საქმე №ას-1213-2018 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ბ.ქ.ა–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.გ.ა–ა“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „თ.გ.ა–ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.ქ.ა–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი ან მოიჯარე) მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირის დავალიანების _ 196 410,25 აშშ დოლარისა (საიდანაც ძირი თანხა არის 119 044,95 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო _ 77 365,30 აშშ დოლარი) და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის _ 56 899,49 აშშ დოლარის მისთვის დაკისრება.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 1 მარტს და 2012 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ქ.თბილისში, ...... მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 936 კვ.მ ფართი სასწავლო დაწესებულების გასახსნელად და ფუნქციონირებისთვის. 2013 წლის 1 სექტემბრიდან საიჯარო ქირა განისაზღვრა 30 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით. ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი ქირის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოიჯარემ დაარღვია ქირის გადახდის ვალდებულება, რის შედეგადაც მოსარჩელეს შეექმნა ფინანსური პრობლემები და იძულებული გახდა ბანკიდან აეღო სესხი, შესაბამისად მოსარჩელეს მიადგა ზარალი 56 899.49 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელეს საიჯარო ფართი დაუბრუნდა 2015 წლის 4 ივლისს და იჯარის ხელშეკრულების 6.1.7 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს საიჯარო ქირა ქონების დაბრუნების დაყოვნებისთვის 2 932.26 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, შესრულებული სამუშაოებისა და გადაცემული მოწყობილობების ღირებულების _ 121 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემებებს: 2011 წლის 1 მარტისა და 2012 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეები იმყოფებოდნენ საიჯარო ურთიერთობებში. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე, 2015 წლის ივნისში მხარეთა წარმომადგენელებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვადასხვა პირობებისა და ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა მეიჯარისათვის გარკვეული სამუშაოებისა და მოწყობილობების გადაცემა, რომელთა ღირებულებამ ამ დროისათვის შეადგინა 121 000 ლარი. 2015 წლის 12 ივნისს მეიჯარის წარმომადგენლის ელექტრონული წერილის მიღების შემდეგ შეგებებული მოსარჩელე დაეთანხმა შეთანხმების საბოლოო ვარიანტს და ჩათვალა, რომ საბოლოო ტექსტი შეთანხმებული იყო მეიჯარესთან, ხოლო ამ უკანასკნელმა, მას შემდეგ რაც მნიშვნელოვანი ფასდათმობით მიიღო შეთანხმების მე-8 პუნქტში მითითებული სამუშაოები და მოწყობილობები, ხელი აღარ მოაწერა შეთანხმებას და ჩაშალა მოლაპარაკება. აღნიშნულით მან ისარგებლა ბოროტად და ფაქტობრივად მიითვისა მოსარჩელის ქონება საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ, საიჯარო ქირის დავალიანების _ 306 320,91 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებლის თანახმად, 2015 წლის საიჯარო ქირა მოპასუხეს გადახდილი აქვს ნაწილობრივ _ 30 000 ლარის ფარგლებში, რაც, გარდა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა, დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 27 აპრილის #506 წერილით. აღნიშნულის შემდგომ საიჯარო თანხის გადახდის დაყოვნება გამოწვეულია მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაერთგზის დარღვევით. მასვე ქონების დაგვიანებით გადაცემის გამო თანხა არ უნდა დაეკისროს, რადგანაც ფართი გათავისუფლდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში _ 30 ივნისისათვის. მხოლოდ მცირე რაოდენობის ინვენტარი იქნა გადაზიდული 1 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, რასაც ადასტურებს ტვირთის გადაზიდვის თაობაზე წარდგენილი ზედნადებები. რაც შეეხება წერილობით წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს, იგი შედგა და ხელმოწერილი იქნა მოგვიანებით, ტექნიკური მიზეზის გამო, ვიდრე მოპასუხე დროებით ოფისში განათავსებდა კომპიუტერულ ტექნიკას. ამ ფაქტით არაკეთილსინდისიერად სარგებლობს მოსარჩელე, ბოროტად იყენებს თავის უფლებებს და ცდილობს უსაფუძვლოდ გამდიდრდეს მოპასუხის ხარჯზე. პირგასამტეხლოსთან მიმართებაში მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არ შეესაბამება მხარეთა მიერ დადგენილ ხელშეკრულების პირობებს, შესაბამისად სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შეამციროს გონივრულ ფარგლებამდე. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მოსარჩელე ვერ მიუთითებს, თუ რა გამოთვლას ემყარება ზიანის ოდენობა. ამასთან, მოსარჩელის მიერ კრედიტის აღება ვერ გახდება მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი;
2.2. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით თავდაპირველმა მოსარჩელემ არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, საიჯარო ფართში არსებული სასკოლო ინვენტარის ნაწილს გააუმჯობესებდა მოიჯარე 50 000 ლარის ფარგლებში და გადასცემდა ფართის მესაკუთრეს. აღნიშნული თანხა საიჯარო ქირის დავალიანებიდან გაიქვითა, 2015 წლის 23 ივლისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და გამოიწერა სასაქონლო ზედნადებები. დღეისათვის იმის მტკიცება, რომ ინვენტარი 121 000 ლარის ღირებულებისაა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 317 909,4 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე უარყოფილ იქნა შეგებებული სარჩელი.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოიჯარემ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა, ასევე, შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ _ 50 000 ლარის მეიჯარისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო, მოიჯარემ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 2016 წლის 30 ნოემბრამდე პირგასამტეხლოს სახით დამატებით 77 925 ლარის, ასევე, 2016 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი დავალიანების 0,05%-ის დაკისრება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების _ 256 320,91 ლარისა და ქონების დროულად დაუბრუნებლობის გამო ზიანის _ 6 588,49 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 256 320,91 ლარის 0,03%-ის ყოველდღიურად გადახდა 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოიჯარემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საიჯარო ქონების დაბრუნების ვადის გადაცილების გამო მოიჯარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების, პირგასამტეხლოსა და იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების კანონიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. საკასაციო საჩივრის თანახმად:
- სააპელაციო სასამართლომ საიჯარო ქონების გამოთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით არასწორად არ გაიზიარა მოიჯარის მტკიცება, არასწორად მიანიჭა უპირატესობა მიღება-ჩაბარების აქტის თარიღს. მოწმის ჩვენება და ტვირთის გადაზიდვის ზედნადები კი, არასწორად ჩათვალა სადავო გარემოების მტკიცებისათვის არარელევანტურად. სადავო აქტზე მითითებული თარიღი წარმოადგენს ტექნიკურ, ბეჭდვით შეცდომას და არ ასახავს ფართის გამოთავისუფლების რეალურ თარიღს, მოწმის ჩვენებითა და ტვირთის გადაზიდვის ზედნადებით დგინდება კასატორის მხრიდან ქონების 30 ივნისს დაცლა, მხოლოდ ინვენტარის მცირე ნაწილი იქნა გატანილი 1 ივლისს დღის პირველ ნახევარში. კასატორმა ნივთები საიჯარო ქონებიდან გადაზიდა, როგორც საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით, ისე _ შპს „კ.ლ–ის“ დახმარებით, რომლის მიერ გაცემული ზედნადებების თანახმად, გადაზიდვა ხორციელდებოდა 24, 25, 26, 27 და 30 ივნისს, იგივე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა კასატორის ტექნიკურმა მენეჯერმა გ.დ–მა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იჯარის ხელშეკრულების მე-7 პუნქტი, რომლითაც დადგენილია ქონების დაბრუნების წესი, ადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ვალდებულებას, თუმცა, არსად არ არის მითითებული, რომ ქონების რეალურად გადაცემის თარიღი და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის თარიღი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს;
- სასამართლომ, მიუხედავად ვრცელი განმარტების მიღებისა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება თავდაპირველი სარჩელით არასწორად იყო მოთხოვნილი. 2015 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე დავალიანება 256 320,91 ლარს არ შეადგენდა, შესაბამისად, კასატორს არასწორად დაეკისრა ამ თანხის 0,03%-ის გადახდა. იჯარის ხელშეკრულების 4.4. მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მომხდარიყო მოსარჩელის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოპასუხისათვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, კერძოდ:
i თებერვლის ანგარიშ-ფაქტურა თარიღდება 2 რიცხვით, ამას უნდა დაემატოს 5 სამუშაო დღე და პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დაიწყოს 8 თებერვლიდან, ხოლო, 25 თერბერვლიდან, რადგანაც გადახდილ იქნა დავალიანების ნაწილი _ 30 000 ლარი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დავალიანების მთლიან თანხაში გაქვითა, დავალიანების ძირი უნდა განისაზღვროს 32 287,72 ლარით;
ii მარტის ანგარიშ-ფაქტურა თარიღდება 2 რიცხვით, რომელსაც უნდა დაემატოს 5 სამუშაო დღე და პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს 8 მარტიდან, რაც შეეხება ძირს, ამ შემთხვევაში, თებერვლის დავალიანებას უნდა დაემატოს მარტის დავალიანება _ 65 611,62 ლარი და განისაზღვროს 97 899,34 ლარით (8 მარტიდან 10 აპრილამდე);
iii აპრილის ანგარიშ-ფაქტურა თარიღდება 4 რიცხვით, 5 სამუშაო დღის პირობებში პირგასამტეხლოს დათვლა უნდა მოხდეს 10 აპრილიდან 8 მაისამდე რა დროსაც აპრილის დავალიანება შეადგენდა 67 711,41 ლარს, რასაც ემატება დარჩენილი დავალიანება და იგი ჯამში შეადგენს 165 610,75 ლარს 28 დღის განმავლობაში;
iv მაისის ანგარიშ-ფაქტურა თარიღდება 1 რიცხვით და ზემოხსენებული წესის თანახმად პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა მოხდეს 8 მაისიდან, მაისის დავალიანებას _ 70 680,81 ლარს უნდა დაემატოს წინა თვის დავალიანება და განისაზღვროს 236 291,56 ლარით 7 ივნისამდე;
v ივნისის ანგარიშფაქტურა თარიღდება 2 რიცხვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დაიწყოს 7 რიცხვიდან და გამოთვლილ იქნას ივნისის დავალიანებისა _ 70 029,36 ლარისა და ნარჩენი დავალიანების 236 291,56 ლარის ჯამიდან 23 დღის განმავლობაში. პირველი ივლისიდან დავალიანების თანხას უნდა გამოაკლდეს 50 000 ლარი.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად ზემოხსენებულისა, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი იწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას, რაც სასამართლოს, ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა მიეღო;
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა ძალაში იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მან გაიზიარა მოიჯარის მტკიცება თანხის შეუსაბამო ოდენობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართალია, დაკისრებული თანხა _ 8 500 ლარი არ აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს, თუმცა, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მოცემული დავა არ არის რთული კატეგორიის, სარჩელის ნაწილობრივ ცნობის, მტკიცების საშუალებათა შეზღუდვისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუხარჯავს დიდი რესურსი, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ შეითავსა საკასაციო სასამართლოს ფუნქცია და სამივე ინსტანციის სასამართლოსათვის განსაზღვრული იურიდიული მომსახურების ხარჯი წინასწარ დააკისრა მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.2.1. 2011 წლის 1 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ...... მდებარე შენობის ნაწილი: 876 კვ.მ სარდაფის სართული, 1289 კვ.მ პირველი სართული და 1280 კვ.მ მეორე სართული. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირის ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრა თვეში 30 000 აშშ დოლარით. 4.8. პუნქტის შესაბამისად, მოიჯარის მიზეზით ყოველ საანგარიშო თვეში გადასახდელი საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მას პირგასამტეხლოს სახით ეკისრება დამატებითი საურავი დარჩენილი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 5.2. პუნქტის თანახმად, საიჯარო ფართის გადაცემა ხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები, რითაც ისინი ადასტურებენ საიჯარო ფართის გადაცემის და მიღების ფაქტს; 6.1.7. პუნქტის შესაბამისად, თუ მოიჯარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ უკან არ დააბრუნებდა საიჯარო ფართს, მაშინ მეიჯარეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; 11.2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას გამოიყენებენ წერილობით ფორმას;
1.2.2. 2012 წლის 27 აგვისტოს მხარეთა შორის, არსებითად იმავე პირობებით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეიჯარემ მოიჯარეს სარგებლობაში გადაცა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ..... მდებარე შენობის 60 კვ.მ სარდაფის სართული. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 300 აშშ დოლარით;
1.2.3. 2014 წლის 18 ნოემბრის წერილობითი შეთანხმებით, ორივე საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით;
1.2.4. მოიჯარემ 2015 წლის თებერვლის საიჯარო ქირა გადაიხადა ნაწილობრივ, კერძოდ, 62 287,72 ლარიდან 30 000 ლარი. მას არ გადაუხდია მარტის საიჯარო ქირა _ 65 611.62 ლარი, აპრილის საიჯარო ქირა _ 67 711.41 ლარი, მაისის საიჯარო ქირა _ 70 680.81 ლარი და ივნისის საიჯარო ქირა _ 70 029.36 ლარი;
1.2.5. მოპასუხემ სარჩელი ცნო საიჯარო ქირის დავალიანების 306 320.91 ლარის ნაწილში;
1.2.6. 2015 წლის 4 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მოპასუხემ თავდაპირველ მოსარჩელეს გადასცა საიჯარო ფართები;
1.2.7. 2015 წლის 22-23 ივლისს მოიჯარემ მეიჯარეს გადასცა მხარეთა შეფასებით, მთლიანობაში 50 000 ლარის ღირებულების მატერიალური ქონება, რომელთა ღირებულებაც მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ გადაუხდია;
1.2.8. შეგებებული სარჩელით მოიჯარე მეიჯარისაგან ითხოვდა 2015 წლის 22-23 ივლისს გადაცემული მოძრავი ნივთების ღირებულების _ 121 000 ლარის ანაზღაურებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადაცემული ჰქონდა არა 121 000 ლარის, არამედ _ 50 000 ლარის ღირებულების მატერიალური ინვენტარი, სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოიჯარემ დააზუსტა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა გადაცემული მატერიალური ინვენტარის ღირებულების - 50 000 ლარის დაკისრება მეიჯარისათვის. ამ უკანასკნელმა კი, სააპელაციო შესაგებლით 50 000 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სარჩელი. ამ თანხის საიჯარო ქირის დავალიანებაში _ 306 320.91 ლარში გაქვითვის შემთხვევაში, დავალიანება განისაზღვრებოდა 256 320.91 ლარით;
1.2.9. სააპელაციო საჩივრით მეიჯარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2015 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდზე არსებული დავალიანების 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც მთლიანობაში შეადგინა 82 925 ლარი და ასევე, 2016 წლის 30 ნოემბრიდან მზარდი პირგასამტეხლო დავალიანების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შესრულებამდე;
1.2.10. იურიდიული მომსახურების შესახებ 2015 წლის 15 სექტემბრის და 2016 წლის 14 მარტის ხელშეკრულებებით, ასევე საგადასახადო დავალებებით დასტურდება, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს წარმომადგენლების მომსახურებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი აქვს 9 125 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებულ მოსარჩელეს თადაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით 8 500 ლარის ანაზღაურება. მეიჯარემ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა მეორე ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოებისას გაწეული წარმომადგენლების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით 1 700 ლარის ანაზღაურება.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. საკასაციო პალატა განსახილველი პრეტენზიების სწორი სამართლებრივი შეფასების მიზნით უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებზე: თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილია საიჯარო ქირის დავალიანების, ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ზიანის ანაზღაურებისა და ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნების დამფუძნებელი ნორმებია სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება, 591-ე და 417-ე მუხლები, რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, მისი მოთხოვნა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ მეიჯარისათვის გადაცემული გაუმჯობესებების ფულადი ანაზღაურებაა, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს ამავე კოდექსის 976.1 (ა), 979-ე და 987.1 მუხლი წარმოადგენს.
1.3.2. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოიჯარემ საქმის მომზადების ეტაპზე საიჯარო ქირის დავალიანების ნაწილში ცნო სარჩელი, ისევე, როგორც მეიჯარემ შემცირებული სააპელაციო მოთხოვნის ნაწილში ცნო შეგებებული სარჩელი 50 000 ლარის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო პალატამ ხსენებული თანხები გაქვითა და საბოლოოდ საიჯარო ქირის დავალიანების ოდენობა განსაზღვრა 256 320,91 ლარით. ამ ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას საკასაციო პალატა არ შეამოწმებს ამავე კოდექსის 409-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე.
1.3.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქონების დაბრუნების ვადის დარღვევის გამო ზიანის დაკისრების თაობაზე. ამ შემთხვევაში სააპელაციო პალატის დასკვნა კანონიერია და გამომდინარეობს საქმის მასალების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასებიდან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ქონების გადაცემის, ისევე, როგორც ზოგადად მხარეთა კომუნიკაციის ფორმა, რომელიც უნდა ყოფილიყო წერილობით, ამასთანავე, მფლობელობის გადაცემა უნდა დადასტურებულიყო ორმხრივად, უფლებამოსილი წარმომადგნლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემულ შემთხვევაში, თავდაპირველი მოსარჩელე სწორედ მიღება-ჩაბარების აქტზე აპელირებით მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მოპასუხე კი, უარყოფს ქონების გადაცემის ვადის დარღვევის ფაქტს და მიუთითებს კუთვნილი ინვენტარის გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებსა და მოწმის ჩვენებაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებაზე დაყრდნობით დაძლია მტკიცების ტვირთი, რაც შეეხება კასატორს, მან ვერ წარადგინა საკუთარი განმარტებების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება. ამ შემთხვევაში პალატა აღნიშნავს, რომ არადამაჯერებელია მოიჯარის მტკიცება, თითქოს მიღება-ჩაბარების აქტზე მითითებული თარიღი წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის შეცდომას. ამ მტკიცების გაზიარებას განსაკუთრებით გამორიცხავს ის გარემოება, რომ მხარეები არიან მეწარმეები და მათ კანონმდებლობა წინდახედულობის მაღალ სტანდარტს უდგენს, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით ქონებაზე პირდაპირი მფლობელობის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულების არსებობის პირობებში, გადაცემის განსხვავებულ თარიღს ვერ დაადასტურებს მოწმის ჩვენება და/ან ზედნადები. ამგვარი შეიძლება გაზიარებულიყო სასამართლოს მხრიდან, თუკი მოიჯარე დაადასტურებდა, რომ მან დროულად დაცალა ფართი, ხოლო მეიჯარე განზრახ არიდებდა თავს ქონების მიღებას/მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერას. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით მხარეებს არ განუსაზღვრავთ ქონების რეალურად გადაცემისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღის თანხვედრის აუცილებლობა, მას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგანაც, როგორც წესი, მიღება-ჩაბარების აქტი სწორედ ქონების კონკრეტულ დროს გადაცემის ფაქტის დადასტურების მიზანს ემსახურება.
1.3.4. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ ქონების გადაცემის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ოდენობა, საიჯარო ქირის გათვალისწინებით, შეადგენს 6 588,49 ლარს, შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების თაობაზე თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის ყველა წინაპირობა.
1.3.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის უდავოა საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე მოიჯარის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ასევე უდავოა, რომ ამ ვალდებულების დარღვევისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე (სკ-ის 418.2 მუხლი), შესაბამისად, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, ამ შემთხვევაში, კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო. იჯარის ხელშეკრულების 4.8. პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიზეზით ყოველ საანგარიშო თვეში გადასახდელი საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მას პირგასამტეხლოს სახით ეკისრება დამატებითი საურავი დარჩენილი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია საიჯარო ქირის გადახდის წესზე მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმება, ამასთანავე, დავალიანების ჯამური ოდენობის შესაბამისად, 2015 წლის თებერვლიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება ცდება მოვალის პასუხისმგებლობის ფარგლებს. საკასაციო პალატა პირგასამტეხლოს საკითხზე მსჯელობისას ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო, ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, ითვალისწინებს საქმის განხილვის ხანგრძლივ დროსაც და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მხრიდან პირგასამტეხლოს განაკვეთის შემცირების მიუხედავად, დაკისრებული მზარდი თანხის პირობებში იგი მაინც შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევისა, რის გამოც, ზემოხსენებული ნორმის თანახმად, უნდა შემცირდეს მისი ოდენობა და განისაზღვროს მყარი თანხით. პალატის დასკვნით, ქირის გადახდის ვადის გადაცილების გამო გონივრული და სამართლიანი იქნება პირგასამტეხლოს ოდენობის 50 000 ლარით განსაზღვრა.
1.3.6. რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ხარჯის, კერძოდ, იურიდიული მომსახურებისათვის თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ კასატორისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ არის დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური წინაპირობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.2.10. პუნქტში მითითებულ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი. განსახილველი ნორმის პირველი ნაწილი ადგენს ცენზს _ დავის საგნის ღირებულების 4%-ს, რომელიც გამართლებულია სასამართლოს მხრიდან ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებითა და მოდავე მხარეთა ინტერესების დაბალანსების თვალსაზრისით. საკასაციო პალატა, ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). უდავოა, რომ მოსარჩელესა და მის წარმომადგენლებს შორის წარმოშობილია სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (სკ 709-ე მუხლი), სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, რადგანაც ირკვევა მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, პალატა მიიჩნევს, რომ მეიჯარის პრეტენზია ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი; №ას-734-702-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-353-331-2017, 23 ივნისი, 2017 წელი). ამასთანავე, ვინაიდან უდავოა, რომ დაკისრებული თანხა არ აღემატება თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის 4%-ს, კასატორისათვის 8 500 ლარის დაკისრება, მით უფრო დავის სამივე ინსტანციის სასამართლოში განხილვის გათვალისწინებით, გამართლებულია და არ არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალაში დატოვების/ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში და ვინაიდან სახეზე არ არის საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას: წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.3.5. პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგსამტეხლოს გადახდა 50 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ქონების გადაცემის დაყოვნებით გამოწყვეული ზიანისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების საკითხებს, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რის გამოც, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, პალატა ძალაში ტოვებს მას.
2. პროცესის ხარჯები:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეიჯარემ ჯამში გაწია 6 585,1 ლარის ოდენობით ხარჯი, ხოლო, მოიჯარემ _ 12 683,52 ლარი. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო მის წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნის 41,9%, ხოლო თავდაპირველმა მოსარჩელემ სააპელაციო განხილვის დაწყებამდე სრულად ცნო შემცირებული შეგებებული სარჩელის მოთხოვნა.
2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
2.4. ამდენად, სარჩელის/შეგებებული სარჩელის საქმის სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობის პროპორციულად მხარეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი ბაჟი, კერძოდ, თავდაპირველ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 18.09.2015წ. #1 საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი 5 000 ლარიდან 2 095 ლარი, ხოლო შეგებებულ მოსარჩელეს _ მის მიერ 04.01.2018წ. #1515058118 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 2 603,52 ლარიდან 2 000 ლარი.
2.5. რაც შეეხება დარჩენილ თანხებს, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა 73,9%-ით (სსსკ-ის 40.2, 41.1 „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელის შეტანის დროისათვის არსებული აშშ დოლარის კურსის შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელის ფასი შეადგენდა 729 532,05 ლარს, ხოლო, შეგებებული სარჩელის _ 121 000 ლარს, რომელიც სააპელაციო განხილვის ეტაპზე შემცირდა 50 000 ლარამდე, ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის ცნობის გამო, იგი სრულად დაკმაყოფილდა და როგორც ითქვა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი მხარეს დაუბრუნდა ბიუჯეტიდან), მოიჯარეს მეიჯარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯებიდან 4 866,38 ლარი, ხოლო, მეიჯარეს მოიჯარის სასარგებლოდ _ მის მიერ გადახდილი, დარჩენილი თანხიდან 26,1% _ 3 310,39 ლარი, ამ თანხების ურთიერთგაქვითვის გზით კი, საბოლოოდ კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ეკისრება 1 555,99 ლარის გადახდა.
3. უზრუნველყოფის ღონისძიება:
3.1. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ამავე სასამართლოს 21.09.2015წ. განჩინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ს/კ #..... დადებულ იქნა ყადაღა, ხოლო, 27.03.2017წ. განჩინებით გაიმიჯნა ყადაღადადებული ქონება და 2500 კვ.მ უძრავი ნივთი დატოვებულ იქნა უზრუნველყოფის საგნად) _ ყადაღა დეპოზიტზე თანხის განთავსებით და სარჩელის უზრუნველყოფის საგნად მიჩნეულ იქნა შპს „ბ.ქ.ა–ის“ (ს/კ #.....) მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 2 ივლისის #1562051319 საგადახდო დავალებით ჩარიცხული 400 000 ლარი, შესაბამისად, ყადაღისაგან გათავისუფლდა შპს „ბ.ქ.ა–ის“ (ს/კ #.....) კუთვნილი #72.16.21.808 უძრავი ნივთი.
3.2. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორისათვის თანხის დაკისრების ნაწილში, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 1991, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ბ.ქ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. პირგასამტეხლოს დაკისრებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8 (ნაწილობრივ), მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები) შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „თ.გ.ა–ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
3.1. შპს „ბ.ქ.ა–ას“ (ს/კ #.....) შპს „თ.გ.ა–ის“ (ს/კ #.......) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს _ 50 000 ლარის ანაზღაურება;
3.2. შპს „თ.გ.ა–ას“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 18.09.2015წ. #1 საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი 5 000 ლარიდან 2 095 ლარი;
3.3. შპს „ბ.ქ.ა–ას“ (ს/კ #4.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.01.2018წ. #1515058118 საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 2 603,52 ლარიდან 2 000 ლარი;
3.4. შპს „ბ.ქ.ა–ას“ (ს/კ #4......) შპს „თ.გ.ა–ის“ (ს/კ #2......) სასარგებლოდ დაეკისროს 1 555,99 ლარის ანაზღაურება.
4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით შეცვლილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი