საქმე №ას-1603-2019 31 იანვარი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ მ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე–ი“
გასაჩივრებული განჩინება _თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „მ.ე.კ–მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მ.კ–ძის მიმართ და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარისათვის კუთვნილი, ქ.ბორჯომში, ...... ქ#18-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისების ან/და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, მ.კ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ.ბორჯომში, ...... ქ#18-ში მდებარე ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა მ.კ–ძემ და მოითხოვა 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინების გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 აგვისტოს განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების/შეცვლის წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობები. ამ თვალსაზრისით პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს განცხადების დასაშვებობის საკითხზე, რამდენადაც საარბიტრაჟო განხილვა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას არ წარმოადგენს, არამედ, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა და ამ საარბიტრაჟო საქმის განხილვაში სასამართლოს ჩარევის მინიმალურ სტანდარტს ადგენს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2. მუხლი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს. ამდენად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია რა სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 35613.3 მუხლი), 35618.2 მუხლის თანახმად, საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფისათვის კანონმდებელი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის დადგენილი სტანდარტით სარგებლობის აუცილებლობას.
3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს ასევე უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბები და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის.
4. მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის შესახებ განცხადება ემყარება იმას, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელმა მოწინააღმდეგე მხარეს ასესხა 5 450 ლარი წლიური 62,5032%-ის დარიცხვის პირობით. სესხი უზრუნველყოფილ იქნა გირავნობით, თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, მსესხებელი პასუხს აგებდა სხვა ნებისმიერი ქონებით. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება, რის გამოც, სარეალიზაციოდ მიექცა გირავნობის საგანი, რომელიც 2 540 ლარად გაიყიდა და დაიფარა ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლო, ასევე, სარგებელი და დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 7 678,21 ლარი, რომელსაც ერიცხება სარგებელი. ხსენებული დავალიანების დაფარვის მიზნით კი, განმცხადებლის საარბიტრაჟო სარჩელი მიღებულია განსახილველად. განმცხადებლის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, რაც წარმოუშობს ვარაუდს, რომ სააღსრულებო ფურცლის აღებამდე მოვალე გაასხვისებს ქონებას და აღარ იარსებებს საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოხმობილი გარემოებები აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრულ სტანდარტს, რის შედეგადაც იკვეთება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, ამასთანავე, როგორც მოთხოვნა, ისე _ გამოყენებული ზომა ადეკვატურია (სსსკ-ის 198.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), ის დასაცავ სიკეთესთან შედარებით გადაჭარბებულად არ ზღუდავს მესაკუთრის ინტერესებს.
6. რაც შეეხება საჩივრის პრეტენზიებს, იგი ძირითადად შემდეგია: გირავნობის საგნის კრედიტორისათვის გადაცემით ფულადი ვალდებულება შეწყდა, რაც სარჩელის საფუძვლიანობას გამორიცხავს, ამასთანავე, საჩივრის ავტორს გააჩნია სხვა ვალდებულებები, ქონებას ადევს ყადაღა და მესაკუთრეს ესაჭიროება იგი იპოთეკური სესხის ასაღებად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შეფასებას არ აძლევს სარჩელის წარმატებულობას, არამედ, ფორმალური თვალსაზრისით აფასებს მის პერსპექტიულობას საჩივარში გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით. ამ მხრივ კი, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის განმარტებით, გირავნობის საგნის რეალიზაციით დავალიანება სრულად არ დაფარულა, რაც საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველია, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხაზისა და გირავნობის გენერალური ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით ირკვევა, რომ მხარეები სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, მისი ოდენობის მიუხედავად ვალდებულების შეწყვეტაზე კი არა, არამედ, მოვალის სხვა ქონებით პასუხისმგებლობაზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მეორე პრეტენზიას, ახალი სასესხო ვალდებულების ასაღებად ქონების საჭიროების თაობაზე, აღნიშნული ვერ გახდება საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, რადგანაც სწორედ ამგვარი დატვირთვების გზით ქონების ღირებულების შემცირების პრევენციის/მისი შენარჩუნების მიზანს ემსახურება საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება.
7. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.კ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 აგვისტოსა და 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი