Facebook Twitter

საქმე №ას-1772-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ფ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ა.ა–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – კერძო საჩივრის არსებითად განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ფ.ბ.ს–ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზურაბ და ა.ა–ების (შემდგომში _ მოპასუხეები, პირველი მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც მსესხებელი, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი, ხოლო მეორე მოპასუხე _ როგორც თავდები) მიმართ და, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა, მოპასუხეებისათვის დავალიანების ძირი თანხის _ 8 781,16 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 1 732,14 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება. დავალიანების ამოღების მიზნით გამსესხებელმა მოითხოვა მსესხებლის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქონების, მოპასუხეთა კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციაც.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, გამსესხებლის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის _ 8 781,16 აშს დოლარისა და სარგებლის _ 1 732,14 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკის საგანი, ასევე, მისი არასაკმარისობის შემთხვევაში, მსეხებლის სხვა ქონება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ 916,75 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი არსებითად განხილვა.

6.2. კერძო საჩივარი ძირითადად შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება: სააპელაციო განხილვაში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა კერძო საჩივრის ავტორის ინტერესს. გამოუცხადებლობა განპირობებული იყო აპელანტისათვის ჩაბარებულ უწყებაში დაშვებული შეცდომით. სხდომის დროდ მითითებული იყო 2019 წლის 7 ოქტომბერი, 14:00 საათი, მხარე სასამართლოში გამოცხადდა 13:30 საათზე, რაც ცნობილია მოსამართლის თანაშემწისათვის. სასამართლოში გამოცხადებისას კი, გაირკვა, რომ სხდომა არა უწყებაში მითითებულ დროს, არამედ _ 11:00 საათზე გამართულა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ა–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ამავე წლის 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე;

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი, აპელანტის, ასევე, თავდებისათვის გაგზავნილი უწყების მე-2 ეგზემპლარებში მითითებულია სხდომის დრო და საათი 2019 წლის 7 ოქტომბერი, 11:00 საათი. უწყების ამავე ეგზემპლარებზეა მინაწერი, რომ 2019 წლის 6 სექტემბერს ისინი ჩაიბარა მხარეთა დედამ - მ.კ–ძემ ადრესატებისათვის გადასაცემად, უწყების სხვა ეგზემპლარის არსებობა, ასევე, მხარეთათვის განმეორებით მათი გაგზავნა საქმის მასალებით არ დგინდება;

1.2.3. 2019 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, იგი 11:12 საათზე დაიწყო. სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე, რომელმაც იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ანალოგიურ შედეგებს ითვალისწინებს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი და/ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ფორმალურად არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები.

1.5. მხარის გამოუცხადებლობის მოტივით მიღებული განჩინების გაუქმების საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის). განსახილველ შემთხვევაში, მხარე განჩინების გაუქმებას, სწორედ 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვს (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით), კერძოდ, უთითებს, რომ მისთვის ჩაბარებული უწყების მიხედვით, სხდომა იწყებოდა 14:00 საათზე (სსსკ-ის 72.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ). ამ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2. პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტის მტკიცება ეკისრებოდა კერძო საჩივრის ავტორს, მას კი, გარდა განმარტებისა, განკუთვნადი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა მხარეს ჰქონდა, რამდენადაც სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის შესაბამისად, გაუგზავნა უწყება მხარეს, შესაბამისად, მას შეეძლო, საკასაციო სასამართლოსათვის წარედგინა ჩაბარებული დოკუმენტი. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში პალატა უარყოფს მხარის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მან ბრალეულად დაარღვია საკუთარი საპროცესო მოვალეობები.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი