საქმე №ას-1053-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრების ავტორი – ზ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ ბმა „რ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის დამატებითი განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის სრულად დაკისრება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ.მ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „რ–ისა“ (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან ამხანაგობა) და ზ.თ–ძის (შემდგომში _ მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მეორე მოპასუხისათვის ქ.თბილისში, ...... მეორე სადარბაზოში მდებარე 5,67 კვ.მ სარდაფის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ამხანაგობის 2013 წლის 26 თებერვლის #1 კრების ოქმის ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის კრების სადავო ოქმი, რომლის საფუძველზეც მეორე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა 5,67 კვ.მ სარდაფი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით: სააპელაციო საჩივარი ნაწილობივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმისწარმოება, ხოლო სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარი;
5.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის დამატებითი განჩინებით აპელანტის განცხადება დაკმაყოფილდა, აპელანტის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა ადვოკატის ხარჯის _ 300 ლარის გადახდა, ხოლო, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის დამატებითი განჩინებაზე კერძო საჩივრები შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მათი ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის სრულად დაკისრება.
6.2. კერძო საჩივრით ძირითადად შედავებულია ის საკითხი, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მან ფაქტობრივად დაადგინა შეწყვეტის წინაპირობები, ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, გარდა ამისა, პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლზე დაყრდნობით მხარეს დაუბრუნა სააპელაციო საჩივარზე დაგახდილი ბაჟის 70%. სააპელაციო პალატას ხსენებული ნორმის ნაცვლად უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 53-ე მუხლით და მოწინააღმდეგე მხარისათვის დაეკისრებინა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.თ–ძის კერძო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აღიარებითი სარჩელის დაუშვებლად ცნობის გამო, პროცესის ხარჯების განაწილების კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. სარჩელის საგანს წარმოადგენს ამხანაგობის კრების ოქმის კანონიერება, რომლის საფუძველზეც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციით მეორე მოპასუხეს დაუდასტურდა ამხანაგობის თანასაკუთრების საგნის მფლობელობა და გადაეცა ინდივიდუალურ საკუთრებაში. სარჩელის მოთხოვნას კი, წარმოადგენდა ამ კრების ოქმის ბათილად ცნობა;
1.2.2. ვინაიდან სარჩელით ქონების მიკუთვნება არ ყოფილა მოთხოვნილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4 000 ლარით;
1.2.3. უდავოა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ. სააპელაციო საჩივარს ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
1.2.4. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სააპელაციო საჩივარი, აღიარებითი სარჩელი იურიდიული ინსტერესის არარსებობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, დატოვა განუხილველად, ხოლო, სააპელაციო საჩივრის საგნის არარსებობის გამო, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყვიტა საქმის წარმოება და აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის 70% _ 105 ლარი. დამატებითი განჩინებით კი, უარი ეთქვა მხარეს უსწორობის გასწორებასა და სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებაზე.
1.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომლის თანახმადაც მან ფაქტობრივად სრულად მოიგო დავა და სასამართლოს, ნაცვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლისა, 53-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა და მოწინააღმდეგე მხარისათვის დაეკისრებინა აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟის სრულად ანაზღაურება. უპირველესად პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვებით მხარეთა შორის დავა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის პიეველი ნაწილისა და 278-ე მუხლის შესაბამისად, როგორც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, ისე _ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მხარე არ არის შეზღუდული, დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, განმეორებით მიმართოს სასამართლოს. აქვე უნდა ითქვას, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არარსებობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ეთქმება უარი მის მიღებაზე. რაც შეეხება სარჩელზე წარმოების შეწყვეტას, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი არეგულირებს და ნორმის არცერთი ქვეპუნქტი იურიდიული ინტერესის არარსებობაზე მითითებას არ შეიცავს.
1.4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის განუხილველად დატოვებით მხარეთა შორის დავა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, სააპელაციო პალატამ სწორად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, რომელიც დავის საბოლოო გადაწყვეტისას ადგენს პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხს. რაც შეეხება წარმოებაში არასწორად მიღებული სარჩელის განუხილველად დატოვების პროცესუალურ წინაპირობებს, მას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ამავდროულად გვთავაზობს ხარჯების განაწილების საკითხსაც. კანონისმიერი ბალანსი კი, შემდეგია: მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხსენებული ნორმა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ თავშია მოქცეული, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო განხილვის წესები მსგავს შემთხვევაში რეგულაციის სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, ხსენებული ნორმის ზემდგომი წესით განხილვისას გამოყენება დასაშვებია შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა კანონით და სწორადვე დააბრუნა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
1.5. მიუხედავად ამისა, პალატა თვლის, რომ აშკარაა გასაჩივრებული განჩინებების შეცვლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლით განსაზღვრული წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 150 ლარი. როგორც ზემოთ ითქვა მოცემული დავის საგნის ღირებულება 4 000 ლარს შეადგენს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, იგი მაგისტრატი მოსამართლის განსჯადად მიიჩნევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 80 ლარით (4 000X4%:2=80), შესაბამისად, სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით აპელანტისათვის უნდა დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი 70 ლარი, ხოლო, დარჩენილი 80 ლარიდან 70% _ 56 ლარი.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების/დამატებითი განჩინების სარეზოლუციო ნაწილების მე-3 პუნქტების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას და კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უბრუნებს მ.გ–ის მიერ 23.01.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 150 ლარიდან 126 ლარს.
2. პროცესის ხარჯები:
ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის კერძო საჩივრები, ამასთანავე, მოცემულ დავაზე დასრულდა სამართალწარმოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) მოსარჩელეს კერძო საჩივრის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კერძო საჩივრების გამო გადახდილი ბაჟის _ 50 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 53-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.თ–ძის კერძო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებისა და 2019 წლის 7 ივნისის დამატებითი განჩინების სარეზოლუციო ნაწილების მე-3 პუნქტები და ზ.თ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე მ.გ–ის მიერ 23.01.2019წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 150 ლარიდან 126 ლარი.
3. გ.მ–ძეს (პ/#6.....) ზ.თ–ძის (პ/#0.....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ კერძო საჩივრებზე დაგახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი