7 სექტემბერი, 2020 წელი,
№ას-735-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე.ლ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს “ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ე.ლ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) და თ.გ–ათვის სოლიდარულად 7284,16 ლარის დაკისრებას, საიდანაც ძირითადი თანხა არის 5620,65 ლარი, პროცენტი - 1064,73 ლარი და პირგასამტეხლო - 598,78 ლარი, დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება), მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
4. გასაჩივრებული განჩინება მოპასუხეს მისსავე სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2018 წლის 12 ივლისს. საქმეში არსებული უკუგზავნილით ირკვევა, რომ გზავნილი მხარეს ვერ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობდა. ამის შემდეგ გასაჩივრებული განჩინება მხარეს იგივე მისამართზე კიდევ ორჯერ - 2018 წლის 31 ივლისსა და 2018 წლის 5 სექტემბერს გაეგზავნა და გზავნილი ორივეჯერ უკან მობრუნდა სასამართლოში ჩაუბარებლობის გამო. 2018 წლის 12 ოქტომბერს მხარეს საქმეში არსებულ კიდევ ერთ მისამართზე გაეგზავნა გასაჩივრებული განჩინება, მაგრამ გზავნილი მას კვლავ ვერ ჩაჰბარდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით დადგინდა მოპასუხისათვის გასაჩივრებული განჩინების შინაარსის საჯარო შეტყობინების გზით ცნობა. განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ 2019 წლის 3 ოქტომბერს განთავსდა საერთო სასამართლოების ვებგვერდზე საჯარო შეტყობინების განხორციელების მიზნით.
6. 2020 წლის 13 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსსკ-ის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
8. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს ოთხჯერ გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართებზე, თუმცა მას გზავნილი ვერ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ ადრესატი მის მიერ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა. ამის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 16 სექტემბრის განჩნებით დაადგინა მოპასუხისათვის გასაჩივრებული განჩინების შინაარსის საჯარო შეტყობინების გზით ცნობა და 2019 წლის 3 ოქტომბერს აღნიშნული განჩინება განთავსდა საერთო სასამართლოების ვებგვერდზე საჯარო შეტყობინების განხორციელების მიზნით. ვინაიდან მხარისათვის სასამართლო გზავნილის სხვაგვარად ჩაბარება ვერ მოხერხდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
10. სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 11 ოქტომბერს, საჯარო შეტყობინების სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან 7-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ და ამოიწურა ამავე წლის 22 ოქტომბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2020 წლის 13 ივლისს. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება კერძო საჩივრით კანონით დადგენილი ვადის დარღვევით არის გასაჩივრებული.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ლ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა