საქმე №ას-1739-2019 30 მარტი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ.შ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.რ.ე–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები _ შ. და ნ. ტ–ები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი განაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „მ.ო.რ.ე–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.შ–ას, შ. და ნ. ტ–ების (შემდგომში _ პირველი, მერე და მესამე მოპასუხე ან მფლობელები, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ..... მდებარე #23 ბინის (ს/კ #......, შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 18 აპრილს გამართულ აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რომელიც დაიკავეს და სარგებლობენ მოპასუხეები. მოპასუხეებს არ გააჩნიათ ქონების ფლობის უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია:
პირველმა მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შესაგებელი წარადგინა, მიუთითა მხოლოდ ის, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელში მითითებულ ფაქტებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება;
3.2. ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი არ დამაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა;
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი განაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. სააპელაციო საჩივრის უარყოფის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სარჩელისა და თანდართული მასალების მეორე და მესამე მოპასუხისათვის ჩაბარება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ისინი მოსარჩელისათვის ცნობილ მისამართზე არ ცხოვრობდნენ. სასამართლომ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაძლებლობანი (სცადა შეტყობინების გადაცემა პოლიციის მეშვეობით; გამოითხოვა ინფორმაცია მათი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და გაირკვა, რომ მოპასუხეები მართლაც რეგისტრირებული იყვნენ იმ მისამართზე, სადაც ეგზავნებოდათ შეტყობინება. საბოლოოდ, როგორც საქმის მასალები, ისე _ სასამართლო სხდომის თარიღი მათ ეცნობათ შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით);
1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომა გადაიდო ამავე წლის 8 თებერვალს, 11:00 საათზე, სხდომის თარიღის შესახებ ხელწერილი ჩამოერთვა პირველი მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს (რწ. იხ. საქმის მასალებში), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხოლო, გამოუცხადებელ თანამოპასუხეებს ეცნობათ ამავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით;
1.2.3. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ მოპასუხეები, ხოლო, მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;
1.2.4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მხოლოდ პირველმა მოპასუხემ. საჩივრის თანახმად, მისი ავტორი არ იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე დადგენილი წესით, რის გამოც აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში, თუმცა, რაში გამოიხატა მხარის მიწვევის საპროცესო წესის დარღვევა, არ არის გადმოცემული.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ძირითად პრეტენზიას, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი განჩინების დასაბუთებულობას შეეხება, ვინაიდან მხარეს არ მიუთითებია კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამართლებს მის საკასაციო პრეტენზიას და არ მიუთითებია საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ხსენებულ ფაქტებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახამად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო მიწვეული, არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულის შედეგად, მტკიცებულებათა კვლევის გარეშე, დადასტურებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სასამართლო პრაქტიკის თანახმად, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, მათ შორისაა რეგისტრაციაუნარიან ნივთებზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის არსებობის აუცილებლობა, რათა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, არ დაირღვეს მართლწესრიგი, ხსენებული გარემოება, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია). იმის მიხედვით, თუკი სარჩელში გადმოცემულია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ყველა ელემენტი (მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები წარმოადგენს), იგი ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით გამართულია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის წინაპირობები დადასტურებულია (იხ, აღწერილობითი ნაწილის პ.პ. 1.2; ასევე, სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.-.1.2.3.), რის გამოც, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნა განხორციელებადია. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები), ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 215.3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არათუ ამტკიცებს, არამედ, ფორმალურადაც კი ვერ მიუთითებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არსებობაზე, რის გამოც, პალატა ასკვნის, რომ მფლობელი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და უძრავი ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2020 წლის 14 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მფლობელმა და ინფორმაციის მიზნით წარმოადგინა მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი საქმისათვის დართვისა და გამოკვლევის წინაპირობები. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში მტკიცებულებათა წარმოდგენა ეწინააღმდეგება კანონის ნებას. შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები, საკასაციო წარმოებისას შემოიფარგლება ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან საქმეში უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სისწორითა და გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში გადმოცემული მოსაზრებებით. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ კასატორს უარი უნდა ეთქვას დოკუმენტის მიღებაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაუბრუნდეს ისინი.
3. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს კ.ქ–ას მიერ კასატორის სახელით 13.01.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.შ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 14.01.2020წ. წარმოდგენილ #ა-118-20 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 18 (თვრამეტი) ფურცლად.
3. კ.შ–ას (პ#01001023211) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კ.ქ–ას მიერ კასატორის სახელით 13.01.2020წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი