Facebook Twitter

საქმე №ას-672-2019 31 იანვარი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.ჯ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ჭ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე.ჭ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჯ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მფლობელი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის _ 7 448 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 11 მარტიდან მოსარჩელე ქ.თბილისში, ......, 204-ე კორპუსში მდებარე #54 ბინის მესაკუთრეა. აღნიშნულ მისამართზე 2003 წლიდან ცხოვრობს მოპასუხე, რომელიც აცხადებს, რომ ბინა დაიკავა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის _ ედუარდ შევარდნაძის განცხადების საფუძველზე. 2010 წლის 12 აგვისტოდან აღნიშნული კორპუსი გახდა სახელმწიფოს საკუთრება. ქ.თბილისის, ნაძალადევის გამგეობამ 2014 წლის 11 მარტს გასცა #126 განკარგულება და მის საფუძველზე #254 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც, მოსარჩელეს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში სადავო უძრავი ნივთი. აღნიშნული განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების მოწმობის უფლება მოპასუხემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მათი ბათილობა, რაც არ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2014 წლის 11 მარტს გამოცემული #126 განკარგულება, ასევე, მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა დარჩა ძალაში. მოსარჩელის კუთვნილ ბინაში უკანონოდ ცხოვრობს მოპასუხე, რის შედეგადაც მოსარჩელეს ადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. სარჩელის თანახმად, 2014 წლის მარტიდან მესაკუთრეს ბინა რომ გაექირავებინა მიიღებდა შემოსავალს თვეში 80 აშშ დოლარს, ხოლო, ვინაიდან 2014 მარტიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 38 თვე, მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3 040 აშშ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტით - 7 448 ლარია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა, როგორც ზოგადად, ისე _ მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რა ქონებრივი დანაკლისი განიცადა მისი ნივთით მოპასუხის მიერ სარგებლობის გამო, აღნიშნულის საპირისპიროდ მას გადაეცა მფლობელის ხარჯით გაუმჯობესებული ნივთი. სარემონტო სამუშაოების ჩაუტარებლობის შემთხვევაში მას გადაეცემოდა საცხოვრებლად უვარგისი ნივთი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კორპუსი საჯარო გზასთან და სატრანსპორტო კომუნიკაციებთან მოშორებით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია ქირის სახით 80 აშშ დოლარის მოთხოვნაც.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 448 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა. უფლების წარმოშობის საფუძველი საკუთრების #254 უფლების მოწმობაა, დამოწმების თარიღი: 11.03.2014წ. ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა. უფლების რეგისტრაციის თარიღია - 10.04.2014 წ.;

1.2.2. მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას 2003 წლიდან - 2014 წლის 11 მარტამდე ფლობდა მოპასუხე;

1.2.3. შპს „კ.ჯ–ის“ ანგარიშის თანახმად, სადავო უძრავი ქონების გაქირავების შემთხვევაში მესაკუთრე ქირის სახით თვეში მიიღებდა 80.29 აშშ დოლარს, რაც 2014 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე (38 თვეზე) შეადგენს 3 040 აშშ დოლარს, ეროვნული ვალუტით _ 7 448 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც ძირითადად მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დელიქტური ვალდებულებით განსაზღვრას უკავშირდება და ამ კონტექსტში მხარე ცდილობს დაასაბუთოს, რომ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა სავარაუდო არ იყო მისთვის, როგორც ხელმყოფისათვის. საკასაცო პალატა უარყოფს ხსენებულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ მოთხოვნა არა დელიქტური, არამედ კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარეობს, კერძოდ კი, სახეზეა სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონდიქცია, ამ შემთხვევაში, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 982.1 და 979.1 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფაქტობრივი წინაპირობები დადგენილია: მოვალე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს კრედიტორის ქონებით, რის შედეგადაც მან დაზოგა ქირის თანხა, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, რასაც კონდიქციური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმები ზიანად მოიხსენიებს. ამ ფარგლებში მოსარჩელემ საკმარისი მტკიცება გაწია, კერძოდ, მან როგორც მოპასუხის მხრიდან მისი ქონების უსაფუძვლოდ ხელყოფის დამადასტურებელი, ისე _ ხელყოფის შედეგად დაზოგილი თანხის განმსაზღვრელი მტკიცებულებები წარადგინა. ამდენად მოთხოვნა განხორციელებადია. რაც შეეხება კასატორის შედავებას ქონებაზე ხარჯების გაწევის თაობაზე, პალატა მას შეფასების გარეშე ტოვებს და არ ადგენს სამოქალაქო კოდექსის 980-ე მუხლის წინაპირობების არსებობას, რამდენადაც სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორს სადავო არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მისი მოთხოვნა ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სასამართლოს წარმოებაშია. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხელყოფის კონდიქციაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 20.05.2019წ. #254 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 372,40 ლარის 70% _ 260,68 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ.ჯ–ს (პ#.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 20.05.2019წ. #254 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 372,40 ლარის 70% _ 260,68 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ზ. ძლიერიშვილი