებლის წარდგენასა და სასამართლო სხდომაზე (მისი დანიშვნის შემთხვევაში) გამოცხადებით გამოიხატება. მოპასუხეს არც შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო გარემოებებზე უცნობებია სასამართლოსათვის.

4.2. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარებით მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის სავალდებულოობისა და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, რასაც უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 201-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა პასუხობდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს; სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 2321 მუხლითაც, რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა. იგი აღნიშნავს, რომ საფოსტო შეტყობინება არ ჩაბარებია, ასეთზე ხელიც არ მოუწერია. საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა საეჭვოა, ნამდვილობა ექსპერტმა უნდა დაადგინოს.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

6.1. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215.3 მუხლზე და განმარტა, რომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის/შესაგებლის წარუდგენლობის სასამართლოს მიერ საპატიოდ მიჩნევისათვის უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: ა. გამოუცხადებლობა (მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლის წარუდგენლობა) გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; ბ. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის/შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების/შესაგებლის წარუდგენლობის ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

6.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვის მიზნით გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ საჩივარში გამოხატულ პოზიციას მხარი აღარ დაუჭირა და მიუთითა, რომ საფოსტო გზავნილი მას ჩაჰბარდა, თუმცა, ვინაიდან უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა არ იცოდა, ამ უკანასკნელის მასთან კავშირის შესახებ ვერ გაიგო და ამან გამოიწვია შესაგებლის წარუდგენლობა. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა შესაგებლის განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო წარუდგენლობა, შესაბამისად, ეს არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით.

7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მათი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა. აპელანტის განმარტებით, საფოსტო გზავნილი მასთან მოსარჩელემ გააგზავნა, რომელსაც არ იცნობდა. ამასთან, იგი ავად იყო, რის გამოც შესაგებლის გაგზავნა ვერ შეძლო.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოება ვერ დაადასტურა, მას არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ავადმყოფობის გამო შესაგებლის წარუდგენლობა.

9. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.1. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, პირის ავადმყოფობა სამედიცინო ცნობით უნდა დადასტურდეს, მაგრამ სასამართლომ კანონი ფართოდ უნდა განმარტოს, რამდენადაც ხშირად პირს სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის საშუალება არ აქვს. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც, კასატორს სამედიცინო ცნობის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა რეალურად ავად იყო.

9.2. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მოპასუხეს მოსარჩელესთან რაიმე კავშირი არ ჰქონია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ქონება მოსარჩელეზე მისგან მალულად გაუსხვისებიათ. ამდენად, მოპასუხე მოსარჩელეს არ იცნობდა და, ბუნებრივია, მისთვის სარჩელის მოთხოვნის შინაარსიც გაუგებარი იყო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

14. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

15. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ. მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ყველა იმ ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა, რაც სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია. ამასთან, მოპასუხე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას სადავოდ არც ხდის. ამავე მუხლის საფუძველზე, დადგენილადაა მიჩნეული სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები: უძრავი ქონება ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად; მოპასუხეს ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ეს გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც სასამართლომ სწორად განახორციელა.

17. შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად შემდეგი გარემოებები უნდა მივიჩნიოთ: ა. მოპასუხეს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია და არ გაფრთხილებულა შესაგებლის წარუდგენლობის შედეგებზე; ბ. არსებობს საპატიო მიზეზი, რომელსაც შესაძლოა ხელი შეეშალა მხარისათვის შესაგებლის დროულად წარდგენაში.

18. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების დასასაბუთებლად კასატორმა ორი პრეტენზია წარმოადგინა, კერძოდ, მისი მითითებით: ა. დანიშნულ ვადაში შესაგებელი ავადმყოფობის გამო ვერ წარადგინა, თუმცა საშუალება არ გააჩნდა სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი ცნობა მოეპოვებინა. ამასთან, ასეთი შემთხვევების სიხშირის გამო, მიზანშეწონილია კანონი ფართოდ განიმარტოს. ბ. მოპასუხე მოსარჩელეს არ იცნობდა და მისთვის სარჩელის მოთხოვნის შინაარსი გაუგებარი იყო.

19.1. კასატორის პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამდენად, კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რათქმაუნდა გამორიცხულია. ამდენად, კანონით თითოეული მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს ის, რასაც მისი მოთხოვნა ეფუძნება. ასეა სსსკ-ის 215.3 მუხლის შემთხვევაშიც, ეს ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აქედან გამომდინარე, კანონმდებელი პირდაპირ განსაზღვრავს, რომელი კონკრეტული მტკიცებულებით უნდა დადგინდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა. ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ. პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ. ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ: #ას-754-2019, 2019 წლის 21 ივნისის განჩინება). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი ცნობის მოპოვების შესაძლებლობა არ გააჩნდა და, მისი აზრით, მსგავსი შემთხვევების სიხშირის გამო მიზანშეწონილია კანონი ფართოდ განიმარტოს. ჯერ ერთი, სსკ-ის 215-ე მუხლში პირდაპირაა მითითებული, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულებით შეიძლება, დადგინდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ამ ნორმის უფრო ფართოდ განმარტების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება. ამასთან, შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, როგორც ზემოთ განიმარტა, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

19.2. კასატორის მითითებით, შესაგებლის დროულად წარუდგენლობის მიზეზი ისიცაა, რომ იგი მოსარჩელეს არ იცნობდა და მისთვის სარჩელის მოთხოვნის შინაარსი გაუგებარი იყო. აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. აღნიშნული საპროცესო ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენის ვალდებულება დაკავშირებულია ამ უკანასკნელისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ჩაბარების ფაქტთან და არა იმასთან, იცნობდა თუ არა იგი მოსარჩელეს. შესაბამისად, მოცემული თვალსაზრისით კასატორის მსჯელობა უსაფუძვლოა.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-1671-2019, 2020 წლის 19 მარტის განჩინება; ას-1183-2019, 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება; ას-1563-2019, 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.რ–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.რ–ოს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (100 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 25.09.2019; 50 ლარი, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.10.2019) 70% - 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი