საქმე №ას-1978-2018 30 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ა.დ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბენეფიციარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა.დ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გარანტი) მიმართ, მოპასუხისათვის 43 250 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი ორგანიზაციის შპს „ M-G-ის“ (შემდგომში _ პრინციპალი ან კომპანია) მიერ 2014 წლის 8 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რის გამოც პრინციპალს ბენეფიციარის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად პრინციპალს წარდგენილი ჰქონდა მოპასუხის მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს გაცემული საბანკო გარანტია თანხით - 43 250,00 ლარი. ხელშეკრულების 10.3 პუნქტის შესაბამისად, პრინციპალის მიერ მიწოდების ვადის დარღვევის, სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო, მას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა უკან არ დაუბრუნდებოდა. 2014 წლის 10 სექტემბერსა და 2014 წლის 15 ოქტომბერს გამგეობამ წერილობით აცნობა მოპასუხეს მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შესახებ და მოსთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა, რაზეც 2015 წლის 6 მაისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვიდრე ხელშეკრულების მხარეებს შორის მიმდინარე სასამართლო დავა საბოლოოდ არ დამთავრდებოდა, სადაზღვევო კომპანია გამგეობის მოთხოვნას განუხილველად დატოვებდა. სასამართლო დავა საბოლოოდ დასრულებულია, რაც 2017 წლის 2 მაისისა და ამავე წლის 26 მაისის წერილებით ეცნობა მოპასუხეს, მაგრამ მოთხოვნა, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის შესახებ, მოპასუხეს არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი/მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესახებ სადაზღვევო კომპანიამ აცნობა პრინციპალს, რომელიც არ დაეთანხმა მას და წარადგინა შესრულებული სამუშაოს აქტები, რითიც დასტურდებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების ფაქტი. ბენეფიციარს პრინციპალის პოზიციის შესახებ ეცნობა და მოეთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ბენეფიციარის 2015 წლის 15 ოქტომბრის მოთხოვნის მიღების შემდგომ, პრინციპალმა მიმართა სასამართლოს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიამ აცნობა ბენეფიციარს, რომლის მოთხოვნა რჩებოდა განუხილველი. მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც და განმარტა, რომ სარჩელი წარდგენილ იქნა 2017 წლის 21 ნოემბერს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაშვებული იქნა მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლა დაიწყო პირველი მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ, 2014 წლის 10 სექტემბრიდან და გავიდა 2017 წლის 11 სექტემბერს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გარანტს ბენეფიციარის სასარგებლოდ დაეკისრა 43 250 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 08.01.2014წ. მოსარჩელესა და პრინციპალს შორის გაფoრმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასნელმა იკისრა ვალდებულება, ქ.თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე შეესრულებინა შიდაკვარტალური გზებისა და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვების ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 865 000,00 ლარით. ხელშეკრულების მე-10 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე. კერძოდ: 10.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისას მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით, რის შესაბამისადაც წარმოდგენილია ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია; 10.2. მუხლის თანახმად, პრინციპალის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას. 10.3. მუხლით კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისიწნებული ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, მას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება. 10.4. მუხლით, პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ბენეფიციარი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში კომპანიის მოთხოვნით უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნებას. ამავე ხელშეკრულების 10.5. მუხლით პრინციპალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა კომპანიის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნებას;
1.2.2. 31.12.2013წ. მოპასუხემ გასცა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა და განისაზღვრა, რომ ეს გარანტია ძალაში იყო 2015 წლის 1 მარტის ჩათვლით. გარანტი ადასტურებს, რომ პასუხისმგებელია საერთო თანხაზე 43 250 ლარზე და კისრულობს ზემოაღნიშნული თანხის გადახდას კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე. მოთხოვნა გარანტს უნდა წარედგინოს ამ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ითვლებოდა მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე;
1.2.3. 10.09.2014წ. გამგეობამ გარანტს აცნობა, რომ პრინციპალმა ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოების ვადაში დასრულება, რის გამოც მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად 43 250,00 ლარის გადახდა. აღნიშნულ წერილზე 03.10.2014წ წერილით გარანტმა ბენეფიციარს აცნობა, რომ პრინციპალს გაეგზავნა ბენეფიციარის მოთხოვნა და განესაზღვრა გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. ამავე წერილით ბენეფიციარს განემარტა, რომ პრინციპალის მიერ წარდგენილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მიღების აქტები, რითიც დასტურდებოდა, რომ მის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბენეფიციარს მოეთხოვა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;
1.2.4. 15.10.2014წ. გამგეობამ განმეორებით მიმართა გარანტს და მოითხოვა საგარანტიო თანხის ჩარიცხვა. ამასთან ერთად, სადაზღვევო კომპანიას განუმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 865 000,00 ლარს, ხოლო, პრინციპალს წარდგენილი ჰქონდა 331 608,68 ლარის სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები, ამასთან, 57 856,00 ლარის სამუშაოების შესრულების საკითხი სადავო იყო სამუშაოების ვადაგადაცილების გამო;
1.2.5. სადაზღვევო კომპანიიის პასუხის თანახმად, ვინაიდან სასამართლოში განიხილებოდა ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით დავა, გამგეობის მოთხოვნა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის შესახებ განუხილველად იყო დატოვებული სასამართლო დავის დასრულებამდე და გარანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება;
1.2.6. 02.05.2017წ. წერილით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ გარანტს აცნობა, რომ დავა დასრულდა და სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა პრინციპალის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რისთვისაც ამავე გადაწყვეტილებით კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 8 480,79 ლარის გადახდა. ამ წერილით ბენეფიციარმა გარანტს კიდევ ერთხელ მოსთხოვა საგარანტიო თანხის გადახდა;
1.2.7. გარანტს ბენეფიციარისთვის საგარანტიო თანხა არ აუნაზღაურებია;
1.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/19086-14) დადგინდა, რომ კომპანიას გამგეობის მიმართ 2014 წლის 8 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 25 მარტის დავალებით ნაკისრი ვალდებულება კონკრეტულ მისამართებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, შეთანხმებულ ვადაში _ 2014 წლის 31 ივლისამდე, არ შეუსრულებია;
1.2.9. 31.12.2013წ. გარანტის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა არ ითვალისწინებდა რაიმე დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო გარანტიის გაცემა, არამედ თანხის გაცემა დაკავშირებული იყო ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნასთან, ანუ გარანტმა უპირობოდ იკისრა საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნის ან მოთხოვნილი თანხის დასაბუთების საჭიროების გარეშე;
1.2.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარანტს თანხის გადახდაზე უარი არ განუცხადებია არც გარანტიის პირობებთან მოთხოვნის შეუსაბამობის და არც გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ მოთხოვნის წარდგენის გამო.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 879-ე და 885-ე მუხლები, რომელთა ფარგლებშიც მოთხოვნა განხორციელებადია თუკი: არსებობს პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც გარანტის მიერ გაცემულია საბანკო გარანტია; პრინციპალი დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას; ბენეფიციარი გარანტიის მოქმედების ვადაში წერილობით წარუდგენს მოთხოვნას გარანტს და მას დაურთავს გარანტიით განსაზღვრულ დოკუმენტებს. ხსენებული წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია. რაც შეეხება გარანტის შედავებას, შესაგებელში გამოთქმული პოზიციის გათვალისწინებით, მოთხოვნის განხორციელება შეიძლება შეფერხდეს/გამოირიცხოს, თუკი იარსებებს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები: გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ხსენებული წინაპირობების არსებობა ვერ დაამტკიცა, შესაბამისად, მისი პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სადავო გარანტია წარმოადგენდა უპირობოს, შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს ბენეფიციარის თავდაპირველი მოთხოვნის პასუხად გარანტის მიერ გაცემულ წერილობით ნებას. ამ შემთხვევაში პალატა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან ბენეფიციარმა ანაზღაურება დადგენილ ვადაში მოითხოვა, მისი განმეორებითი მოთხოვნა წარმოუშობდა გარანტს თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობის თოაბაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად მას კვლავ არ აუნაზღაურდა გარანტიით გათვალისწინებული თანხა და აღნიშნულის თაობაზე წერილობითი დოკუმენტი მას ჩაბარდა 2015 წლის 18 მაისს, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება გარანტის მიმართ. ამ დროიდან კი, სარჩელი სასამართლოში აღძრულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ 3-წლიან ვადაში _ 2017 წლის 24 ნოემბერს, შესაბამისად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და ექვემდებარება იძულებით განხორციელებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17.12.2018წ. #9002 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 162,50 ლარის 70% _ 1 513,75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ა.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ა.დ–ას“ (ს/) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.12.2018წ. #9002 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 162,50 ლარის 70% _ 1 513,75 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი