Facebook Twitter

15 სექტემბერი, 2020 წელი,

საქმე № ას-678-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - გ.ა–ი, ლ.ა–ი, მ.კ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება, ბინა ან სადავო ქონება), 2018 წლის 19 ივნისიდან სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. მოსარჩელემ 2019 წლის 15 აპრილს სარჩელი აღძრა გ. და (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ლ.ა–ებისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან პირველი და მეორე მოპასუხეებიის წარმომადგენელი), (შემდეგში - ერთობლივად მოხსენებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172.1 მუხლი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.

5.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მესამე მოპასუხე ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელიცაა, ამასთან, ისინი არ არიან სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტები, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 22 დეკემბრიდან და 2020 წლის 6 იანვარს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2020 წლის 10 იანვარს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, მაგრამ მათ არ ჩაჰბარებიათ და არც მისი მომზადების შესახებ არ მიუღიათ ინფორმაცია. მხოლოდ 2019 წლის 31 დეკემბერს შეძლეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღის მომდევნო დღიდან დაიწყო მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, ამდენად, სააპელაციო საჩივარიც, ვადაში წარადგინეს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 და 28 ივლისის განჩინებებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

12. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ დავობენ იმაზე, რომ მესამე მოპასუხე რომელიც, ამავდროულად, პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელია, ესწრებოდა 21.11.2019 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, თუმცა მოპასუხეებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259.1, 59.1, მე-60 და 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 22.12.2019 წელს და 06.01.2020 წელს ამოიწურა. საქმის მასალებით კი, ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2020 წლის 10 იანვარს წარადგინეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

15. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მათ მიერ მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს მათ მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლნენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.). პალატა კიდევ ერთხელ განამარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებმა თავიანთი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლეს და ამისათვის მხოლოდ განმარტება საკმარისი არ არის.

16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ის, ლ.ა–ისა და მ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

ბესარიონ ალავიძე

მირანდა ერემაძე