Facebook Twitter

საქმე №ას-1213-2018 5 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ბ.ქ.ა–ა“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.გ.ა–ა“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის სახის შეცვლა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „თ.გ.ა–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ.ქ.ა–ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 317 909,4 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა შპს „ბ.ქ.ა–ის“ შეგებებული სარჩელი.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის 2016 წლის 30 ნოემბრამდე პირგასამტეხლოს სახით დამატებით 77 925 ლარის, ასევე, 2016 წლის 1 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი დავალიანების 0,05%-ის დაკისრება, ხოლო, შეგებებულმა მოსარჩელემ _ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის უარყოფა, ასევე, შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ _ 50 000 ლარის მეიჯარისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თავდაპირველ მოსარჩელეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა, ხოლო შეგებებულ მოსარჩელეს _ საიჯარო ქირის დავალიანების 306 320,91 ლარისა (ეს თანხები გაიქვითა და საიჯარო ქირის დავალიანება განისაზღვრა 256 320,91 ლარით) და ქონების დროულად დაუბრუნებლობის გამო ზიანის _ 6 588,49 ლარის გადახდა, მასვე თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 256 320,91 ლარის 0,03%-ის ყოველდღიურად გადახდა 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.ქ.ა–ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურებისა და იურიდიული მომსახურების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. მოგვიანებით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მოითხოვა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღის შეცვლა დეპოზიტზე თანხის განთავსებით. განმცხადებელმა წარმოადგინა სსიპ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 400 000 ლარის განთავსების დამადასტურებელი ქვითრის დედანი, საჯარო რეესტრის ამონაწერები უძრავ ქონებაზე: #.....; #...... (ნაკვეთების წინა ნომერი: .....) და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით მხარეს უფლება მიეცა ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე. გამიჯვნის შედეგად დარჩენილი 2 500 კვ.მ მიწა, ყადაღის არსებობის გამო, კვლავ დარჩენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონედ, რაც პრობლემას უქმნის განმცხადებელს, რომელიც ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა და ახორციელებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე სწავლების პროცესს. დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, ვერ ახერხებს სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ვინაიდან საკასაციო საჩივარი მიჩნეულია დასაშვებად და გრძელდება საქმის განხილვა, ჭიანურდება მშენებლობის დაწყება, რაც განმცხადებლისათვის ზიანის მომტანია. განცხადების წარდგენის დროისათვის დაკმაყოფილებული სარჩელის ღირებულება შეადგენს 394 969,44 ლარს (256 320,91+121 716,87 (პირგასამტეხლოს 2019 წლის 1 ივლისის მდგომარეობით)+6 588,49+1 843,17+8 500), რის გამოც განმცხადებელმა მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „თ.გ.ა–ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს „ბ.ქ.ა–ისათვის“ თანხის დაკისრება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა სარჩელი, განმცხადებელს თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების _ 256 320,91 ლარის, ქონების დროულად დაუბრუნებლობის გამო ზიანის _ 6 588,49 ლარის, პირგასამტეხლოს _ 256 320,91 ლარის 0,03%-ის ყოველდღიურად გადახდა 2015 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე პროცესის ხარჯების გადახდა;

4. ხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ შპს „ბ.ქ.ა–ამ“, რაც შეეხება შპს „თ.გ.ა–ას“, მას სააპელაციო საჩივრით დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს;

5. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ამავე სასამართლოს 21.09.2015წ. განჩინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ს/კ #..... დადებულ იქნა ყადაღა, ხოლო, 27.03.2017წ. განჩინებით გაიმიჯნა ყადაღადადებული ქონება და 2500 კვ.მ უძრავი ნივთი დატოვებულ იქნა უზრუნველყოფის საგნად) და შპს „ბ.ქ.ა–ის“ კუთვნილ უძრავ ნივთს დაედო ყადაღა;

6. საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40.2 მუხლისა და 41.1 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, იზიარებს განმცხადებლის მტკიცებას, რომ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვის დროისთვის შპს „თ.გ.ა–ის“ მიერ მოგებული მოთხოვნის ღირებულება არ აღემატება 400 000 ლარს.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ინსტიტუტი წარმოადგენს მისაღები გადაწყვეტილების დაცვის პრევენციულ და დროებით ზომას, იგი მიიღება სარჩელის საფუძვლიანობის ვარაუდის პირობებში, თუმცა, ამავდროულად სავალდებულოა მხარეთა ინტერესების დაბალანსება, კერძოდ სასამართლო უზრუნველყოფს რა ერთი მხარის მოთხოვნის აღსრულებადობას, აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების მხედველობაში მიუღებლად არ უნდა განხორციელდეს, არამედ, მინიმუმადე უნდა იქნას დაყვანილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანი და რისკები. იმ პირობებში კი, როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება, ხოლო მოპასუხე მოითხოვს ყადაღის შეცვლას ანგარიშზე თანხის განთავსებით, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მის მოთხოვნას და თვლის, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.ქ.ა–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ამავე სასამართლოს 21.09.2015წ. განჩინებით შპს „ბ.ქ.ა–ის“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ს/კ #.... დადებულ იქნა ყადაღა, ხოლო, 27.03.2017წ. განჩინებით გაიმიჯნა ყადაღადადებული ქონება და 2500 კვ.მ უძრავი ნივთი დატოვებულ იქნა უზრუნველყოფის საგნად) _ ყადაღა დეპოზიტზე თანხის განთავსებით.

3. სარჩელის უზრუნველყოფის საგნად მიჩნეულ იქნას შპს „ბ.ქ.ა–ის“ (ს/კ #2.....) მიერ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2019 წლის 2 ივლისის #1562051319 საგადახდო დავალებით ჩარიცხული 400 000 ლარი.

4. ყადაღისაგან გათავისუფლდეს შპს „ბ.ქ.ა–ის“ (ს/კ #.......) კუთვნილი #......21.808 უძრავი ნივთი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი