Facebook Twitter

საქმე №ას-586-2019 16 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ბ.გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არარსებობის დადგენა, თანხის დაბრუნება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „კ.ბ.გ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, დადგინდეს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2018 წლის 19 დეკემბრის №12-01183532713 და 2018 წლის 27 დეკემბრის №12-0118361670 წერილებით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არარსებობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაკავებული პირგასამტეხლოს – 923.74 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2018 წლის 10 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მან განახორციელა ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

3. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 19 დეკემბრის №12-01183532713 და 2018 წლის 27 დეკემბრის №12-0118361670 წერილებით მოსარჩელეს ეცნობა შემსყიდველის მიერ სულ 1 847.48 ლარით დაჯარიმების შესახებ.

4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ მისი დაჯარიმება მოხდა უსაფუძვლოდ.

5. ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2018 წლის 17 დეკემბრის და 2018 წლის 24 დეკემბრის შეუსაბამობის აქტების თანახმად დადგინდა, რომ ასფალტის სისქის დადგენისას გამოვლინდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი – გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის სისქე არ შეესაბამებოდა პროექტის მოთხოვნას. შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით, დამკვეთმა განსაზღვრა დამატებითი ვადა.

6. მოსარჩელემ საკუთარი ხარჯით აღმოფხვრა ხარვეზი, რაც დასტურდება ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის აქტით, ერთ შემთხვევაში, – 2018 წლის 20 ნოემბერს, ხოლო მეორე შემთხვევაში, – 2018 წლის 15 დეკემბერს.

7. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, თუ შესრულებული სამუშაო არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი აცნობებს მიმწოდებელს შემოწმების შედეგად დაწუნებული სამუშაოს მოცულობას და წუნდების მიზეზებს, ხოლო მიმწოდებელს, 9.5 პუნქტის საფუძველზე, დაეკისრება პირგასამტეხლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა დამატებით ვადაში. ამგვარი ფაქტი განსახილველ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

8. 2018 წლის 17 დეკემბრისა და 2018 წლის 24 დეკემბრის შეუსაბამობის აქტებით ცალსახად დასტურდება, რომ მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით ხარვეზი აღმოფხვრა.

9. მოსარჩელის მოსაზრებით, უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგოა მოპასუხის მიერ ერთდროულად ნაკლის გამოსწორებისა და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ მოთხოვნა. მოპასუხის წერილით დასტურდება, რომ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება განხორციელდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის (ხელშეკრულების 9.4 პუნქტის საფუძველზე) და არა შესრულების ვადის გადაცილებისათვის (ხელშეკრულების 9.5 პუნქტის საფუძველზე).

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელისათვის სადავო პირგასამტეხლოს გადახდევინება.

11. მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 7 ნოემბრის №14-01183111720 წერილით მოსარჩელეს დაევალა თბილისში, კონკრეტულ მისამართებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. ამავე წერილით აღნიშნული დავალების შესასრულებლად მიმწოდებელს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით.

12. 2018 წლის 24 დეკემბრის №0.18.164 შეუსაბამობის აქტით დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ სამუშაოების ნაწილი შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ, საკონტროლო კერნი №83-84-85-86-87-88-89, ნაცვლად საპროექტო 50 მმ-სა, შეადგენდა 39-39-35-30-34-22-35 მმ-ს. ამავე შეუსაბამობის აქტის თანახმად, შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით, კონტრაქტორმა კომპანიამ საკუთარი ხარჯით უზრუნველყო 289 კვ.მ-ზე არსებულ შეუსაბამო ფენილზე ხელახალი 30მმ-იანი ა/ბ ფენილის მოწყობა, რომლის შემდგომ შეუსაბამობა გამოსწორდა.

13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 26 დეკემბრის №14-011360991 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ კი სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რაც დასტურდებოდა ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2018 წლის 24 დეკემბრის №0.18.164 შეუსაბამობის აქტით.

14. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №12-0118361670 წერილის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 9.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის შემსრულებელს ეცნობა, რომ ეკისრება ჯარიმა, რომელიც მას არ გადაუხდია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, დადგინდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2018 წლის 19 დეკემბრის №12-01183532713 და 2018 წლის 27 დეკემბრის №12-0118361670 წერილებით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არარსებობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკავებული პირგასამტეხლოს – 923.74 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ითხოვდა 1847.48 ლარის ოდენობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არარსებობის დადგენას და მოპასუხისათვის მის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს – 923.74 ლარის დაკისრებას. სარჩელის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ განახორციელა ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის წერილით მოსარჩელეს ეცნობა შემსყიდველის მიერ სულ 1847.48 ლარით დაჯარიმების შესახებ. მოპასუხემ მოსარჩელეს ასანაზღაურებელი თანხიდან დაუკავა 923.74 ლარი. მოსარჩელემ მოითხოვა სწორედ აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

18. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შეგებებული სარჩელით ითხოვდა პირგასამტეხლოს დარჩენილი ნაწილის – 923.74 (1847.48/2) ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

19. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა დარიცხული პირგასამტეხლოს 1847.48 ლარის გადახდის ვალდებულების არარსებობა და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკავებული პირგასამტეხლოს – 923.74 ლარის ანაზღაურება. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

20. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 1847.48 ლარი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

22. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-10 და 244-ე მუხლების მოთხოვნებს. როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით იგი დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.

25. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

26. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

27. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

28. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

29. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობს ფულადი ვალდებულების შესრულების ირგვლივ, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენს პირგასამტეხლოს სახით 923,74 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება, ხოლო შეგებებული სარჩელით მოპასუხე ითხოვს აღნიშნული ოდენობით ფულად ანაზღაურებას.

30. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, დადგინდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2018 წლის 19 დეკემბრის №12-01183532713 და 2018 წლის 27 დეკემბრის №12-0118361670 წერილებით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არარსებობა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დაკავებული პირგასამტეხლოს – 923.74 ლარის ანაზღაურება.

31. აღნიშნული გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი 923.74 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დავის საგანის ღირებულება მოცემულ დავაში 923.74 ლარით სწორად განსაზღვრა. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო არგუმენტზე ვერც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე