Facebook Twitter

საქმე №ას-859-859-2018 14 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.რ–ძე, დ.გ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა, უძრავი ქონების მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ.მ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.რ–ძისა და დ.გ–ას (შემდგომში _ პირველი, და მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა შემდეგი:

2013 წლის 5 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად აღიარება;

- სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება და ქ.თბილისში, ....., 79-ე კორპუსში მდებარე #41 ბინის მესაკუთრედ ცნობა (ს/კ #......);

- ქ.თბილისში, ......, 79-ე კორპუსის #41 ბინაზე მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2013 წლის 19 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მისი მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაცვლის ხელშეკრულებად აღიარება;

- ქ.თბილისში, .....კორპუსში მდებარე 33-ე ბინაზე მოპასუხეებს შორის 2013 წლის 19 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაცვლის ხელშეკრულებად აღიარება და საჯარო რეესტრში ამ უძრავი ქონების მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვა.

- პირველი მოპასუხისათვის 15 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაში იყო ქ.თბილისში, ..... კორპუსში მდებარე #41 ბინა. 2013 წლის 5 მარტს მას და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მიყიდა პირველ მოპასუხეს. ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალურად მხარეებმა დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ წარმოშობილა, რაც დასტურდება იმ გარემოებებით, რომ ნასყიდობის ფასი მყიდველად მითითებულ პირს არ გადაუხდია და არც უძრავი ქონება მიუღია. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არის მარტოხელა და იღებს საარსებო შემწეობას, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და მოვლას. მოპასუხე დაპირდა, რომ იკისრებდა მის სამისდღეშიო რჩენას და მოვლა-პატრონობას ნატურალური სახით, ყოველდღიურად კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით. მოსარჩელეს უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება ხსენებულ ბინაში, ამდენად, მხარეებს უნდა გაეფორმებინათ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბინა აღირიცხებოდა პირველი მოპასუხის შეზღუდულ საკუთრებაში. მოსარჩელის სიცოცხლეში მას არ ექნებოდა უფლება, მისი წერილობითი ნებართვის გარეშე გაესხვისებინა ან უფლებრივად დაეტვირთა უძრავი ქონება, თუმცა, პირველმა მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის მდგომარეობით, ნათესაური კავშირიდან გამომდინარე ნდობით და საჯარო რეესტრში ხელი მოაწერინა მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე. მოსარჩელეს არ სურს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაგრძელება, რადგან მოპასუხემ მიითვისა მისი კუთვნილი უძრავი ქონება და უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ის არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ რჩენის ვალდებულებას. 2013 წლის ივნისში, ნ.მ–ძემ ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა ბინის გადაცვლა უფრო პატარა ფართის მქონე ბინაზე, რაშიც უნდა დახმარებოდა პირველი მოპასუხე. 2013 წლის 19 ივნისს ამ უკანასკნელმა მოსარჩელისაგან საკუთრების უფლებით მიღებულ უძრავ ქონებაზე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც რეალურად სამოთახიანი ბინა გაცვალა მეორე მოპასუხის ერთოთახიან ქ.თბილისში, ..... კორპუსში მდებარე #33 ბინაში. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე, რომელიც ამ უძრავი ქონების რეალურ მესაკუთრეს წარმოადგენს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველმა მოპასუხემ მარტივი შესაგებელი წარადგინა სარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოთხოვნა არ ცნო. შესაგებელი არ შეიცავს რაიმე ფაქტობრივ ან სამართლებრივ შედავებას, არამედ, მითითებულია მხოლოდ ის, რომ მხარე არ ეთანხმება მოთხოვნასა და მის ფაქტობრივ საფუძვლებს;

2.2. მეორე მოპასუხემ ასევე მარტივი შედავება წარადგინა სარჩელის წინააღმდეგ, შესაგებელში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მეორე მოპასუხე ქონების კეთილსინდისიერი შემძენია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს წერილობით გამოვლენილი ნების შესაბამისობა ამ ნების გამომვლენისა და მისი მიმღების ნამდვილ სურვილთან, ასევე, არსებობს თუ არა აღიარებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი ფაქტობრივი წინაპირობები. ქვემდგომი სასამართლოების დასკვნით მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელემ ვერ დაძლია, რის გამოც, მეორე მოპასუხის ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემის, ასევე, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. ხსენებული გარემოებები კი, სასამართლოთა დასკვნით, საფუძველს აცლიდა მოსარჩელის აღიარებით მოთხოვნას პირველ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად მიჩნევისა და მისი მოშლის თაობაზე.

1.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და ძირითადად პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის წესების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს იმ დასაბუთებით, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5, 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიებიდან გამომდინარე, წინამდებარე განჩინებაში პალატა ყურადღებას ძირითადად მოთხოვნის განხორციელების წინაპირობების საპროცესო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში დადგენის საკითხზე გაამახვილებს. ამ თვალსაზრისით კი, საკასაციო სასამართლო უპირველესად სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტურ პრინციპებზე შეჩერდება და შეახსენებს მოდავე მხარეებს, რომ სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარებს. ხსენებული დებულება ასახულია რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, იგი წარმოადგენს ზოგადპროცესუალურ სტანდარტს და თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელებისას, საკითხის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს. შეჯიბრებითობის პრინციპის ნათელ გამოვლინებას წარმოადგენს, როგორც სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობა, ისე _ მოპასუხის მიერ არჩეული საპროცესო თავდაცვის საშუალება და წესი. ხსენებული საკითხები დავის სწორად გადაწყვეტისათვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობისაა, რამდენადაც გავლენას ახდენს, როგორც მტკიცების საგანზე, ისე _ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და რაც მთავარია, წარმოადგენს მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრის ფუნდამენტს.

1.4. საკასაციო სასამართლო შეეხება სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობის საკითხს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი ადგენს იმ მოთხოვნათა ჩამონათვალს, რომელთაც სარჩელი უნდა შეესაბამებოდეს, ამ მოთხოვნათაგან კი, უმთავრესი ნორმის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტია, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც ამყარებს მოთხოვნას. სწორედ ამ ფაქტების გაცნობის შედეგად განსაზღვრავს მოსამართლე მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და ამოწმებს ამ ნორმის ყველა წინაპირობა მითითებული აქვს თუ არა მოსარჩელეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელი იურიდიულად გაუმართლებელია და არ არსებობს მოთხოვნის განხორციელების წინაპირობები. იმ შემთხვევაში, თუკი სარჩელი ფორმალურად გამართულია, სასამართლოს მხრიდან ფასდება მოპასუხის შედავების არსებითობა, კერძოდ, მოპასუხე რომელ დეტალებზე დავობს და რამდენად ლოგიკური და სამართლებრივად გამართულია მისი შედავებები, სასამართლო ერთმანეთისგან მიჯნავს სადავო და უდავო ფაქტებს. სადავო ფაქტებისგან განისაზღვრება მტკიცების საგანი და ნაწილდება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სარჩელი ფორმალურად დასაბუთებულია, მასში მოხმობილი ფაქტების გათვალისწინებით იკვეთება მოცემული სამართალწარმოების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით მისი და პირველი მოპასუხის სურვილს წარმოადგენდა იმგვარი გარიგების დადება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს შეზღუდული საკუთრების უფლებით აღერიცხებოდა უფლება მოსარჩელის კუთვნილ ბინაზე და მოსარჩელის სიცოცხლის განმავლობაში, მისი თანხმობის გარეშე, ქონებას რაიმე ფორმით ვერ განკარგავდა, ამასთანავე, პირველი მოპასუხე ვალდებული იყო ერჩინა იგი და ნატურით მიეცა სარჩო. ამ ნების საწინააღმდეგოდ მხარეებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის კუთვნილი და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება გაასხვისა პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეზე, მოსარჩელეს კი, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სურდა ნაკლები ფართის ბინაში გაცვლა, შესაბამისად, მან თანხმობა განაცხადა გაცვლაზე, გარდა ამისა, მოსარჩელეს სურს ქონებათა შორის სხვაობის ფულადი ანაზღაურება და რჩენის ხელშეკრულებიდან გასვლა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის საფუძვლიანობა უპირველესად სამოქალაქო კოდექსის 56.2 (თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)), 941-ე (პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით)) და 942-ე (სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით) მუხლების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. თუკი დადგინდა, რომ მხარეებმა დადეს თვალთმაქცური გარიგება, მაშინ უნდა შემოწმდეს დაფარული გარიგება აკმაყოფილებს თუ არა კანონის მოთხოვნებს. ასეთ ვითარებაში, სასამართლო ვალდებულია ყურადღება გაამახვილოს ნების ნამდვილობის ყველა წინაპირობაზე, მათ შორის ფორმაზე და თუკი დაადგენს, რომ გარიგება ფორმის მხრივაც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ უნდა გაარკვიოს ქონების შემდგომი გასხვისება შეესაბამება თუ არა სამოქალაქო კოდექსის 945-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას (სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია) თუ სახეზეა ამავე კოდექსის 101-ე მუხლით განსაზღვრული თანხმობა (შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი). იმ შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ფორმის ან სხვა გარემოების გამო არ შეესაბამება კანონს და ბათილია (ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა), მაშინ შეფასება უნდა მიეცეს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მართლაც სურდა ქონების გაცვლა, რაზეც თანხმობა მისცა პირველ მოპასუხეს, შესაბამისად, უნდა შეფასდეს სახეზე ხომ არ არის მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული ზეპირი დავალების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო კოდექსის 521-ე მუხლით განსაზღვრული შედეგები მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით განხორციელდა. ასეთ შემთხვევაში, სახეზე აღარ იქნება სამისდღეშიო რჩენიდან გასვლის წინაპირობების შემოწმების აუცილებლობა (სკ-ის 949-ე მუხლი). გარდა ამისა, ფულად მოთხოვნასთან დაკავშირებით მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 522-ე და 715-ე მუხლები წარმოადგენს (თუ გასაცვლელი ქონება არატოლფასოვანია, მხარეთა შეთანხმებით ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულით. რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით). ამ წინაპირობების დადასტურების შემთხვევაში კი, შემოწმებას ექვემდებარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში აღიარებითი მოთხოვნების საფუძვლიანობა.

1.6. რაც შეეხება მოთხოვნის წინაპირობების მტკიცებას, საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება შეჯიბრებითობის პრინციპის საკითხს და აღნიშნავს, რომ პირველმა მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ ფორმალური შესაგებელი წარადგინა, ხოლო, მეორე მოპასუხემ მიუთითა მისი, როგორც შემძენის კეთილსინდისიერებაზე. პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის ინსტიტუტი არ არის ფორმალური ხასიათის, არამედ, მასზეა დამოკიდებული პროცესის შემდგომი ბედი, შესაგებელი წარმოადგენს პროცესის მთავარი სხდომისათვის და საქმის არსებითად განხილვისათვის მომზადების ე.წ წერილობითი მოსაზრებების გაცვლის ბოლო ეტაპს, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს ის საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავდაცვას. უფრო მეტიც, ე.წ წერილობითი მოსაზრებების გაცვლის ეტაპზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში საქმის მომზადების ეტაპად იწოდება, საბოლოოდ ყალიბდება სადავო საკითხები და მთავარი სხდომა მხოლოდ შედავებათა საფუძვლიანობის კვლევას და დადგენილი ფაქტების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას ემსახურება. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარეობს კანონმდებლის მკაცრი ნება შესაგებლის ინსტიტუტის მიმართ, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. საგულისხმოა, რომ ამგვარ შეზღუდვას საპროცესო კოდექსი თანაბრად ადგენს ორივე მხარის მიმართ, კერძოდ, 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარეობს, რომ მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ისმის კითხვა: რა საპროცესო შედეგებს იწვევს შესაგებელში შედავების განუხორციელებლობა? ამ კითხვაზე პასუხი სწორედ ზემოხსენებული ნორმების განმარტებიდან გამომდინარეობს: იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე არ იცავს თავს ამა თუ იმ ფაქტთან მიმართებით და არ იყენებს შესაგებლით განსაზღვრულ უფლებას, ეს ფაქტი უდავოდ მიიჩნევა და მტკიცების საგანში აღარ შედის, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა ყოველგვარი კვლევის გარეშე დადგენილად მიიჩნევა და შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ ის, უდავო ფაქტი ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვლასაზრისით.

1.7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომ სასამართლოებს არ შეუფასებიათ მოპასუხეების მიერ არჩეული საპროცესო თავდაცვის საშუალებები და სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების საგანი, რაც მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენს, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, ამასთანავე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს მეორე მოპასუხის მოზიციაზე: ის თავს მხოლოდ კეთილსინდისიერებაზე მითითებით იცავს. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას _ გაცვლის შედეგად მიღებულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების აღიარებასა და პირველი მოპასუხისათვის გასაცვლელ ქონებათა ღირებულების სხვაობის ანაზღაურებაზე მეორე მოპასუხის შედავება იქონიებს თუ არა გავლენას, მით უფრო თუკი დადგინდება სარჩელის შესაბამისობა დამფუძნებელ ნორმებთან, უნდა შემოწმდეს მეორე მოპასუხესთან დადებული გარიგების შესაბამისობა სამოქალაქო კოდექსის 111.1 მუხლის მოთხოვნებთან (თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამ–ლების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე).

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის წესების დარღვევით დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთანავე, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, პალატა საქმეს ხელახლა განსახილვად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც ამ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად უნდა განსაზღვროს მტკიცების საგანი, შეფასება მისცეს მოპასუხეთა საპროცესო თავდაცვის საშუალებებს, დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

2. პროცესის ხარჯები:

კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი