საქმე №ას-1821-2019
2 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი ა.ც–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე სს ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ს.კ.უ–ი“-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზრაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.ც–ამ (შემდგომ – მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს სამედიცინო კორპორაცია „ე“-ს (ყოფილი შპს ივ. ბ.ს. თ. რეფერალური ჰოსპიტალი) და სს ს.კ.უ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, მოწინაარმდეგე მხარე) მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხის პოზიცია
2. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს სამედიცინო კორპორაცია „ე–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2100 ლარი;
სს ს.კ.უ–ის“-ს მიმართ სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ს.კ.უ–ის“ მიმართ სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე - სს „ე.ჰ–ებმაც", მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.09.2019წ. განჩინებით ა.ც–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე არ დაკმაყოფილდა სს „ე.ჰ–ები“-ს სააპელაციო საჩივარი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
5. სს სადაზღვევო კომპანია ,,უ–სა’’ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2017 წლის 31 იანვარს გაფორმდა ჯანმრთელობის და თანამშრომლების სიცოცხლის დაზღვევის მომსახურეობის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება.
5.1. ხელშეკრულების საფუძველზე ა.ც–ამ მიიღო სადაზღვევო ბარათი (პოლისი) და ყოველთვიურ შესატან თანხას 40 ლარს იხდიდა იუსტიციის სამინისტროში მომუშავე მისი ოჯახის წევრი საკუთარი ხელფასიდან. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი იყო 2017 წლის 01 თებერვლიდან 2019 წლის 31 იანვრამდე.
5.2. ა.ც–ა 2017 წლის 15 ოქტომბერს 03:33 საათზე გ–ის არეში მწვავე ტკივილით სასწრაფო დახმარების მიერ მოთავსებული იქნა შპს ,,ი.ბ.ს. თ.რ.ჰ–ში’’ კარდიოლოგიურ განყოფილებაში.
5.3. 2017 წლის 15 ოქტომბერს, 10:15 საათზე კასატორს ჩაუტარდა კორონოგრაფია.
5.4. პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 16 ოქტომბერს მკურნალობდა კლინიკაში დიაგნოზით გიდ. არტერიული სტენოკარდია. ჩაუტარდა კორონაროგრაფიული გამოკვლევა, გამოვლინდა კორონარული არტერიების მრავლობითი დაზიანებები. მკურნალობის ფონზე პაციენტს აღენიშნებოდა სტენოკარდიული ხასიათის ჩივილები. კლინიკაში შესვლამდე რამოდენიმე საათით ადრე დაეწყო ძლიერი ინტენსივობის ტკივილი რესტროსტენალურ მიდამოში. ტკივილის კუპირება ვერ მოხერხდა რეტროგლიცერინის მიღების შემდეგ. პაციენტი ახლობლების მიერ მიყვანილი იქნა კლინიკის მიმღების და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. დაეწყო პირველადი დონის ინტენსიური მკურნალობა და მეთვალყურეობა, შემდგომ გადაყვანილი იქნა კარდიოინტენსიური თერაპიის ბლოკში, სადაც გაუგრძელდა ინტენსიური მკურნალობა და მეთვალყურეობა. ავადმყოფობა მიმდინარეობდა მწვავედ. პაციენტი გადაყვანილი იქნა კლინიკა ,,ღ.გ–ში’’ გადაუდებელ კორონაროგრაფიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით. აქტიური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა რჩებოდა არასტაბილური, გრძელდებოდა ტკივილები გ–მკერდში.
5.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე სათანადო ვადაში იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ დროულად და ხარისხიანად არ შეასრულა მოვალეობა.
5.6. კერძოდ, 2017 წლის 15 ოქტომბერს 03:33 საათზე ტკივილებით მოთავსებულ პაციენტს, რომელსაც დაესვა დიაგნოზი არასტაბილური სტენოკარდია, მხოლოდ 7 საათის შემდეგ ანუ 10:15 საათზე გაუკეთდა კორონოგრაფია. ამასთან, სამედიცინო პერსონალისთვის ცნობილი იყო, რომ პაციენტი იმ დროს 64 წლის გახლდათ და ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადება, გადატანილი ჰქონდა მიუკარდიუმის ინფარქტი და აწუხებდა ჰიპერტენზია.
5.7. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის მიერ არანაირი განმარტება არ გაკეთებულა, ასევე, არ მიუთითებია, რა გარემოებების გათვალისწინებით მოხდა 7 საათის შემდეგ კვლევის ჩატარება. ასეთი ქმედებებით დადასტურდა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ არ განახორციელა დროული რეაგირება პაციენტთან მიმართებაში, ასევე, ვერ აკონტროლა სიტუაცია ამ პერიოდის მანძილზე. გაიდლაინების მოთხოვნების შესაბამისად, კი პირველი ერთი საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ განვითარდეს გ–ის დაავადებები და არ დადგეს ფატალური შედეგი. კვლევები იყო დაგვიანებით განხორციელებული, ამასთან, კლინიკას არ ჰყავდა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები, რათა დროული რეაგირება მოეხდინათ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ა.ც–ა სტაციონარიდან გაეწერა 2017 წლის 16 ოქტომბერს 15:00 საათზე.
5.8. ა.ც–ა 2017 წლის 18 ოქტომბერს 13:03 წუთზე გ–ის ძლიერი მოჭერითი ხასიათის ტკივილით კვლავ მოთავსდა ქ. თბილისის #..-ე საავადმყოფოს კარდიო ინტენსიურ სამსახურში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის შინაარსით მისი ძირითადი დაავადებაა: გიდ, არასტაბილური სტენოკარდია პროგრესირებადი 120.0; მიოკარდიუმის გადატანილი ინფაქტი (უცნობი ხანდაზმულობის) 125.2; თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია 3, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, (ინსულინდამოკიდებული), ნეფროლითიაზი N20.0; თირკმელების ქრონიკული დაავადება 3, სტადია N18.9;
5.9. მოსარჩელე 2017 წლის 19 ოქტომბერს მოთავსდა კარდიოქირურგიულ კლინიკა ,,ღ.გ–ში“. 15.10.2017 წელს თ.რ.ჰ–ში ჩაუტარდა კორონაროგრაფია, გამოვლინდა კორონალური არტერიების მრავლობითი მძიმე დაზიანებები, დაუდგინდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.
5.10. 18.10.2017 წელს მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში ჩატარებული გამოკვლევებით მიოკარდიუმის მწვავე დაზიანება არ დადასტურდა. სტაციონარიდან გაწერისას პაციენტის ოპერაციის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობდა გართულებების გარეშე. ჭრილობა შეხორცდა პირველადი დაჭიმვით. გაწერისას პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი სტაციონარიდან გაეწერა 2017 წლის 27 ოქტომბერს.
5.11. კარდიოქირურგიულ კლინიკა ,,ღ.გ–ში’’ ოპერაციის ხარჯმა შეადგინა 13355 ლარი.
5.12. სს სადაზღვევო კომპანია ,,უ–ის’’ 2017 წლის 20 ნოემბრის #010/20.11.17 წერილიდან ირკვევა, რომ სს სადაზღვევო კომპანია ,,უ–ს’’ და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების სტანდარტული გამონაკლისების თანახმად, მზღვეველი არ ანაზღაურებდა დაზღვევამდე არსებულ დაავადებებთან დაკავშირებულ გეგმიურ ჰოსპიტალურ სამედიცინო მომსახურებას.
5.13. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 05 თებერვლის #66 წერილში მითითებულია, რომ ოპერაციის სასიცოცხლო ჩვენებით გადაუდებლად ჩატარების რეკომენდაცია გაცემულია შემდეგი მტკიცებულებებით: ცნობა ფორმა 100 გაცემული კარდიოქირურგიული კლინიკა „გ–ის“ მიერ; ცნობა ფორმა 100 გაცემული შპს #5 კლინიკური საავადმყოფოს მიერ. წარდგენილ საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის 2018 წლის 03 იანვრის საექსპერტო დასკვნა #160-ში განმარტებულია, რომ პაციენტს კორონალური შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა გადაუდებლად, სასწრაფო სასიცოცხლო ჩვენებით.
5.14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 იანვრის #01/1006 წერილით განმარტებულია, რომ ვინაიდან სამედიცინო მომსახურეობის მიღების პერიოდში ა.ც–ა არ იყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე, გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ხარჯები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვერ ანაზღაურდებოდა. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციის დაფინანსების საკითხს, აღნიშნული სცილდებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას და განცხადება გადაგზავნილი იყო სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.
5.15. საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის 2018 წლის 03 იანვრის #160 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ა.ც–ას სამედიცინო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის შემდგომ დადგინდა, რომ 2017 წლის 15 ოქტომბერს პაციენტი არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით მოთავსდა შპს ,,ი.ბ.ს. თ.რ.ჰ–ში’’. პაციენტს ჩატარებული კორონაროგრაფიული კვლევით აღენიშნა გ–ის მკვებავი სისხლძარღვების მრავლობითი დაზიანება, მოხდა პაციენტის ,,სტაბილიზაცია მედიკამენტური თერაპიით’’ და რადგანაც ჰოსპიტალს არ აქვს კარდიოქირურგიული სამსახური, მიეცა რეკომენდაცია კარდიოქირურგის კონსულტაციის ამბულატორიულად ჩატარების შესახებ.
5.16. 2017 წლის 18 ოქტომბერს პაციენტს კვლავ აღენიშნა სტენოკარდიული ტკივილები და არასტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით მოთავსდა #5 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც კვლავ იყო წარუმატებელი მცდელობა პაციენტის სტაბილიზაციის მედიკამენტური თერაპიით.
5.17. 2017 წლის 19 ოქტომბერს ჩაუტარდა კარდიოქირურგის კონსულტაცია, აღიწერა წინა გასწვრივი არტერიის პროქსიმალური და მედიალური სტენოზი-75-90%.; დიაგონალური არტერიის ოსტიალური სტენოზი- 90%; შემომხვევი არტერიის ოსტიალური ოკლუზია-100%.; მარჯვენა კორონალური არტერიის დიფუზურად დაზიანება-90-99% და დისტალურად ოკლუზია. რადგან პაციენტის მდგომარეობის ,,სტაბილიზაცია მედიკამენტური ანტიიშემიური თერაპიით’’ვერ ხერხდებოდა, მიეცა რეკომენდაცია, რომ ოპერაცია - კორონალური შუნტირება ჩატარებულიყო გადაუდებლად, სასწრაფო სასიცოცხლო ჩვენებით.
5.18. პაციენტს კორონალური შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა გადაუდებლად, სასწრაფო სასიცოცხლო ჩვენებით და სადაზღვევო კონპანიების აპელირება მასზედ, რომ “აღნიშნული სამედიცინო შემთხვევა არის გაურგენტებული’’ არასწორია და სადაზღვევო კომპანიის მიერ მსგავსი ქმედებები მიმართულია ნაკისრი ვალდებულებების განზრახ და უსაფუძვლო თავის არიდებისკენ.
5.19. ა.ც–ამ 2017 წლის 30 აპრილს გეგმიური გამოკვლების ჩატარების მიზნით მიმართა სადაზღვევო კომპანია ,,უ–ის’’ პროვაიდერ კლინიკა ,,ა–ს’’, სადაც ელექტროგრაფიამ უჩვენა დაბალი განდევნის ფრაქცია. გამოვლინდა იოლად გამოხატული უკმარისობა, აორტის სარქველის ათესკლეროზული (დეგენერაციული) ცვლილებები, ზომიერად გამოხატული უკმარისობა, ტრიკუსპიდალური სარქველის იოლად გამოხატული უკმარისობა. მიოკარდიუმის კუმშვადობის დიფუზური დაქვეითება, დიასტოლარული დისფუნქციის გაუარესება. პაციენტს დაენიშნა სახლში მედიკამენტოზური მკურნალობა.
5.20. სსკ-ის 1007-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი აკისრია სამედიცინო დაწესებულებას, ანუ მან უნდა ამტკიცოს, რომ ზიანი მისი ქმედების შედეგად არ დამდგარა. დასახელებული ნორმის დეფინიციის მიხედვით, ცალსახადაა განსაზღვრული, რომ „არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი აწევს სამედიცინო დაწესებულებას. ასეთ დროს, პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის არსებობა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს“ (სუსგ № ას-260-244-2014, 28.05.2014წ.).
5.21. სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების საფუძველზე მორალური ზიანის არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განჩინება საქმეზე Nას-912-874-2014).
5.22. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში (იხ. სუსგ. ას-762-818-2011წ, 4.06.2011წ)
5.23. პალატამ აღნიშნა, რომ ა.ც–ა სამკურნალოდ იქნა შეყვანილი კლინიკაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებას არ შეეძლო ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევა როგორიცაა კარდიოქირურგის კონსულტაცია, ნეფროლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ გ–მკერდის არეში ტკივილებით მიღებული პაციენტის მომსახურება რეალურად ჰოსპიტალს არ შეეძლო, შესაბამისად, უცნობია რატომ მიიღო და გაუწია არასრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მოსარჩელეს.
5.24. პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი გაიდლაინების თანახმად, სამედიცინო დაწესებულება ყველა შესაძლო შემთხვევაზე უნდა იყოს მზად, მათ შორის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტის მომსახურებისთვისაც. თუკი ასეთი მომსახურება არ შეეძლო გაეწია ჰოსპიტალს, რეალურად მის მიერ ჩატარებულ კვლევებიც, მიუხედავად მიღებული შედეგისა, აზრს მოკლებულია, ვინაიდან ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც მსგავსი დაავადების დროს არის საჭირო დიაგნოზის დასასმელად, თუნდაც არა უტყუარი, არამედ სავარაუდო დიაგნოზისა, სამედიცინო დაწესებულებას რეალურად არ ჰყავდა. სწორედ ამიტომ მოხდა ტკივილის კუპირება და ა.ც–ა გაიწერა ჰოსპიტალიდან. უდავოა, რომ სამედიცინო დაწესებულებას არ უნდა შეექმნა რაიმე საფრთხე პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ფაქტია, რომ მოსარჩელე გამოწერიდან დაახლოებით 48 საათში კვლავ იგივე სიმპტომებით ხვდება ამჯერად უკვე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო, მომდევნო 24 საათში კი უტარდება გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. აღნიშნული ადასტურებს, რომ 2017 წლის 15-16 ოქტომბერს ჩატარებული სამედიცინო მომსახურება და კვლევები რეალურად არაეფექტური აღმოჩნდა მოსარჩელისათვის, რადგან მხოლოდ ტკივილის კუპირება არ არის კორონოგრაფიის შედეგით არსებული მდგომარეობის მკურნალობის დაგეგმილი კურსი.
5.25. საქმის მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმ ფსიქიკური წნეხის გამო რაც მას მიადგა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ, იკვეთებოდა სს „ე.ჰ–ისთვის'' მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სს ს.კ.უ–ისთვის“ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
5.26. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ს.კ.უ–ისთვის“ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა.
5.27. პალატამ განმარტა, რომ პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სს ს.კ.უ–ის“ მიერ არამართლზომიერი ქმედების შედეგად ა.ც–ასთვის ზიანის მიყენების ფაქტი და შესაბამისად, დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვერ დადგინდა, პალატამ დაასკვნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლისა, არ არსებობს.
5.28. პალატამ დამატებით განმარტა, რომ ს.კ.უ–ი“ ახორციელებს რისკების დაზღვევას, როგორც ფინანსური დაწესებულება, შესაბამისად სადაზღვევო ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში მისთვის მორალური ზიანის მოთხოვნის საფუძველი საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ს.კ.უ–ი“-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზრაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. კასატორის განმარტებით, მოწინაარმდეგე მხარემ თავისი პროვაიდერი კლინიკიდან პაციენტის უკანონოდ გამოწერით საფრთხეში ჩააგდო მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
6.2. სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობით, ოპერაციის დაგვიანების გამო კასატორმა განიცადა ფიზიკური და სულიერი ტანჯვა, რასაც დაემატა სადაზღვევო კომპანიის მოულოდნელი უარი პროვაიდერ კლინიკებში სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე. ლიცენზირებულმა კლინიკებმა უარი განაცხადეს სამედიცინო ჩარევაზე წინასწარი გადახდის გარეშე.
6.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა, მოწინააღმდეგე მხარის 2017 წლის 20 ნოემბრის სამედიცინო დეპარტამენტის წერილის შინაარსი, სადაც მითითებულია, რომ ჩატარებული ქირურგიული ჩარევა არ არის სასიცოცხლო ჩვენებით გადაუდებელი და სტანდარტული გამონაკლისის თანახმად იგი არ ანაზღაურებდა დაზღვევამდე არსებულ დაავადებებთან დაკავშირებულ გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას.
6.4. კასატორის მტკიცებით, დაზღვევამდე არასდროს ჰქონია კარდიოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები. კლინიკა ა–ში ჩატარებული გამოკვლევებით დგინდება, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი მიღებული აქვს დაზღვევის შემდგომ.
6.5. ხელშკრულების მე–2 მუხლის 1–ლი ნაწილის მე–7 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია უპირობოდ და სრულად აუნაზღაუროს მეორე მხარეს თავისი ქმედებით, ვალდებულებათა შეუსრულებლობით, არაჯეროვანი შესრულებით, არაკეთილსინდისიერი შესრულებით მიყენებული ზიანი. ხელშეკრულების მე–3 მუხლის მე–7 პუნქტით - ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეული პირი თავად ახდენს ანგარიშსწორებას, რის შემდეგ მზღვეველი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვეულისაგან წარმოდგენისას თავად ახდენს დაზღვეულის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას დადგენილი ლიმიტების ფარგლებში კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში. ამავე მუხლში მკაცრად არის დაცული დაზღვეულის უფლებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ თუ წარმოდგენილ დოკუმენტზე აღმოჩნდება რაიმე სახის ხარვეზი და მისი აღმოფხვრისათვის საჭიროა თანხის გადახდა მასაც აანაზღაურებს მზღვეველი.
5.6. კასატორი იძულებული გახდა კერძო პირისგან მიღებული სესხის თანხით ჩაეტარებინა სამედიცინო მკურნალობა იმ იმედით, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებდა ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს. ვალის გადაუხდელობა უმძიმესი სასჯელია მორალური და ადამიანიური თვალსაზრისით.
სასამართლო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ვალის გადაუხდელობის გამო შეურაცხყოფილი ადამიანები განიცდიან სულიერ ტანჯვას და სტრესს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
8. საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგი გარემოების გამო:
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგ–ისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის (მორალური ზიანის ანაზღაურება) მარეგ–ირებელ სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი წარმოადგენს. ამდენად, უნდა შემოწმდეს ის წინაპირობები, რომელთა არსებობასაც უკავშირებს კანონი ნორმით გათვალისწინებული შედეგის დადგომას, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
12. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ წინაპირობებთან მიმართებაში საკასაციო სასამართლოს დადგენილი აქვს მყარი და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.
ერთ-ერთ საქმეზე პალატამ განმარტება: “კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი... სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.“ (იხ .სუსგ #ას-452-431-2015, 28.09.2015)
13. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ზიანის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1. თვით მორალური ზიანი; 2. ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3. არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი (იხ. სუსგ. #ას-756-717-2013, 10.01.2014წ)
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცების ტვირთსა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ელემენტების გამომრიცხავი გარემოებები - ქმედების მართლზომიერება, ბრალეულობის გამომრიცხავი ფაქტები მოპასუხემ, ხოლო ზიანის არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.
16. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო სათანადო და ვარგისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა ის, რომ მისი ჯანმრთელობის დაზიანება მოპასუხის სს ს.კ.უ–ის“ არამართლზომიერი და ბრალეული ქმედებების უშუალო შედეგს წარმოადგენდა, რის გამოც ამ უკანასკნელს უნდა აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული მორალური ზიანი.
17. კასატორის განმარტებით, სადაზღვევო კოპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იძულებული გახდა კერძო პირისგან მიღებული სესხის თანხით ჩაეტარებინა სამედიცინო მკურნალობა. ვალის გადაუხდელობა კი მისთვის უმძიმესი სასჯელია მორალური და ადამიანიური თვალსაზრისით.
18. საკასაციო პალატა კასატორის შედავებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა - ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქონებრივი ვალდებულების დარღვევისას განცდილი სულიერი ტანჯვის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად და ა.შ., რაც ყოვლად დაუშვებელია. (სუსგ. 1156-1176-2011წ, 20.01.2012წ)
19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვალის გადაუხდელობით გამოწვეული ფსიქოემოციური სტრესი არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი).
20. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დანაშაულით მიყენებული მატერიალური/მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.
21. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილში, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას მოცემული საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე.
26. სსსკ-ის 3911 მუხლით კანონმდებელი ზუსტად და ამომწურავად განმარტავს შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემა, დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).
27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა მითითებული ნორმით გათვალისწინებული საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის გადაცემის რომელიმე საფუძვლის არსებობა ვერ დაადასტურა და შესაბამისად მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი არ იკვეთება.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე 4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30%, ხოლო საკასაციო პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული თანხის (300 ლარი) 30%-ის (90 ლარი) გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ა.ც–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.ც–ას (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე