Facebook Twitter

საქმე №ას-8-2020

2 ივლისი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ხ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები მ.ს–ძე (მოსარჩელე), ბ.უ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.ს–ძისთვის უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ს–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.უ–ას და ხ.ხ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, კასატორი) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის და მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხე ბ.უ–ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი მოძრავი ნივთის ნაწილში.

მოპასუხე ხ.ხ–ძემ მის მიმართ აღძრული სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ქუთაისში, …… არსებული მოძრავი ნივთი „თმის უთო„ შავი ფერის („MAC„) გამოთხოვილი იქნა მოპასუხის მფლობელობიდან და დაუბრუნდა მოსარჩელეს; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

4.1. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.ს–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

4.2. ბათილად იქნა ცნობილი ხ.ხ–ძეს და ბ.უ–ას შორის 2017 წლის 17 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების (ქ. ქუთაისი, ...... მდებარე საცხოვრებელი ბინა, ს/კ: .....) ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში;

4.3. მ.ს–ძე ცნობილი იქნა ქ. ქუთაისში, ....... მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ: .......) ½ ნაწილის მესაკუთრედ;

4.4. ქ. ქუთაისში, ...... (ს/კ: ........) მდებარე ბინაში განთავსებული, მ.ს–ძის კუთვნილი მოძრავი ნივთები გადაეცა მოსარჩელეს.

4.5. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

5. პალატამ დაადგინა შემდეგი გარემოებები:

5.1. მ.ს–ძე 2010 წლის 21 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ.უ–ასთან.

5.2. მ.ს–ძე და ბ.უ–ა ცხოვრობენ ცალკ-ცალკე და ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე მ.ს–ძე ცხოვრობს მშობლებთან და შვილთან ერთად;

5.3. 2016 წლის 30 მაისს ი.გ–ძეს (გამყიდველი) და ბ.უ–ას (მყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბ.უ–ამ ი.გ–ძისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ....... ხელშეკრულების თანახმად ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრული იქნა 25000 აშშ დოლარით.

5.4. სადავო ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში და იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

5.5. ბ.უ–ას (გამყიდველი) და ხ.ხ–ძეს (მყიდველი) შორის 2017 წლის 7 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხ.ხ–ძემ ბ.უ–ასგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ...... ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა - 10 000 ლარით.

5.6. ბ.უ–ამ სადავო ქონება გაასხვისა მ.ს–ძესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში.

5.7. 2019 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბ.უ–ამ სრულად დაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ, ერთობლივად.

მოპასუხემ დაადასტურა, რომ ხ.ხ–ძე არის დედამისის - ი.მ–ძის ძმის შვილის ახლო მეგობარი და ოჯახთან დაახლოებული პირი.

მან თვალთმაქცურად გააფორმა ხ.ხ–ძესთან სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მას არანაირი ვალი მის წინაშე არა აქვს და არც ხ.ხ–ძეს შეუძენია რეალურად ეს ბინა. არ დაუფლებია ქონებას და არც თანხა გადაუხდია. მოპასუხემ დაადასტურა, რომ სადავო ბინაში დღემდე თვითონ ცხოვრობს, ხოლო ახალ მესაკუთრეს არანაირი მცდელობა არ ჰქონია მისი გამოსახლების, ვინაიდან გარიგება თვალთმაქცურია და ბინა არ შეუძენია. მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ ბინაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი, რაც მითითებულია სარჩელში არის მ.ს–ძის პირადი ნივთები, რომელიც მოტანილი იქნა მზითვის სახით და დღემდე განთავსებულია სადავო ბინაში (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

5.8. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160-ე, 1161-1162-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება მეუღლეთა ქორწინების განმავლობაშია შეძენილი, შესაბამისად, იგი თანაზიარ ქონებას წარმოადგენს, რის გამოც თითოეული მოპასუხის წილი ამ უძრავ ქონებაზე ½ ნაწილს შეადგენს.

5.9. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)

5.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე”.

5.11. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა - 10 000 ლარით, იმ პირობებში როდესაც უძრავი ქონება 2016 წლის 30 მაისს, ანუ 1 წლით და 5 თვით ადრე 25 000 აშშ დოლარად არის შეძენილი მეუღლეების მიერ. დროის მცირე პერიოდში უძრავი ნივთის ამგვარი ფასის ,,ვარდნა’’ მიუთითებს გარიგების მოჩვენებითობაზე. ამასთან, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ ნასყიდობის ფასი გადახდილია მყიდველის მიერ, განსხვავებით 30.05.2016წ. ხელშეკრულებისაგან, სადაც პირდაპირაა აღნიშნული, რომ ,,ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარად, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი“. ამასთან, არ არის წარმოდგენილი თუნდაც 10000 ლარის, როგორც უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის გამყიდველისათვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.

5.12. საქმის გარემოების და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ბ.უ–ასა და ხ.ხ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს, რაც, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ½ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველია. მ.ს–ძეს მიეკუთვნა სადავო ქონების ½ ნაწილი.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ხ.ხ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.

6.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო ბ.უ–ას პოზიციას და უკვე დადგენილი გარემოების შეცვლის საფუძვლად მოპასუხის ახსნა-განმარტება მიუთითა.

6.2. მ.ს–ძემ და ბ.უ–ამ ქონება გაასხვისეს თანაცხოვრების პერიოდში ფინანსური კრიზისის გამო, რის შემდგომაც მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა მშობლების ბინაში. მოძრავი ნივთები კი მცირე დროით, ახალი საცხოვრებლის მოძიებამდე დარჩა სადავო ბინაში.

6.3. კასატორის განმარტებით, ბ.უ–ას ხელზე გადასცა 10 000 ლარი და პასუხისმგებლობა აიღო მისი დედის - ი.მ–ძის სესხზე - 18 000 აშშ დოლარის ოდენობით.

6.4. ახალი მესაკუთრე არის კეთილსინდისიერი შემძენი და საწინააღმდეგოს დამტკიცება შეუძლებელია.

საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

8. საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო ქონება შეძენილია რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს სსკ-ის 1158-ე მუხლი (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი) განსაზღვრავს.

13. სამოქალაქო კანონმდებლობა მეუღლეთა ქონებრივი უფლებების წარმოშობას რეგისტრირებულ ქორწინებას უკავშირებს. უდავო გარემოებაა, რომ მ.ს–ძე და ბ.უ–ა 2010 წლის 21 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის დასკვნით, სადავო ქონება მეუღლეების - მოსარჩელისა და მოპასუხე ბ.უ–ას თანასაკუთრებაა. შესაბამისად, ქონების ½ ნაწილი მოსარჩელეს ეკუთვნის.

14. დადგენილია, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბ.უ–ამ სრულად დაუჭირა მხარი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ ხ.ხ–ძესთან გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა, იგი არ დაუფლებია ქონებას და მასში დღემდე თავად აგრძელებს ცხოვრებას. ახალ მესაკუთრეს არანაირი მცდელობა არ ჰქონია მისი გამოსახლების, ვინაიდან ნივთის რეალურად მას არ ეკუთვნის. მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ ხ.ხ–ძე არის დედამისის - ი.მ–ძის ძმის შვილის ახლო მეგობარი და ოჯახთან დაახლოებული პირი.

15. დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 10 000 ლარით, რომელიც 1 წლით და 5 თვით ადრე მეუღლეების მიერ შეძენილი იქნა 25 000 აშშ დოლარად.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები.

17. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ვალდებული იყო, ქმედითად უარეყო მოსარჩელის არგუმენტები და წარედგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა მის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

19. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.

20. კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია და სადავო ქონება მისი საკუთრებაა საჭიროებდა დამტკიცებას რელევანტური მსჯელობის (დასაბუთების) ან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, რაც ხ.ხ–ძემ ვერ უზრუნველყო.

21. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას დროის მცირე პერიოდში (1 წელი და 5 თვე) უძრავი ნივთის ფასის ,,ვარდნასთან’’ დაკავშირებით, რაც ასევე მიუთითებს გარიგების მოჩვენებითობაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ სადავო ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მყიდველის მიერ გამყიდველისთვის ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის შესახებ, განსხვავებით 30.05.2016წ. ხელშეკრულებისაგან, სადაც პირდაპირაა აღნიშნული, რომ ,,ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარად, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი“. ამასთან, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი 10 000 ლარის გადახდის მტკიცებულებაც.

22. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სადავო ქონება ნამდვილად შეიძინა და ბ.უ–ას ხელზე გადასცა 10 000 ლარი, ხოლო პასუხისმგებლობა აიღო მისი დედის - ი.მ–ძის სესხზე - 18 000 აშშ დოლარის ოდენობით.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს გარიგება ნამდვილად მხოლოდ შემძენის კეთილსინდისიერების პირობებში მიიჩნევა.

24. სადავო უძრავი ქონების თაობაზე გარიგება დაიდო მოპასუხეებს შორის, როგორც საქმის მასალებიდან (მათ შორის ნაწილობრივ საკასაციო საჩივრის შიინაარსიდან) და ბ.უ–ას განმარტებიდან დგინდება ხ.ხ–ძე არის მათი ოჯახის ახლობელი. კერძოდ, ხ.ხ–ძე საკასაციო საჩივარში თავად აღნიშნავს, რომ მხარეებს "ყავთ საერთო სანაცნობო წრე". ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს მართებულად ჩამოუყალიბდა დასკვნა მასზედ, რომ ხ.ხ–ძე ქონების კეთილსინდისიერ შემძენად ვერ განიხილება.

გარიგების საგანს მოსარჩელესთან რეგისტრირებული და მასთან ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობის განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქონების გადაფორმება შემძენზე, რომელიც ოჯახის წევრი, ან ახლობელია, იმთავითვე შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფციას არ უშვებს. მეტიც, აღნიშნული გარემოება მტკიცების ტვირთს აბრუნებს და გამყიდველსა და შემძენს, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან, დადებული გარიგების მართლზომიერებისა და შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერების დადასტურების ვალდებულებას აკისრებს.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).

26. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების შემოწმებისას სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ბ.უ–ას და ხ.ხ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულება მოჩვენებითი ხასიათისაა. შედგენილია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ½ ნაწილში ბათილად ცნობის და სადავო ნივთზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარების საფუძველია.

27. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

28. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს თან ერთვის შპს "ა.ს.ც–ის" ექსპერტიზის დასკვნა 05/08 "8" ფურცლად და სანოტარო წესით დამოწმებული მოპასუხე ბ.უ–ას წერილობითი მოსაზრება.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც მხარეს სურდა, შეიქმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება. (იხ. სუსგ ას-1217-2018, 13/12/2018წ)

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტები "8" ფურცლად.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 437.5 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ხ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტები „8“ ფურცლად.

3. ხ.ხ–ძეს პ/ნ .....უკან დაუბრუნდეს ნ.მ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 625 ლარის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 1/23/2020წ.) 70% – 437.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე