№ას-1976-2018 30 აპრილი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – შპს „ტ-გ“, გ.ო–ა, მ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ხ.ბ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 23 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს ,,ხ.ბ.ს–ოს" წარმომადგენელმა ი.დ–ამ (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი) მოპასუხეების - შპს ,,ტ-გროს", გ.ო–ასა და მ.გ–ის მიმართ (შემდეგში მოპასუხეები, კასატორები) თანხის დაკისრებისა და უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
2. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 19 მარტს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელეს, ისევე, როგორც მოპასუხეებს, განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შედეგები, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომები მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით გადაიდო არაერთხელ. 2018 წლის 4 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა კვლავ იშუამდგომლეს სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან მათ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება. აღნიშნული მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2018 წლის 18 ივნისს, 17:00 საათზე, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილდნენ სასამართლო სხდომაზევე. მითითებული გარემოება დასტურდება სასამართლო უწყების ჩაბარების თაობაზე საოქმო ჩანაწერითა და მხარეთა ხელწერილით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა.
4. 2018 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. მისი განმარტებით, შესაბამისი წლის 16-21 ივნისს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, რის დასტურადაც სასამართლოს წარუდგინა შპს „პ.მ–ის" (შემდეგში სამედიცინო დაწესებულება) მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი, აპელანტის განმარტებით, განსახილველი დავის მიმართ მის იურიდიულ ინტერესზე მეტყველებდა მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით არაერთხელ გადადებული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. პალატამ მიიჩნია, რომ 2018 წლის 18 ივნისს მოსარჩელის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. პალატის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის – ავადმყოფობის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტი, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლითაც გამოირკვა, რომ 2018 წლის 18 ივნისს მოსარჩელე შრომისუუნარო იყო. პალატის განმარტებით, საავადმყოფო ფურცელი დადასტურებული იყო სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით, ხოლო ხელმოწერილი იყო მკურნალი ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მიერ. ამის გარდა, პალატის განსჯით, დამატებით წარმოდგენილი 20.06.2018წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ადასტურებდა, რომ სასამართლო სხდომის დღის შემდეგ მოსარჩელის წარმომადგენელს კვლავ დასჭირდა სამედიცინო დახმარება. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებითა და მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად, პალატამ საპატიოდ მიიჩნია 2018 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა.
9 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
9.1. კასატორთა მტკიცებით, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასასაბუთებლად სასამართლოს მტკიცებულების სახით წარუდგინა სამედიცინო ცნობა, რომელიც არ შეიცავს პაციენტის ჩივილების თაობაზე მითითებას, ასევე - როდის მიმართა კლინიკას პირმა, რა დიაგნოზი დაესვა, რა იყო ის გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც პაციენტს მიეცა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე რეკომენდაცია.
9.2. კასატორების განმარტებით, კანონმდებელი პროცესის მხარეებს ავალდებულებს წინასწარ აცნობონ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. კასატორთა მოსაზრებით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს მოსარჩელის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მოსარჩელეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში (სხდომაზე გამოცხადებაში ან გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირებაში) ხელს შეუშლიდა.
9.3. კასატორების მტკიცებით, საავადმყოფო ფურცელი მოსარჩელის სახელზე გაიცა კანონდარღვევით, ვინაიდან საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა იმ პაციენტებზე, რომელთაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, კერძოდ:
13.1 დადგენილია, რომ მოსარჩელე (მისი წარმომადგენელი) 2018 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესატყვისად. მითითებული გარემოება დასტურდება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე სხდომის ოქმის საოქმო ჩანაწერით. ამავდროულად, მოსარჩელე სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილდა ხელწერილით, თუმცა 2018 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატამ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო არასაპატიო მიზეზით, ვინაიდან აპელანტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის შეუძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ამ დავის ფარგლებში 2018 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობის შეფასება წარმოადგენს.
13.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
13.3. საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 ივნისს, დილით პაციენტს დაესვა დიაგნოზი: მწვავე რესპირატორული დაავადება, რის გამოც მის სახელზე გაიხსნა საავადმყოფო ფურცელი. ამა თუ იმ პირისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა თავისთავად, ცალკე აღებულიც, პაციენტის შრომისუუნარობასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილზე თუ სხვა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საავადმყოფო ფურცლის სამართლებრივ სტატუსს და განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბოლატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი არ შეიცავდა პირის პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე მითითებას, რაც მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევას არ ამართლებდა.
13.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, აპელანტის მიერ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლის კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაცემასთან დაკავშირებითაც, კერძოდ კი, კასატორის მტკიცებას, რომ სადავო საავადმყოფო ფურცელი არ შეიცავს პაციენტის დიაგნოზისა და იმ გარემოებების თაობაზე მითითებას, რაც მოსარჩელის შრომისუუნარო პირად მიჩნევას განაპირობებდა. საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #281/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფურცელს და ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც სხვა საფუძვლებთან ერთად გაიცემა - დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს საავადმყოფო ფურცელში მითითებულ მონაცემებს და აღნიშნავს, რომ დასახელებულ დოკუმენტში მკაფიოდაა მითითებული პაციენტის დიაგნოზი - მწვავე რესპირატორული დაავადება. თავად კასატორის მიერ წარმოდგენილი ცნობიდანაც ირკვევა, რომ პაციენტს აღენიშნებოდა რესპირატორული მოვლენები (საერთო სისუსტე, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ტემპერატურის მომატება), რის გამოც გაეხსნა საავადმყოფო ფურცელი და დაენიშნა მკურნალობა (იხ, ტ.1, ს.ფ. 175). საგულისხმოა ისიც, რომ ამ ტიპის დაავადებით დასნებოვნებული პირისათვის შრომისუუნარობის საფუძვლით საავადმყოფო ფურცლის გახსნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებიც ამართლებს. ამრიგად, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ცხადყოფს, რომ მწვავე რესპირატორული დაავადების დიაგნოზით ავადმყოფ მოსარჩელეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოხმობილი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მართებულად გაეხსნა საავადმყოფო ფურცელი.
13.5. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წინასწარ შეუტყობინებლობას, პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსთვის წინასწარ ინფორმირების სამართლებრივი დატვირთვა ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ამგვარი შეტყობინებით შესაბამისი მხარე, არამხოლოდ თავისი, არამედ მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო რესურსის არაეფექტური ხარჯვის პრევენციას უზრუნველყოფს, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარად დასტურდება ავადმყოფობის მიზეზით მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, მიუხედავად იმისა, მხარემ წინასწარ შეატყობინა თუ არა სასამართლოს, პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე.
13.6. საბოლოოდ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები და მართებულად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო კასატორმა ამ სამართალწარმოების ფარგლებში ვერ დაძლია სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: ას-706-926-08, 16 დეკემბერი 2008 წელი).
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 08.03.2019;) 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ-გროს“, გ.ო–ასა და მ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: შპს „ტ გ–ს“ (.....), გ.ო–ასა (....) და მ.გ–ს (....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 08.03.2019;) 70% – 5600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი