№ას-1561-2019 28 თებერვალი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ო.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „პ.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი) სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ჰ–ის“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ჰ.პ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ხ.პ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე), ა.ქ–სა (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მამკვიდრებელი, მოვალე, კერძო საჩივრის ავტორი) და გ.შ–ის (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ვალის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 40 163.41 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სოლიდარულად და დავალიანების გადასახდევინებლად დადგინდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული არაერთი ქონების რეალიზაცია.
3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც, მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა და მესამე მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დამტკიცდა მორიგება მხარეებს შორის, რის გამოც ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება გაუქმდა და სარჩელზე საქმისწარმოება შეწყდა.
7. 2019 წლის 13 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში - მოთხოვნის მიმღები), რომელმაც მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მისი, ხოლო იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ო.ქ–ის (შემდეგში - მემკვიდრე) ცნობა ითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მოთხოვნის მიმღები, ხოლო მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლედ - მემკვიდრე.
8.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მოთხოვნის მიმღების ცნობის საფუძველია მოთხოვნის დათმობის თაობაზე 2016 წლის 12 დეკემბრის ცესიის ხელშეკრულება და მისი დანართები, რომელთა თანახმად, მოსარჩელემ მოთხოვნის მიმღებს საკუთრების უფლებით გადასცა მოცემულ საქმეზე მოპასუხედ დასახელებული პირების მიმართ არსებული მოთხოვნები. რაც შეეხებოდა მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლედ მემკვიდრის ცნობის საფუძვლის არსებობას, სასამართლომ მიუთითა ამ უკანასკნელის გარდაცვალების მოწმობასა და სამკვიდრო მოწმობაზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ მემკვიდრემ მიიღო მეოთხე მოპასუხის მთლიანი დანაშთი ქონება.
8.2. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოცემულ საქმეზე 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებულ მორიგებაზე, რომლის 1.1.3. პუნქტითაც დადგინდა, რომ მეოთხე მოპასუხე (იპოთეკის საგნის მესაკუთრე) თანახმაა, უზრუნველყოს სოლიდარული მოვალეების მიერ ამ მორიგებით გათვალისწინებული (ნაკისრი) მთლიანი ვალდებულება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ეს იმით გამოიხატება, რომ უძრავ ქონებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს, არ უქმდება მოსარჩელის იპოთეკის უფლება.
8.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო.
9. დასახელებული განჩინება მემკვიდრემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნაწილობრივ, კერძოდ, მისი მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობის ნაწილში და მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
9.1. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488.2 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. მოთხოვნის მიმღებისათვის მეოთხე მოპასუხის გარდაცვალების შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო, ეს ფაქტი მას მეორე მოპასუხის წარმომადგენლის მეშვეობით ეცნობა, ამიტომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
11. წარმოდგენილი კერძო საჩივრით სამკვიდროს მიმღები სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებას, რომლითაც სასამართლომ იგი მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნო.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას კერძო საჩივრის ავტორის უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძვლის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები მოწესრიგებულია სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მატერიალური სამართლის ნორმები განაპირობებს, რომელთა მიხედვითაც, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს, შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1484.1 მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. რაც შეეხება საპროცესო უფლებამონაცვლეობის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობას, ეს წინაპირობებიც სახეზეა, კერძოდ: საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მარტს გარდაიცვალა მეოთხე მოპასუხე (ტომი 2, ს.ფ. 224; 225-228), რომელმაც აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის 1.1.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით იკისრა ვალდებულება, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, კერძოდ, ქ.ახალციხეში, ...... მდებარე საცხოვრებელი ფართით (საიდენტიფიკაციო კოდი - ......) უზრუნველეყო მოცემულ საქმეზე სოლიდარული მოვალეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი მთლიანი ვალდებულება (ტომი 2, ს.ფ. 96-201); მეოთხე მოპასუხის მთლიან დანაშთ ქონებაზე, მათ შორის, ქ.ახალციხეში, ..... მდებარე საცხოვრებელ ფართზე სამკვიდრო მიიღო მემკვიდრემ (იხ. სამკვიდრო მოწმობა, ტომი 2, ს.ფ. 225-228). ამდენად, მოთხოვნის მიმღების უფლება, სსკ-ის 1484.1 მუხლით გათვალისწინებული მამკვიდრებლის კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილების თაობაზე, არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მოვალეს და ამ უკანასკნელის მემკვიდრისთვისაც შეუძლია იმავე მოთხოვნის წაყენება.
14. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სრულიად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალის გარდაცვალება საქმისწარმოების შეწყვეტას ვერ განაპირობებს და იგი საპროცესო უფლებამონაცვლეობის წარმოშობის საფუძველია.
15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სსკ-ის 1488.1 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მიმღებს მემკვიდრისათვის მოთხოვნა უნდა წარედგინა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ვადა არ დაუცავს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის მიმღების მიერ მემკვიდრისათვის შესაბამისი მოთხოვნის სამკვიდროს გახსნიდან ექვს თვეში წარუდგენლობა (თუკი ასეთს რეალურად ადგილი აქვს) უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხის გადაწყვეტაზე რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს, რამდენადაც ამგვარი შესაგებელი კრედიტორს (ამ შემთხვევაში, კრედიტორის უფლებამონაცვლეს) მემკვიდრემ შეიძლება, წარუდგინოს და იგი საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე უნდა შემოწმდეს. უფლებამონაცვლეობის დადგენისას შესაფასებელ საკითხთა წრე კანონით განსაზღვრულია, რაზეც წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში განიმარტა და რაც გამორიცხავს ხსენებულ ეტაპზე სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შეფასებას.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ქ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი