საქმე №ა-305-გან-2-2020 20 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა (შრომითი ურთიერთობის ვადის განსაზღვრის, ასევე, ამ ურთიერთობის მოშლის შესახებ), სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განადაწყვეტილებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ბ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
i ბათილად იქნა ცნობილი მ.ბ–ის გათავისუფლების შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 22 დეკემბრის #2421 ბრძანება;
ii აღიარებულ იქნა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ერთი წლის ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებად;
iii მ.ბ–ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
iv იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა გადაწყვეტილების სარეზოლუცო ნაწილის იმ პუნქტის განმარტება, რომლითაც მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება აღიარებულ იქნა ერთი წლის ვადით დადებულად. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის თანახმად, სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციაპიტეტის მერიის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანებით მ.ბ–ი აღდგენილ იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში და 2018 წლის 3 ივლისს, ამავე წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, 2019 წლის 3 იანვარს კი, უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომელიც 2019 წლის 23 ნოემბერს, მ.ბ–ის განცხადების საფუძველზე, მოიშალა. საკასაციო სასამართლომ შრომითი ურთიერთობა აღიარა ერთი წლის ვადით დადებულად, რის გამოც, განმცხადებელმა მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადების შინაარსს და მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული პირის ინტერესების დაცვის მიზნით გადაწყვეტილების განმარტების უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ერთმნიშვნელოვანად არ უნდა გამომდინარეობდეს დასკვნა აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება, აღსრულდეს, თუმცა ეს საკანონმდებლო დათქმა არ უნდა განიმარტოს ვიწრო პოცესუალური თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულია ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისად შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა“ (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ერთ წლის ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოშლის თაობაზე დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება ბათილად იქნა მიჩნეული, თუმცა, დასაქმებული გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე არ აღდგენილა. ამ ნაწილში არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობები, ამასთანავე, სარეზოლუციო ნაწილი ცხადი და არაორაზროვანია, რაც განცხადების უარყოფის საფუძველია. რაც შეეხება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს (რომელიც საკასაციო სასამართლომ გააუქმა), პალატა მათ საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად ვერ განიხილავს.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოთხოვნას გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების წინააღმდეგ წერილობითი პასუხის მომზადების მიზნით განმცხადებლისათვის 6 000 ლარის დაკისრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოსგარეშე ხარჯის (მათ შორის იურიდიული მომსახურების ხარჯის) ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი და იგი დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის შესაბამისად განაწილების საკითხს აწესრიგებს. წინამდებარე განცხადება შეეხება მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას, რომელიც მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა საკასაციო სასამართლომ, შესაბამისად, არ არსებობს ხსენებული ნორმის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.2. პუნქტის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მ.ბ–ის წარმომადგენელ ი.პ–ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 6 000 ლარის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი