საქმე №ას-1758-2019 9 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ.ქ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.ქ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხეები, მეორე მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 20 538 ლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს „ს–ი“ აუქციონზე ყიდდა კუთვნილ უძრავ ქონებას (ს/კ #....., შემდგომში _ უძრავი ქონება), რის შესახებაც ცნობილი გახდა მოსარჩელისთვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო გამყიდველი. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 2010 წლის 27 გამართულ აუქციონში და სააუქციონე კომისიამ იგი გამოაცხადა გამარჯვებულად. დადგინდა, რომ 20 528 ლარად მოსარჩელეს მიეყიდა გურჯაანის რაიონის სოფელ ...... მდებარე 1 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 558.57 კვ.მ #1 შენობა-ნაგებობა. კრედიტორმა გადაიხადა ქონების ნასყიდობის საფასური, რის თაობაზეც 2010 წლის 27 მაისს გაიცა #8 სასაქონლო ზედნადები. უძრავი ქონების შეძენისთანავე მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთრების აღრიცხვა საჯარო რეესტრში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სს „ს–ის“ კაპიტალში არსებული ქონება სახელმწიფოს მიერ იყო დაყადაღებული, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერში არ ფიქსირდებოდა. არაერთი პროცედურების განხორციელების შემდეგ უძრავ ქონებას მოეხსნა ყადაღა, რის შემდეგაც, 2016 წლის 25 აგვისტოს, მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის, თუმცა, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან უძრავი ქონება სახელმწიფოს სახელზე იყო რეგისტრირებული. გარდა ამისა, ქონების აუქციონზე შეძენის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს მოსთხოვა სათანადო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. 2010 წლიდან დაიწყო სს „ს–ის“ ლიკვიდაციის პროცესი და იგი ამჟამად ლიკვიდირებულია. წლების განმავლობაში მოსარჩელე მიმართავდა მოპასუხეს და ატყობინებდა უფლებების დარღვევის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. სარჩელის აღძვრის შემდგომ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა ისიც, რომ მოპასუხემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის #7/73298 წერილით მიმართა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 21 ივლისის #1/1-1657 ბრძანების საფუძველზე, მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებად დაერეგისტრირებინა მოსარჩელის მიერ შეძენილი უძრავი ქონება. მოპასუხეს ეკისრება მის მიერ უძრავი ქონების შესაძენად სააუქციონე განკარგულებით განსაზღვრული გადახდილი თანხის ანაზღაურება სრულად, ვინაიდან კრედიტორი მოკლებულია შესაძლებლობას, დარეგისტრირდეს შეძენილი ქონების მესაკუთრედ და ამჟამად ამ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სს „ს–ის“ ქონების მიღებით სახელმწიფოს არ გადასცემია შესაბამისი ვალდებულება. მოსარჩელე თავადვე უთითებს, რომ იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა სს „ს–თან“ და სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას მოპასუხისათვის. მხარეები ერთმანეთთან არ ყოფილან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შეუძლებელია მათ შორის რაიმე კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობაზე საუბარი. კერძო სამართლის სუბიექტის უფლებამონაცვლედ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სხვა სუბიექტი, თუკი ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის დოკუმენტაციაში (შერწყმის, გარდაქმნის, გამოყოფის თუ დაყოფის შედეგად). სს „ს–ი“ ლიკვიდირებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე უფლებამონაცვლის გარეშე, შესაბამისად, მოპასუხე ვერ იქნება სააქციო საზოგადოების რაიმე ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირი. მოსარჩელემ მხოლოდ 2016 წელს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუქციონზე ქონების შეძენას შორის კავშირი არ დგინდება;
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მეორე მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 20 538 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სადავო უძრავი ქონება 02.10.2009 წლიდან რეგისტრირებული იყო სს „ს–ის“ საკუთრებად;
1.2.2. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 17 ივნისის ბრძანებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონული ცენტრის 2009 წლის 23 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული სს „ს–ის“ სალიკვიდაციო კომისიის მიერ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2008 წლის 20 მარტის #1-3/141 ბრძანებით შექმნილი სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერის, განკარგვისა და გადაცემის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემისა და ამ საწარმოთა ლიკვიდაციის საკითხების, მათ შორის, ლიკვიდაციის პროცესების მიმდინარეობის განმხილველი კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად სს „ს–ის“ ბალანსზე არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციის მიზნით გამართული აუქციონის ოქმით დადგინდა გურჯაანის რაიონის სოფელ ...... მდებარე არასასოფლო სამურნეო დანიშნულების 1400 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 558.57 კვ.მ #1 შენობა-ნაგებობის 20 538 ლარად მოსარჩელის სასარგებლოდ აუქციონის წესით გასხვისება;
1.2.3. მოსარჩელის მიერ გადახდილია სააუქციონე კომისიის მიერ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი უძრავი ნივთის ღირებულება _ 20 538 ლარი;
1.2.4. მოსარჩელის მიერ სს „ს–ის“ სასარგებლოდ გადახდილი 20 538 ლარი ამ უკანასკნელმა გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში;
1.2.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 21 ივლისის #1/1-1657 ბრძანებით სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით სს „ს–ის“ კაპიტალიდან ამოღებულ იქნა მოსარჩელის მიერ შეძენილი უძრავი ნივთი, რომელიც ამჟამად რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს #1/1-1657 ბრძანება (დამოწმების თარიღი: 21.07.2014წ., სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო);
1.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით სს „ს–ის“ მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება. სს „ს–ი“ გამოცხადდა გაკოტრებულად და დადგინდა რეგისტრაციის გაუქმება. ხსენებული განჩინების საფუძველზე, 2016 წლის 13 ივლისს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდა სს „ს–ის“ რეგისტრაცია. ეს უკანასკნელი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს წარმოადგენდა;
1.2.7. სს „ს–ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 6 ნოემბრის წერილის თანახმად, ამ უკანასკნელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა და აცნობა რა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით სამი ერთეული უძრავი ნივთის რეალიზაციისა და მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის, ასევე, შემძენთა სახელზე მათი რეგისტრაციის მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ნივთებზე ყადაღის გაუქმების შესახებ, სააღსრულებო ბიუროს აუქციონზე განკარგულ უძრავ ნივთებზე, მათ შორის მოსარჩელის სასარგებლოდ აუქციონის წესით განკარგულ ნივთზე, სააღსრულებო ბიუროს მიერ რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება მოსთხოვა. გარდა იმისა, რომ აუქციონში გამარჯვებისა და ნივთის ღირებულების გადახდის ეტაპზე, სააღსრულებო ბიუროს მიერ ნივთზე სახელმწიფოს სასარგებლოდ რეგისტრირებული ყადაღის გამო კრედიტორს საკუთრების უფლება არ გადასცემია, ამ უკანასკნელს უარი ეთქვა ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრში 2016 წლის 25 აგვისტოს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზეც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ის სადავოდ ხდიდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის 30.08.2016 წლის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრების უფლება, შესაბამისად, უძრავი ნივთის მესაკუთრეს სწორედ სახელმწიფო წარმოადგენს და ქონების განკარგვის უფლებამოსილებაც სწორედ სახელმწიფოს გააჩნია. ქონების აუქციონზე განკარგვის ფაქტის თაობაზე მოპასუხის უფლებამოსილი პირების ინფორმირების ფაქტი დგინდება, ასევე, სს „ს–ის“ გაკოტრების მმართველის 2010 წლის 6 ოქტომბრის წერილიდანაც, რომლითაც ამ უკანასკნელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა და აცნობა რა ფინანსთა სამინისტროს თანხმობით საწარმოს ბალანსზე არსებული სამი ერთეული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, ამ ნივთების შემძენთათვის გადაცემის მიზნით ნივთებზე სააღსრულებო ბიუროს მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება მოითხოვა;
1.2.8. 2014 წლის 21 ივლისის ბრძანებით მოპასუხემ სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, სს „ს–ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო საწარმოს მიერ 2010 წელს მისი ლიკვიდაციის საქმისწარმოების რეჟიმში აუქციონზე 20 538 ლარად გასხვისებული ქონება, რითაც საფუძველი გამოაცალა ქონების ღირებულების გადახდის პირობებში გამყიდველის (სს „ს–ი“) მიერ შემძენისთვის (მოსარჩელე) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას, ამ უკანასკნელის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგად კი, თავად მიიღო საკუთრებაში 20 538 ლარის ღირებულების ქონება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და სარჩელის ფაბულის, ასევე, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ აშკარაა კანონისმიერი, კერძოდ, კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნა. ამ მხრივ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად მოიძიეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მოპასუხის მიერ მოსარჩელის თანხმობის გარეშე, განკარგვის გზით მისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტი. საკასაციო პალატა, დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქვე განმარტავს, რომ უძრავი ქონების შეძენისას, სანივთო უფლების წარმოშობისათვის საკმარისია, გარიგების მხარეებმა დაიცვან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნა წერილობითი გარიგების დადების თაობაზე, რაც შეეხება უფლების რეგისტრაციას, იგი მესამე პირთან მიმართებაში მოქმედებს და არ წარმოადგენს გარიგების ფორმას, ამდენად, აუქციონში გამარჯვება და საზღაურის გადახდა, რის საფუძველზეც მოსარჩელე წერილობითი დოკუმენტით გამოცხადდა მესაკუთრედ, სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მიზნებისათვის საკმარისი წინაპირობაა მის მესაკუთრედ მიჩნევისათვის. გარდა ამისა, ვინაიდან დადგენილია გამდიდრების ოდენობა, რომელსაც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზიანად მოხსენიებს, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სააგენტოსათვის 20 538 ლარის დაკისრების თაობაზე განხორციელებადია. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხელყოფის კონდიქციის თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. კასატორის მოწინააღმდეგე მხარე საკასაციო პასუხით მოითხოვს საადვოკატო ხარჯის დაბრუნებას. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებულისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება დასაშვებია, თუმცა მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში (სადაც მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით), თუკი ამგვარი შუამდგომლობა არ იქნება წარდგენილი, მიიჩნევა, რომ მხრეს არ სურს ამ თანხის მოწინააღმდეგისათვის დაკისრება, სხვა ინსტანციის სასამართლოში აღძრული შუამდგომლობა კი, განიხილება დაგვიანებულად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო წარმოებისას იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის ფაქტი მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუდასტურებია, რაც შეეხება სხვა ინსტანციის სასამართლოებს, მათზე, როგორც უკვე ითქვა, პალატა ვერ იმსჯელებს, რაც მოთხოვნის უარყოფის საფუძველია;
2.2. რაც შეეხება კასატორის მიერ გაღებულ პროცესის ხარჯს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 10.01.2020წ. #00047 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 026,90 ლარის 70% _ 718,83 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (ს/კ #.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 10.01.2020წ. #00047 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 026,90 ლარის 70% _ 718,83 ლარი.
3. მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი