Facebook Twitter

საქმე №ას-1213-2018 20 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ბ.ქ.ა–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.გ.ა–ა“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „თ.გ.ა–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ.ქ.ა–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 317 909,4 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა შპს „ბ.ქ.ა–ის“ შეგებებული სარჩელი.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 2016 წლის 30 ნოემბრამდე პირგასამტეხლოს სახით დამატებით 77 925 ლარის, ასევე, 2016 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი დავალიანების 0,05%-ის დაკისრება, ხოლო, შეგებებულმა მოსარჩელემ _ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა, ასევე, შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ _ 50 000 ლარის მეიჯარისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა, ხოლო, შეგებებულ მოსარჩელეს _ საიჯარო ქირის დავალიანების 306 320,91 ლარისა (ეს თანხები გაიქვითა და საიჯარო ქირის დავალიანება განისაზღვრა 256 320,91 ლარით) და ქონების დროულად დაუბრუნებლობის გამო ზიანის _ 6 588,49 ლარის გადახდა, მასვე თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 256 320,91 ლარის 0,03%-ის ყოველდღიურად გადახდა 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ამავე სასამართლოს 21.09.2015წ. განჩინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ს/კ #.... დადებულ იქნა ყადაღა, ხოლო, 27.03.2017წ. განჩინებით გაიმიჯნა ყადაღადადებული ქონება და 2500 კვ.მ უძრავი ნივთი დატოვებულ იქნა უზრუნველყოფის საგნად) _ ყადაღა დეპოზიტზე თანხის განთავსებით. ამავე სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8 (ნაწილობრივ), მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „თ.გ.ა–ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ბ.ქ.ა–ას“ შპს „თ.გ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 50 000 ლარის ანაზღაურება; შპს „თ.გ.ა–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი 5 000 ლარიდან 2 095 ლარი; შპს „ბ.ქ.ა–ას“ _ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 2 603,52 ლარიდან 2 000 ლარი; შპს „ბ.ქ.ა–ას“ შპს „თ.გ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 555,99 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ასევე ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით შეცვლილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ბ.ქ.ა–ამ“, წარმოადგინა შპს „თ.გ.ა–ის“ ანგარიშზე 314 854,39 ლარისა და 8 110,94 ლარის ჩარიცხვის ქვითრების დედნები და განმარტა, რომ მან აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც აღარ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპირობა, რის გამოც, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტზე განთავსებული თანხა _ 400 000 ლარი უნდა დაუბრუნდეს განმცხადებელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8 (ნაწილობრივ), მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „თ.გ.ა–ის“ სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ბ.ქ.ა–ას“ შპს „თ.გ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 50 000 ლარის ანაზღაურება; შპს „თ.გ.ა–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი 5 000 ლარიდან 2 095 ლარი; შპს „ბ.ქ.ა–ას“ _ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 2 603,52 ლარიდან 2 000 ლარი; შპს „ბ.ქ.ა–ას“ შპს „თ.გ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 555,99 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ასევე ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით შეცვლილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

3. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა კასატორის შუამდგომლობა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა და მის ნაცვლად სარჩელის უზრუნველყოფის საგნად მიჩნეულ იქნა სსიპ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა _ 400 000 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ ვალდებულება შპს „თ.გ.ა–ის“ მიმართ შეადგენს 322 965,39 ლარს (საკასაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო _ 50 000 ლარი; სახელმწიფო ბაჟი _ 1 555,99 ლარი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საიჯარო ქირის დავალიანება _ 256 320,91 ლარი, ქონების დაყოვნებით გამოწვეული ზიანი _ 6 588,49 ლარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული იურიდიული მომსახურების ხარჯი _ 8 500 ლარი);

5. კასატორის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების დედნების თანახმად, მან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და კრედიტორის სასარგებლოდ ჯამში 322 965,39 ლარი გადაიხადა.

6. ამდენად, უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, კასატორმა ნებაყოფლობით აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რის გამოც, სახეზე აღარაა ამავე კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გამოყენებული უზრუნვლყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეძთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება და შპს „ბ.ქ.ა–ას“ უნდა დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 2 ივლისის #1562051319 საგადახდო დავალებით ჩარიცხული 400 000 ლარი. საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინება ექვემდებარება აღსრულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლით დადგენლი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 195-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.ქ.ა–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება, რომლითაც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ამავე სასამართლოს 21.09.2015წ. განჩინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ს/კ #..... დადებულ იქნა ყადაღა, ხოლო, 27.03.2017წ. განჩინებით გაიმიჯნა ყადაღადადებული ქონება და 2500 კვ.მ უძრავი ნივთი დატოვებულ იქნა უზრუნველყოფის საგნად) _ ყადაღა დეპოზიტზე თანხის განთავსებით.

3. შპს „ბ.ქ.ა–ას“ (ს/კ #....) დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 2 ივლისის #1562051319 საგადახდო დავალებით ჩარიცხული 400 000 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი