საქმე №ას-773-2020 11 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ა–ა
მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
ფსიქოლოგი – ლ.პ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვანი ბავშვების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ.ა–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ.ხ–ის მიმართ არამართლზომიერად გადაადგილებული არასრულწლოვანი ბავშვების ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დაბრუნების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ა–ას სარჩელი დ.ხ–ის მიმართ, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად გერმანიიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნების: 2008 წლის 6 ნოემბერს დაბადებული ა.ხ–ის, 2010 წლის 10 ნოემბერს დაბადებული მ.ხ–ისა და 2014 წლის 10 იანვარს დაბადებული ნ.ხ–ის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა და არასრულწლოვნები – ა.ხ–ი, მ.ხ–ი და ნ.ხ–ი დაბრუნებულ იქნენ გერმანიის რესპუბლიკაში. დადგინდა, რომ საქართველოდან გერმანიის რესპუბლიკაში არასრულწლოვანი ბავშვების – ა.ხ–ის, მ.ხ–ისა და ნ.ხ–ის დაბრუნება (წაყვანა) უნდა განხორციელდეს დედის, ნ.ა–ას მიერ. დ.ხ–ს დაევალა უზრუნველყოს 1 კვირის ვადაში არასრულწლოვანი ბავშვების – ა.ხ–ის, მ.ხ–ისა და ნ.ხ–ის კუთვნილი პასპორტების გადაცემა ნ.ა–ასათვის – გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე. ნ.ა–ას მოთხოვნა დროებითი განკარგულების გამოტანის თაობაზე, რომლითაც მხარე ითხოვდა – გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, არასრულწლოვანი ბავშვების-ა.ხ–ის, მ.ხ–ისა და ნ.ხ–ის გერმანიის რესპუბლიკაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ.ა–ასა და დ.ხ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ხ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ხ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3519-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 2 კვირის ვადაში უნდა გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელმა თ.კ–მა ჩაიბარა 2020 წლის 3 აგვისტოს (იხ. ტ.3, ს.ფ.409), ხოლო საკასაციო საჩივარი მან ფოსტას ჩააბარა 2020 წლის 24 აგვისტოს (იხ. ტ.3, ს.ფ.443-470), ე.ი. გასაჩივრების საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 4 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 17 აგვისტოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებისა და განჩინების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით მოწესრიგება, რომელიც იმპერატრიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსახვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 3519-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი