№ას-1699-2018 30 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – შპს „ს–ო“, რ.ნ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს–ო“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, კასატორი, მოვალე,მსესხებელი) და რ.ნ–ა (შემდეგში - მეორე მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი, გამსესხებელი, ბანკი) სარჩელი მოპასუხეთა მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კრედიტორს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (55 996,94 აშშ დოლარი) იყო შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა ათჯერ, 5 559,69 აშშ დოლარამდე შეამცირა.
2. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორთა მოსაზრებით, მათ პირგასამტეხლოს ანგარიშში, ნაცვლად 5599,69 დოლარისა უნდა დაეკისროთ 2999.69 ლარი.
2.2. კასატორთა მტკიცებით, მათსა და მოსარჩელეს შორის არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში, კონტრაჰენტი მხარეები შეთანხმდნენ საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სესხის გაცემის თაობაზე, თუმცა კრედიტორმა შემდგომში სესხის დამატებითი ტრანში მათ არ მისცა, რის გამოც, ვერ მოიზიდეს საჭირო ფინანსები სამედიცინო პრუდუქტის სრული ოდენობით დამზადებისა და შეფუთვისათვის. კასატორის განმარტებით, მითითებული გარემოებების გავლენით, კომპანიამ ვერ შეძლო პროდუქციის სრული მოცულობით რეალიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. კასატორთა მოსაზრებით, მის მიერ ვადამოსული დავალიანების გადაუხდელობა კრედიტორის მიერ მოვალის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგია, რისი გათვალისწინებითაც მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება კასატორებს უსამართლოდ და უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2014 წლის 18 ივნისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 120 თვე, ხოლო კრედიტის მოცულობად - 500 000 აშშ დოლარი.
5.2.2. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 24 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 130 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვით (2019 წლის 03 ივნისამდე), საპროცენტო სარგებლის წლიური 11%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებულ იქნა 0.5%-ის პირგასამტეხლო. 2015 წლის 26 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 ივნისამდე გაიზარდა. 2016 წლის 30 მარტს, ხელშეკრულებაში კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გამსესხებელსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 130 000 აშშ დოლარის ორმაგი ოდენობით - 260 000 აშშ დოლარით.
5.2.3. 2014 წლის 24 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს გამსესხებლის მიმართ, ერიცხება 173 175,84 აშშ დოლარის დავალიანება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 104 857,80 აშშ დოლარი, პროცენტი - 12 321,10 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი, 55 996,94 აშშ დოლარია.
6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ სასესხო დავალიანების არსებობა, რასაც ქვემდომი ინსტანციის სასამართლოებმა მისცეს შესაბამისი შეფასება და მოპასუხეს დაეკისრა სასესხო ვალდებულების შესატყვისი თანხის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. მხარეთა შორის საკასაციო სამართალწარმოების ფარგლებში სადავოა მხოლოდ პირგასამტეხლოს რაოდენობა, შესაბამისად პალატის შეფასების საგანს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიანობის და მისი რაოდენობის მართლზომიერების საკითხის გამორკვევა წარმოადგენს.
7. ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიანობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში -სსკ-ის) 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.
8. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით, მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას, პირგასამტეხლოს არაგონივრულად შემცირების და მათთვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს, კერძოდ 2999.69 ლარის ნაცლად 5599,69 დოლარის დაკისრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში დაკისრებული 5 559,69 აშშ დოლარი სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ რაოდენობას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი რაოდენობა 10-ჯერ შეამცირა და მისი დამატებით შემცირების რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
9. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დასთანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი.
10. საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
11. განსახილველ დავაზე, სასამართლომ სწორედ მხარეთა სამართლიანი სახელშეკრულებო წონასწორობის აღდგენის მიზნით, მართებულად მიიჩნია 55 996,94 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს მოვალისთვის დაკისრება არაგონივრულად, თუმცა მისი შემდგომი შემცირება, რაზეც კასატორები გამოთქვამენ პრეტენზიას, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ კრედიტორის მოლოდინის, დარღვევის დროში განგრძობადობის, დარღვევის მიმართ მოვალის სუბიექტური დამოკიდებულების გათავალისწინებით, პირგასამტეხლოს როგორც მოვალის დასჯის საკანონმდებლო მექანიზმს აზრს დაუკარგავს. ამასთან, კასატორს საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში არ წარმოდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, თუ საიდან გამოსდინარეობს მის მიერ მითითებულ ოდენობამდე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა.
12. კასატორის მორიგი პრეტენზია ისაა, რომ მან კრედიტორის ბრალით ვერ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ მოვალე არ იხდიდა სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადამოსულ თანხებს. ვალდებულების დარღვევას არც თავად მოვალე უარყოფს, თუმცა მისი მტკიცებით მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თავად კრედიტორის ქმედებამ, კერძოდ მათ შორის არსებული შეთანხმების - სესხის დამატებითი ტრანშის გამოყოფის ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა. საკასაციო პალატის განსჯით, იმ ვითარებაში, როდესაც მოვალე ვერ უზრუნველყოფდა უკვე ათვისებული სესხის დაბრუნებას, კრედიტორისთვის საფრთხე შეექმნა უკვე არსებული სასესხო ვალდებულების შესრულებას და მოვალეზე დამატებით სესხის ახალი ტრანშის გაცემის მიზანშეწონილობას და გონივრულობას, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ მოვალის არაკეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ საფუძველი გამოაცალა. შესაბამისად, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო ფინანსური რისკების გაანალიზების ფარგლებში შეეფასებინა მოვალის მიმართ სესხის თანხის გაზრდის რელევანტურობის საკითხი და არ გაეცა ისეთი სესხი, რომლის დაბრუნებაც მოვალის მიერ სათუო იყო. მით უფრო, რომ მოვალემ უკვე მიღებული სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევით, კრედიტორს საფუძვლიანი ვარაუდი შეუქმნა ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობის თაობაზე. ამდენად, კასატორთა ამ სამართლებრივ პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუსგ #ას-897-837-2017, 22.09.2017; სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 346 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 346 ლარის (280 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 25.10.2018; 66 ლარი, საგადახდო დავალება #0, 16.01.2019) 70% – 242.20 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს–ოსა“ და რ.ნ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: შპს „ს–ოსა“ (......) და რ.ნ–ას (......), დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 346 ლარის (280 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 25.10.2018; 66 ლარი, საგადახდო დავალება #0, 16.01.2019) 70% – 242.20 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი