Facebook Twitter

საქმე №ას-1594-2019 30 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდროზე უფლებადაკარგულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ბ.ბ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ბ–ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა გარდაცვლილი მამის _ გ.ბ–ის სამკვიდროზე მოპასუხე ცნობილ იქნეს უფლებადაკარგულად და მოსარჩელეს მიეკუთვნოს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა, მოსარჩელე ცნობილ იქნეს მათი მამის, მამკვიდრებლის დანაშთი ქონების ½-ის მესაკუთრედ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებელ გ.ბ–ის დანაშთი ქონების ½-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტის მონაცემები, რადგანაც მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას კანონით დადგენილ ვადაში ჩააბარა, ხოლო, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ბ–ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვის საკითხის შესაფასებლად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე:

1.2.1. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2019 წლის 8 მაისს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ინფორმირებული იყვნენ მხარეები;

1.2.2. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2019 წლის 28 მაისი, ხოლო 30-ე დღე _ 7 ივნისი;

1.2.3. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, მოსარჩელემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 6 ივნისს და იმავე დღეს ჩაბარდა გადაწყვეტილება, თუმცა, ვინაიდან საპროცესო მოქმედება განხორციელდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს _ 2019 წლის 7 ივნისს და ამოიწურა 20 ივნისს;

1.2.4. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა წარადგინა თუ არა აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადიაში რამდენადაც, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იგი ფოსტას ჩაბარდა 2019 წლის 25 ივნისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დარღვევით.

1.3. მოხმობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ [დიდი პალატა] 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

1.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომლის თანახმადაც მხარემ საჩივარი წარადგინა 2019 წლის 25 ივნისს. პალატის ხსენებული დასკვნა არ ემყარება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო დოკუმენტის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლის შედეგებს. საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტის მონაცემებით ირკვევა, რომ აპელანტმა საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2019 წლის 20 ივნისს (იხ. „გაგზავნის თარიღი“), ხოლო კორესპონდენცია ფოსტამ ადრესატს _ მცხეთის რაიონულ სასამართლოს ჩააბარა 2019 წლის 25 ივნისს (იხ. „გზავნილი ჩაბარდა“).

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ვინაიდან დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმის (სსსკ-ის 105-ე მუხლი) იმგვარი დარღვევა, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა, პალატა აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.ბ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი