Facebook Twitter

საქმე №ას-1721-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ.ც–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.კ–ი“ (მოპასუხე)

მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ ნ.ც–ძე, ი.დ–ი, ბ.რ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის გამოსწორებისათვის დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შ.ც–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.კ–ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) და მესამე პირების: ნ.ც–ძის, ი.დ–ისა და ბ.რ–ის (შემდგომში _ მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შესრულების გზით ვალდებულება არ შეწყვეტილა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილ იქნა;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით კი, მოვალის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ძირითადად შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება: ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მხარეს ან მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია. სასამართლოს დასკვნით, იგი აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელ ქ.მ–ს, თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარებად, რადგანაც ქ.მ–ი არ არის აპელანტის წარმომადგენლის იურიდიული ბიუროს იურისტი და მას არც კი იცნობს კერძო საჩივრის ავტორი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ც–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. წინამდებარე განჩინებით საკასაციო სასამართლო შეაფასებს არსებობდა თუ არა ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ითვალისწინებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და 14-დღიანი ვადის დაცვით აპელანტს დაევალა წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინების სამოტივაციო ნაწილის გაცნობით ირკვევა, რომ სასამართლომ, შესრულებული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებით და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსაზღვრა 5 000 ლარით, ხოლო, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობად მითითებულია 150 ლარი;

1.2.2. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა მიმართა სასამართლოს, წარადგინა განახლებული მინდობილობა და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ხარვეზი მიიჩნია გამოსწორებულად და საჩივარი მიიღო განსახილველად;

1.2.3. 2019 წლის 8 მაისის სხდომაზე სასამართლომ გამოარკვია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში უსწორობის დაშვების ფაქტი და საოქმო განჩინებით გაასწორა დაშვებული უსწორობა, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ბაჟის ოდენობა _ 150 ლარი შეცვალა 5 000 ლარით, ამასთან, ხარვეზის გამოსწორების ვადა აპელანტს განუსაზღვრა 14 დღით;

1.2.4. 2019 წლის 2 ივნისის განჩინებით სასამართლომ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 4 850 ლარის გადახდის ქვითრის წარსადგენად მხარეს მისცა დამეტებითი 10-დღიანი ვადა. ხსენებული განჩინება ფოსტით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილზე აღნიშნულია ადრესატის მობილური ტელეფონის ნომერიც. საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, მითითებულ მისამართზე 2019 წლის 16 ივლისს გზავნილი ჩაიბარა იურიდიული ბიუროს იურისტმა, ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქ.მ–მა;

1.2.5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მას ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება არ ჩაბარებია. როგორც უკვე ითქვა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.4.), 2019 წლის 2 ივნისის განჩინება გაიგზავნა სააპელაციო საჩვარში მითითებულ აპელანტის წარმომადგენლის მისამართზე და მისი სახელით ჩაიბარა ქ.მ–მა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო შეტყობინების გაგზავნა-ჩაბარების წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. 70-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. რაც შეეხება გაგზავნის წესსა და საშუალებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

1.4. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტი ინფორმირებული იყო ჯეროვნად, რამდენადაც მისამართის მითითებისას მხარე თავად ხდება იმ რისკზე პასუხისმგებელი, რომ ამ მისამართზე ჩაბარებული კორესპონდენცია შეიძლება არ გადაეცეს, უდრო მეტიც, ზემოხსენებული ნორმების დანაწესები სასამართლოს აძლევს იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ (მით უფრო საადვოკატო ბიუროს შემთხვევაში) მისამართზე მყოფი ადრესატი შეტყობინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირია. საწინააღმდეგოს მტკიცება, პრეზუმფციის გაქარწყლება კი, ეკისრება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს იგი. ამ მხრივ კერო საჩივარს არ ერთვის არავითარი მტკიცებულებები (მაგ: ბიუროს თანამშრომელთა სია, კორესპონდენციის ჩამბარებლის ახსნა-განმარტება და სხვა), რომელთა ანალიზი გაამყარებდა საჩივარში მითითებულ სადავო ფაქტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ გააქარწყლა შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების პრეზუმფცია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 17 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამოიწურა 2019 წლის 26 ივლისს. მხარეს ამ ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. პალატა ხსენებულთან დაკავშირებით აღნიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედების შესრულება მხარის დისპოზიციური ნებაა, თუმცა, იგი ამავდროულად ხდება შესაბამისი შედეგების რისკის მატარებელი. კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხი ეხება რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგებს, ამ შედეგების მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილია, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

1.5. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული დასაბუთებული შედავება, რაც მისი მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი