საქმე №ას-1053-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ ბმა „რ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის დამატებითი განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული დამატებითი განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და იურიდიული მომსახურების ხარჯის სრულად ანაზღაურება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ.მ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „რ–ისა“ (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან ამხანაგობა) და ზ.თ–ძის (შემდგომში _ მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მეორე მოპასუხისათვის ქ.თბილისში, ......, მეორე სადარბაზოში მდებარე 5,67 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ამხანაგობის 2013 წლის 26 თებერვლის #1 კრების ოქმის ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე აწ გარდაცვლილი ს.მ–ძის დისშვილი და მისი კანონიერი მემკვიდრეა. ს.მ–ძე, 1993 წლის 29 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენდა ამავე მისამართზე მდებარე #84 ბინის მესაკუთრეს. ს.მ–ძე და მისი ოჯახი ამავე წლიდან ფლობდა და იყენებდა ...... #6-ში, მე-2 სადარბაზოში მდებარე 5,67 კვ.მ სარდაფს. 2013 წლიდან ს.მ–ძის ოჯახს მეორე მოპასუხემ რამდენჯერმე შესთავაზა სარდაფის მიყიდვა, თუმცა, ვერ შეთანხმდნენ. ამხანაგობის კრების სადავო ოქმით კი, სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი დაუდასტურდა ამხანაგობის წევრს, მეორე მოპასუხეს. სწორედ აღნიშნული სათავსი იყო ს.მ–ძის მფლობელობაში არსებული 5,67 კვ.მ სარდაფი. გარდა იმისა, რომ ამხანაგობის კრება არ გამართულა, მეორე მოპასუხემ მოტყუებით მოაწერინა ხელი ამხანაგობის წევრებს კრების ოქმზე, რადგან მათთვის არ იყო ცნობილი მოპასუხეს რომელი ფართი გადაეცემოდა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთოხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ს.მ–ძეს პრივატიზაციის შემდეგ საკუთრებაში გადაეცა 3 კვ.მ ფართი, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია მის სახელზე და რომელზედაც ამხანაგობის არცერთი წევრი არ აცხადებს პრეტენზიას. სადავო 5,67 კვ.მ სარდაფი 1992 წლიდან იყო #17 ბინის მესაკუთრე ი.გ–ძის მფლობელობაში, 1994 წლის 31 მაისიდან გ.ნ–ის მფლობელობაში, ხოლო, 1995 წლის 24 იანვრიდან _ მეორე მოპასუხის. 2002 წლის 12 ივლისს #17 ბინა ზ.თ–ძემ მიჰყიდა ვ.შ–ას, თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ბინა შეძენილია სარდაფის გარეშე. მოპასუხეთა განმარტებით გ.მ–ძეს სარჩელის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, რადგან იგი არ არის ბინის მესაკუთრე და ამხანაგობის წევრი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის კრების სადავო ოქმი, რომლის საფუძველზეც მეორე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა 5,67 კვ.მ სარდაფი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, საქმისწარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმისწარმოება, ხოლო, სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარი;
5.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის დამატებითი განჩინებით აპელანტის განცხადება დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის _ 300 ლარის გადახდა, ხოლო, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და იურიდიული მომსახურების ხარჯის სრულად ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული;
1.2.2. მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში იშუამდგომლა იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებაში არ იყო მსჯელობა ხსენებულ საკითხზე, 2019 წლის 7 ივნისს აპელანტის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხსენებულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინების ფარგლებში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის ფარგლებში შეფასების საგანს წარმოადგენს დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე წაგებულ მხარეს მოგებულის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის (იურიდიული მომსახურების ხარჯი) სახით. პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული დამატებითი განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მართალია, სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, თუმცა, არასწორად განმარტა იგი. ამ საფუძლით კი, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გააუქმოს გასაჩივრებული დამატებითი განჩინება, რადგანაც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კრძალავს საუარესოდ შებრუნების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი ნორმის პირველი ნაწილი ადგენს ცენზს _ დავის საგნის ღირებულების 4%-ს, რომელიც გამართლებულია სასამართლოს მხრიდან ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებითა და მოდავე მხარეთა ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით. საკასაციო პალატა, ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). უდავოა, რომ კასატორსა და მის წარმომადგენელს შორის წარმოშობილია სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (სკ 709-ე მუხლი), სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, რადგანაც ირკვევა მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის პრეტენზია ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მართლმსაჯულების განხორციელების გამო მოგებული მხარის ინტერესების დაცვის პროცენტულ ზღვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულია, როგორც ქონებრივი, ისე _ არაქონებრივი დავისას იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი. 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი; №ას-734-702-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-353-331-2017, 23 ივნისი, 2017 წელი). განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერება წარმოადგენს, რომლის საფუძელზეც დადასტურებულ იქნა კასატორის უფლება სარდაფზე, შესაბამისად, ამ მოთხოვნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4 000 ლარით განისაზღვრება, რომლის 4% შეადგენს 160 ლარს. გასაჩივრებული დამატებითი განჩინებით სააპელაციო პალატამ, ნაცვლად 160 ლარისა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა 300 ლარი, რაც ამ უკანასკნელს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს დამატებით 700 ლარის დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნას არ გააჩნია მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პროცესის გარეშე ხარჯების გამოანგარიშების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორს უნდა დაუბრუნდეს 12.08.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.თ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ზ.თ–ძეს (პ/#0....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კასატორის სახელით მ.გ–ის მიერ 12.08.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი